რუსთავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალთან მდებარე სოფელ კრწანისში უხვი ნალექის მოსვლის შედეგად დატბორილი სახლების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ ჟურნალისტებთან დატბორვის მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია და ავტომაგისტრალის სანიაღვრე სისტემა სრულიად გამართულად მუშაობს.
„სამუშაოები შესრულებული იყო სწორად. შედეგი გამოიწვია უხვმა ნალექმა. ჩვენს მიერ აშენებულმა ნაგებობებმა წყლის გატარება კი შეძლო, მაგრამ ჩვენ ვიმყოფებით ყველაზე დაბალ წერტილში და იმდენად უხვი ნალექი იყო, რომ წყლის გატარების და ნალექის რაოდენობა ერთმანეთს არ დაემთხვა. არხებმაც იმუშავა და გზაგამტარმაც იმუშავა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სავალალო მდგომარეობა მივიღეთ“, განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ, დავით ტაბატაძემ.
აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარი ერთ-ერთმა დაზარალებულმაც გააკეთა.
სვეტა ცაცუა ამტკიცებს, რომ მოსახლეობას მინდვრები და საცხოვრებელი სახლები ავტომაგისტრალის არასწორი დაგეგმარების გამო დაეტბორა.
„აქ ჩვიდმეტი წელია ვცხოვრობთ და ძალიან ბევრი ნალექიც ყოფილა, მაგრამ ასეთი დატბორვა არასდროს მომხდარა. წყალი არ ჩერდება აქ საერთოდ. აქ ეს ავტობანი გაიყვანეს და არასწორი დაგეგმარების გამო წყალს სწორი მიმართულება არ აქვს. გადმოვიდა მინდვრებში და შემოვიდა სახლებში. სადღაც დაგროვილი მასა წამოვიდა. არანაირი ნალექის შედეგი არ არის ეს“, განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, სვეტა ცაცუამ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა განმარტა, რომ დაზარალებულები რუსთავის ერთ-ერთ სასტუმროში არიან გადაყვანილნი.
მანვე დაამატა, რომ დაზარალებულებს მუნიციპალიტეტის მერია საცხოვრებელ პირობებს მალე შეუქმნის.
„ის პიროვნებები, რომლებიც გამოყვანილნი იყვნენ აღნიშნული ტერიტორიიდან, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, სამი ქალბატონი და ერთი ოჯახის წევრი, გადაყვანილნი და დაბინავებულები არიან რუსთავის სასტუმროში მშვიდობიანად. დაზარალებულებს მუნიციპალიტეტის მერია საცხოვრებელ პირობებს მალე შეუქმნის“, განაცხადა გარდაბნის მერმა.
სტიქიამ ქალაქი რუსთავიც დააზარალა. ამასთან დაკავშირებით რუსთავის მერმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ავტობანის მშენებლობა გრძელდება და ამგვარი ინციდენტების პრევენციისთვის სანიაღვრე სისტემაც აშენდება.
„ის პრობლემა, რაც ქალაქს რამდენიმე თვის წინ შეექმნა, დღეს არ შექმნია. თუმცაღა, სამუშაოები გრძელდება და ჩვენ ვიცით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც ავტობანის მშენებლობა გაგრძელდება, მოხდება იმ სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რომელიც სრული პრევენციული ზომა იქნება იმისა, რომ ქალაქი ასეთი საშიშროების წინაშე აღარ დადგეს“, განაცხადა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.