ცაგერის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება „სიტყვა და საქმის“ პრინციპით მუშაობს. როგორც უგრეხელიძე ამბობს, ხელისუფლებას მოსახლეობასთან, ნებისმიერ თემაზე მუდმივი კომუნიკაცია აქვს, შედეგად, ადგილობრივების ყველა საჭიროების შესახებ მათთვის ცნობილია, თავად ლეჩხუმელები კი, როგორც უგრეხელიძე აცხადებს, „ხედავენ“, რომ „მონდომებულები ვართ, გვინდა გაკეთება და ისინი ხელისშემშლელ პირობებსაც უყურებენ“.
ცაგერის მერმა GUARDIAN.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მუნიცპალიტეტში მცხოვრებლების უმთავრესი მოთხოვნა საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლის სისტემების მოწესრიგებაა.
„ძირითადი მოთხოვნა ეს არის ლეჩხუმელების და არ შემიძლია, რომ არ დავეთანხმო. ასეთ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და წყალი და მისასვლელი გზა რომ არ გაქვს, ძნელია“, აცხადებს უგრეხელიძე და განაგრძობს:

(ქალაქი ცაგერი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
„მთავარი პრობლემა, როგორც გითხარით, არის წყლის პრობლემა თითქმის ყველა სოფელში, არა იმიტომ, რომ არ კეთდებოდა, თითქმის ყველა სათავე-ნაგებობა არის ისეთ ადგილზე, რომ რთულია მუშაობა, ძირითადად მეწყერულ ზონაში. სათავე-ნაგებობები ხვდებოდა მეწყერში და თავიდან იყო აუცილებელი გარკვეული ტიპის სამუშაოების შესრულება, რაც რა თქმა უნდა, გარკეულ დროსა და ფულს მოითხოვს დამატებით. მეწყერის პრობლემაც აქვს ზოგადად ლეჩხუმს. თითქმის ყველა სოფელში არის მეწყერული მოვლენები და ზიანდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ეს პროცესები მიმდინარეობს და ბუნებრივია, ვერ გავაჩერებთ“, აღნიშნა მერმა, რომლის ინფორმაციითაც, ლეჩხუმელების პრობლემების მოსაგვარებლად, მიმდინარე წელს მსხვილი პროექტის განხორციელება დაიწყო, თუმცა, შემსრულებელი ფირმის არაკეთილსინდისიერების გამო, პროექტის მიმდინარეობა შეფერხდა. ავთანდილ უგრეხელიძე აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, პროექტი, რომელიც ადგილობრივებისთვის საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალგაყვანილობის ქსელის მოწესრიგებას გულისხმობს, მიმდინარე წელს მაინც დასრულდება.

(ქალაქი ცაგერი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
„1 400 000-ლარიანი ტენდერი გვქონდა, მოიგო ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელიც არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდა. 1 200 000 ლარში მოიგო დაახლოებით ეს ტენდერი და შესრულებული სამუშაოები კი, დაახლოებით, 100 000 ლარის ოდენობითაა. საქმეზე უკვე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტში შედიოდა მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში წყლის სისტემებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფლებში შიდა გზების, ნაპირსამაგრების, ცხაურების გაკეთებას გულისხმობს. სამწუხაროდ, შევფერხდით. იყო წლევანდელი პროექტი, მიმდინარეობდა, რაღაც სამუშაობი დაიწყეს და შემდეგ გაჩერდნენ. ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურები მიმდინარეობს და საქმეში სამართალდამცავები არიან აქტიურად ჩართულები. ეს პროექტი წელს დასრულდება. უკვე იმ მდგომარეობაშია დოკუმენტაცია, რომ ახალი ტენდერის გამოცხადებას შევძლებთ და იმედი გვაქვს, რომ სამუშაოების უკეთესად შემსრულებელი ფირმა შემოვა. დროის თვალსაზრისით, ამ პროექტის დასრულება მიმდინარე წლის განმავლობაში მოესწრება. მთავარია, კომპანიამ ძირითადი სამუშაოები მოასწროს, ზამთრის მოახლოებამდე დანარჩენი სამუშაოების შესრულებაც შესაძლებელი იქნება, ისეთი ტიპის სამუშაოებია.
ფირმების არაკეთილსინდისიერება, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობაში იწვევს უკმაყოფილებას მთავრობისადმი. ჩვენ ამ შემთხვევაში, მათ ვეუბნებით სიმართლეს, არ ვატყუებთ. ზოგადად, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, რაც უნდა მწარე იყოს სიმართლე, მაინც უნდა იცოდეს ეს სიმართლე მოსახლეობამ. მეც აქაური ვარ, აქ ვცხოვრობ და ყოველდღიური შეხება მაქვს მათთან არამარტო სამსახურებრივად, არამედ ისეც, როგორც აქ მცხოვრებს. ნებისმიერ თემაზე გვაქვს კომუნიკაცია ხალხთან, ეს იქნება საჭირბოროტო თემა თუ სხვა თემა, ხალხთან ერთად ვართ. ხალხი ხედავს, რომ მონდომებულები ვართ, გვინდა გაკეთება, ისინი ხელისშემშლელ პირობებსაც ხედავენ“, უთხრა ცაგერის მერმა GUARDIAN.GE-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.