საბერძნეთის მთავრობის განცხადებით, ათენის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლს ასობით მეხანძრე ებრძვის. ქვეყანა საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.
ათენში მცხოვრები ხალხი იძულებული გახდა მიეტოვებინა საცხოვრებელი სახლები.
ქარის სიჩქარემ 80 კმ/სთ-ს მიაღწია და სახანძრო სამსახურებმა წყლის მზიდი თვითმფრინავების მთლიანი ფლოტი გაგზავნეს, რათა მოსახლეობას ევაკუაციისთვის მეტი დრო ჰქონოდათ. სამხედრო დრონები ძლიერი ქარის პირობებში ჰაერში დარჩნენ, რათა 600 მეხანძრისთვის მითითებები მიეცათ.
„ჩვენ არ გაგვიმართლა. ძლიერი ქარი ამოვარდა და ხანძარმა სანაპირო არე მთლიანად მოიცვა“, განაცხადა ევანგელოს ბურნოუსმა, ქალაქ რაფინას მერმა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ხანძრის გასაკონტროლებლად“, აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, ალექსის ციპრასმა.
დღეს დილით, მთავრობის სპიკერმა, დიმიტრის ტცანაკოპულოსმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილთა რიცხვმა ოცს მიაღწია, მათ შორის 16 ბავშვია.
მსხვერპლთა უმეტესობა მატის სანაპიროზე ჩარჩა, რომელიც ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა, და ხანძრიდან გამოსვლა ვერ მოახერხეს. ისინი ან საკუთარ სახლებში, ან ავტომანქანებში გარდაიცვალნენ.
104 ადამიანზე მეტია დაშავებული, მათ შორის 11 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მილტიადის ვირონასმა, სასწრაფო დახმარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოში 25 ადამიანი წაიყვანეს, მათ შორის 4 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.
ხანძრის კერასთან ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ ხანძარს ზღვაში გაქცეოდნენ.
„საბედნიეროდ, ზღვა ახლოს იყო და ჩვენც ზღვაში შევედით, რადგან ხანძარი დიდდებოდა და ზღვისკენ გვიბიძგებდა. ალმა ზურგი დაგვიწვა და ჩვენც წყალში გადავხტით... ჩემი სიტყვები იყო - ღმერთო ჩემო, თავს უნდა ვუშველოთ“, განაცხადა კოსტას ლაგანოსმა, მატის სანაპიროს ერთ-ერთმა მოსახლემ.
პრემიერ მინისტრის თქმით, „ყველა სასწრაფო-სამაშველო ქვედანაყოფი მობილიზებულია“ და ათენის ირგვლივ მდებარე ატიკას რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
მთავრობამ ევროპის სხვა ქვეყნებს დამატებითი ვერტმფრენებითა და მეხანძრეებით დახმარება სთხოვა.
ორშაბათ დილით, სანაპირო ზოლში მცხოვრებ ხალხს დაატოვებინეს სახლები, რადგან ხანძარი უკონტროლო გახდა. საზაფხულო ბანაკებიდან ასობით ბავშვი იქნა ევაკუირებული.
ექსტრემალური ამინდების გამო, ათეულობით ხანძარი დაფიქსირდა შვედეთშიც.
საბერძნეთს დახმარება იტალიამ, გერმანიამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა გაუწიეს და დამატებითი ტექნიკა და მეხანძრეები გააგზავნეს სტიქიის ზონაში.
მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, ამიტომაც მეხანძრეებს ცოტა დრო რჩებათ ხანძრის ლიკვიდირებისათვის.
ოთხშაბათს, სამხრეთ საბერძნეთში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.
საბერძნეთს ამგვარი ხანძარი 2007 წლის მერე არ ახსოვს. 11 წლის წინ პელოპონესის ნახევარკუნძულზე გაჩენილ ხანძარს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.