ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, არ არსებობს განმარტება, რომელიც მარგველაშვილის იმ „უცნაურ ნაბიჯს აგვიხსნის“, რაც მისი მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არდასახელებას უკავშირდება.
ხუხაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მარგველაშვილმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ როგორც ჩანს მართლაც არ იცის, რა ქნას - დარჩეს პოლიტიკაში თუ სამუდამოდ წავიდეს, თუმცა „წასვლასა და დარჩენასაც, მით უმეტეს, პრეზიდენტის პოსტიდან, ღირსეული შეფუთვა სჭირდება, მარგველაშვილი ამასაც ვერ ახერხებს და მარტივად რომ ვთქვათ, აჭრილია“.
„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუშვა შეცდომა, როდესაც კონსულტაციების დაწყებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სცადა და ამით პოლიტიკური თამასა ისევ მაღლა ასწია, საბოლოოდ კი, მართლმსაჯულების გადასარჩენად დაწყებულმა პროცესმა და ფაქტობრივად, ბოლო შანსმა ტრადიციულად პოლიტიკური და კონფრონტაციული სახე მიიღო. მეტიც, მარგველაშვილმა არათუ მმართველ გუნდთან, სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებაც კი ვერ შეძლო - ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორისაც გაიყო პოზიციები, თუმცა კონკრეტულად რას ეხებოდა ეს საკითხი, ვერ გეტყვით“, აცხადებს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - „როგორც ამბობენ, სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს მხოლოდ კრიტერიუმებს სთავაზობდა, რომლის მიხედვითაც კანდიდატი უნდა შერჩეულიყო, თუმცა პერსონების დასახელებისგან სამოქალაქო სექტორმა თავი შეიკავა და ეს პრეროგატივა პრეზიდენტს მიანდო“, - პასუხობს:
„ამაზე თავად იმ პირებმა უნდა ილაპარაკონ, რომლებიც კონსულტაციებში მონაწილეობდნენ, თუმცა ეს მაინც არ ამართლებს მარგველაშვილის გადაწყვეტილებას. გასაგებია, რომ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის კანდიდატისთვის მხარი არ დაეჭირა, თუმცა ერთია წარდგენა, მეორე - მაღალი საზოგადოებრივი ყურადღების კონცენტრირება ღირსეული კანდიდატისა და მთლიანად პროცესის გარშემო. „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ მონიტორინგს ჯერ კიდევ უწევს ანგარიშს, ნაცვლად ამისა, მარგველაშვილმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი თუნდაც იმ მცირე შანსს, რომელიც არსებობდა - იუსტიციის საბჭოში არსებულ კლანს საზოგადოება დაჰპირისპირებოდა“.
„არ არსებობს განმარტება, რომელიც მარგველაშვილის ამ უცნაურ ნაბიჯს აგვიხსნის. „ქართული ოცნებისგან“ რა ეწყინა, თავად პროცესი მოსწყინდა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუბრაზდა, გულწრფელად ვერ გამიგია... თუმცა მარგველაშვილის გაორებული პოზიცია დიდი ხანია აღარ გვიკვირს. დიახ, მას უფლებამოსილება ეწურება და როგორც ჩანს, მართლაც არ იცის, რა ქნას - დარჩეს პოლიტიკაში თუ სამუდამოდ წავიდეს. თუმცა წასვლასა და დარჩენასაც, მით უმეტეს, პრეზიდენტის პოსტიდან, ღირსეული შეფუთვა სჭირდება. მარგველაშვილი ამასაც ვერ ახერხებს და მარტივად რომ ვთქვათ, აჭრილია. მიუხედავად ამისა, მჯერა, გულის სიღრმეში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია... ბოლო გადაწყვეტილებით მან მთავარი სისუსტე გამოავლინა - იწყებს პოლიტიკურ ბრძოლას, მაგრამ არასოდეს ასრულებს, ბრძოლის ველს შუა გზაში ტოვებს ან კაპიტულაციას აცხადებს. ამ გადაწყვეტილებით სახიფათო ზონაში შევიდა - ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წინა ხელისუფლებიდან გადმობარგებულმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ უნდა შეარჩიოს“, ამბობს ხუხაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.