ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხალხს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფლად თუ ქალაქად ეცხოვრებოდეს. ლიპარტელიანი ქვემო სვანეთში მცხოვრებლებს, რომელთა დაახლოებით, 40-60% სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელია, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდება და ამბობს, რომ მისი მერად ყოფნის პერიოდში, ხალხის კეთილდღეობისთვის და ცხოვრების დონის ასამაღლებლად ზრუნვა გაგრძელდება.

(დაბა ლენტეხი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
ლენტეხის მერმა GUARDIAN.GE-სთან საუბრისას მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების უმთავრეს პრობლემად გაზიფიცირების არარსებობა დაასახელა და გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს წლებში, პრობლემა მოგვარდება, რადგან მისი თქმით, „ბუნებრივი აირის შემოსვლა არის ჰაერივით საჭირო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის".
„უმთავრესი პრობლემა გაზიფიცირებაა. არც დაბაში და არც სოფლებში მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ აქვს. მთავრობის დონეზე მიმდინარეობს საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. აუცილებელია, ბუნებრივი აირი - იმის გარდა, რომ ეს მოსახლეობის საჭიროებაა, ხე-ტყესაც დავიცავთ. ძალიან ბევრი შეშა იხარჯება და ეს ეკოლოგიურად არ არის გამართლებული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი აირის შემოსვლა არის ჰაერივით საჭირო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის", განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა, რომელმაც გაზიფიცირებასთან ერთად, ადგილობრივების სხვა საჭიროებებსა და „საჭირბოროტო" საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.
(დაბა ლენტეხი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
„ჩემი მერის პოსტზე ყოფნის დარჩენილ სამ წელში გაგრძელდება მუშაობა - ლენტეხის კეთილმოწყობაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი ცხოვრების დონის ამაღლებაზე. გვაქვს ისეთი საჭირბოროტო საკითხები, რომლებიც მხოლოდ სვანეთს მიესადაგება, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეცხოვრებოდეს აქ ხალხს. საჭიროა, ხალხი უკან დაბრუნდეს. მინდა, რომ ამ ადამიანებმა ლენხეტის მუნიციპალიტეტში განაგრძონ ცხოვრება. იმისთვის, რომ მცხოვრებლების რაოდენობა გაიზარდოს, აუცილებელია, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. ჯერჯერობით ეს პრობლემად რჩება. არის გარკვეული პრობლემები, რაც ამ კუთხით მუშაობაში ხელს გვიშლის. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობის 40-60% სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელია. გართულებულია სოციალური პაკეტების მიღება. სახელმწიფო ცდილობს, დაალაგოს ეს საკითხები", ამბობს ლენტეხის მერი და დაბასა თუ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის, გარეგანათებების მოწყობისა და დასუფთავების საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ ლენტეხს ახალი, თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი საავადმყოფო აქვს, რომლის მთავარი ექიმიცა და ხელმძღვანელიც, მერად არჩევამდე, ბოლო 17 წლის განმავლობაში თავად იყო.

(ლენტეხის საავადმყოფო. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
„ძალიან კარგი საავადმყოფო გვაქვს. შარშან გაიხსნა განახლებული და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი შენობა. გვყავს ახალი სასწრაფო დახმარების მანქანაც მაღალიგამავლობის და ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.
რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, მუნიციპალიტეტის შიდა გზებს, მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. სტიქიების შემთხვევაში, გზები ზიანდება და თავიდან გვიწევს სამუშაოების შესრულება. ძალიან გვიჭირს თავად ტექნიკა, ხან ვქირაობთ, ხან რომელიმე ორგანიზაცია გვეხმარება. ზამთარში ცენტრალური გზა გზების დეპარტამენტის მიერ იწმინდება, შიდასასოფლო გზებზე კი, ადგილობრივი მთავრობა მუშაობს. გასულ ზამთარს ორჯერ მოგვიწია გზების გაწმენდა, ცაგერიდან ვიქირავეთ ტრაქტორი. გზები არ იკეტება ხოლმე ინტენსიური მუშაობის შედეგად.
დაბაში განათება არის, თუმცა, ხარისხმიანი არ არის. სოფლებში გარეგანათებები ნაწილობრივ არის. ვაპირებთ პროექტებში ჩავსვათ გარეგანათებების შეცვლა, რომ ლენტეხში გაკეთდეს ახალი გარეგანათებები.

(სასწრაფო დახმარების ჯიპის ტიპის სპეცმანქანა, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს, გაზაფხულზე გადაეცა. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
გვაქვს ნაგავშემკრები კონტეინერები, რომლებიც დაბაში და სადაც ცენტრალური გზა არის სოფლად, ყველგან დგას. ორი ნაგვის მანქანა გვყავს - ერთი მაღალიგამავლობის არის, მეორე ჩვეულებრივია. მაღალიგამავლობის ემსახურება სოფლებს, სადაც ცენტრალური გზა არის, როგორც გითხარით, ხოლო ჩვეულებრივი მეორე ნაგვის მანქანა დაბაში მუშაობს.
არ ფუნქციონირებს საწარმოები. მწირი გვაქვს ადგილობრივი ბიუჯეტი", აცხადებს ლენტეხის მერი და სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ქვემო სვანეთში და იქ მცხოვრებლებისთვის, რომლებიც მისივე თქმით, ოჯახებს მიწათმოქმედებითა და მეცხოველეობით არჩენენ, ტურისტული მიმართულების განვითარება ერთადერთ გამოსავლად ესახება.

(დაბა ლენტეხი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
„თუ ტურიზმი განვითარდა, ჩავთვალოთ, რომ ლენტეხი რამდენიმე წლის მერე სხვანაირი იქნება. წელს მეტია ტურისტი წინა წლებთან შედარებით, თუმცა, ჩვენთან გამვლელები არიან ძირითადად და დაბალბიუჯეტიანი ტურისტები შემოდიან. ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი ლამაზი ადგილია, ისტორიული შენობებია, რაც არის სანახავი და იზიდავს ტურისტს", ამბობს მერი და ამ მხრივ, ზემო და ქვემო სვანეთის გზის მშენებლობასა და ალტერნატიული გზის პროექტის, რომელიც მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების გვირაბით დაკავშირებას გულისხმობს, მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„იცით, რომ ძალიან დიდი პროექტი მიმდინარეობს, რაც ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი-უშგული-მესტიის დამაკავშირებელი გზის ასფალტირებას გულისხმობს. სამუშაოები მიმდინარეობს როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის, ისე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მხრიდანაც. არსებობს ასევე გზის ალტერნატიული პროექტიც, რომლის მიხედვითაც, ლენტეხისა და მესტიის დაკავშირება გვირაბის მეშვეობით მოხდება. ტურისტები ლენტეხის მუნიციპალიტეტზე გამოივლიან, რაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას გამოიწვევს ჩვენს ტერიტორიაზე და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია", განუცხადა ლენტეხის მერმა GUARDIAN.GE-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.