„თუ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო პორტფელი დაკარგა, ეს დიდ საფრთხეს შეუქმნის მას საპარლამენტო არჩევნების დროს“, აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას და ნაკლებად დასაშვებად მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ განზე გადგეს საპრეზიდენტო არჩევნებიდან.
საყვარელიძე თვლის, რომ მმართველი პარტიის მხრიდან არასწორია სალომე ზურაბიშვილზე გულის აცრუება და „უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება იქნება საკუთარი კანდიდატის დასახელებაც და განზე გადგომაც“ და იმ ფონზე, როცა კანდიდატის წარსადგენად ძალიან ცოტა დრო რჩება, „ქართული ოცნება“ იძულებულია, სალომე ზურაბიშვილი მიიყვანოს პრეზიდენტობამდე“.
„არა მგონია, მმართველმა ძალამ საერთოდ არ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ამის შემდეგ მათთვის არასასურველი მოვლენები შეიძლება განვითარდეს, კერძოდ, დავუშვათ, გრიგოლ ვაშაძე გახდა პრეზიდენტი... როგორი პრეზიდენტი იქნება, ეს სხვაა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მას შეეძლება მოქალაქეობის, შეწყალების საკითხების გადაწყვეტა და საგარეო ურთიერთობებზე გავლენის მოხდენა. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ვაშაძე საგარეო ურთიერთობებში ამ ხელისუფლების მაგინებელი იქნება? შეწყალებით კი ვის შეიწყალებს, მგონი, აშკარაა და მოქალაქეობას ვის დაუბრუნებს, ესეც ცხადია. სამივე მიმართულება დიდ პრობლემად ექცევა „ქართულ ოცნებას“. არ ვიცი, ეს სურთ მათ? ჩემი აზრით, არა, რადგან ეს იქნება მათი ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი. ჩვენს ჩამონათვალში მეოთხე და ყველაზე უარესი იქნება ის, რომ თუკი „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო სკამი დაკარგა, მოსახლეობას გაუჩნდება განწყობა - ამათ ამის უნარიც არ ჰქონიათო... არადა, „ქართულ ოცნებას“ ხომ ყველაზე მეტად უნარიანობის პრობლემა უდგას! სააკაშვილის რეიტინგი თუ დაბალი იყო, ეს გამოწვეული იყო ძალაუფლების გადამეტებითა და უსამართლობის დაკანონებით, თუმცა მასზე არასდროს არავის უთქვამს, უნიათოაო... თუ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო პორტფელი დაკარგა, ეს დიდ საფრთხეს შეუქმნის მას საპარლამენტო არჩევნების დროს“, აცხადებს რამაზ საყვარელიძე, რომელიც გაუგებრად მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილზე გულის აცრუებას.
„ჩემთვის გაუგებარია ზურაბიშვილზე გულის აცრუებაც. ის დიდი ხანია პოლიტიკაშია და როდესაც მისი მხარდაჭერა გადაწყვიტეს, მისი ხასიათი, ალბათ, უნდა გაეთვალისწინებინათ. ის არ არის რბილი და დამყოლი ხასიათის ადამიანი, პირიქით, ამბიციური და ჯიუტი პოლიტიკოსია. ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ მაშინ უნდა გაეთვალისწინებინა, როცა მის მხარდაჭერაზე დაიწყეს მსჯელობა, ახლა კი მოახერხეს და ჩიხში შევიდნენ. მათთვის უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება იქნება საკუთარი კანდიდატის დასახელებაც და განზე გადგომაც... ვფიქრობ, კანდიდატს ვეღარ დაასახელებენ. ჯერ ერთი, იმდენი იძახეს, არ დავასახელებთო, უკვე სასაცილო იქნება, თუ დაასახელეს; მეორეც, ძალიან ცოტა დრო რჩება, რომ ან შერჩევა მოასწრონ, ან მისი საზოგადოებისთვის წარდგენა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც წინასაარჩევნოდ პიარი არ დასჭირდება, ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ ის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. აი, ამიტომაც „ქართული ოცნება“ იძულებულია, სალომე ზურაბიშვილი მიიყვანოს პრეზიდენტობამდე“, ამბობს საყვარელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.