საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა, რათა გადადგას მეტი ნაბიჯი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიღმა და სწორედ ამას ითვალისწინებს მთავრობის ახალი ინიციატივა „საგზაო რუკის“ სახით.
ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა. მისი თმით უკვე შემუშავებულია „საგზაო რუკის“ კონცეფცია და მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილზე, რაც ითვალისწინებს საქართველოს უფრო მეტ სექტორულ და ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან, მეტ თანამშრომლობას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან დიალოგის ახალ - უმაღლეს ფორმატზე, ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, რომლის პირველი შეხვედრაც ნოემბერში გაიმართება.
„ველით, რომ ახალი ფორმატი, რომელიც უპრეცედენტოა და მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში არის შემოღებული და რომლის პირველი შეხვედრაც ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით“, განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანმა, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. მისი განცხადებით, საუბარი შეეხო ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
„აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი და რომ ამ მონაპოვარს სჭირდება გაფრთხილება, რასაც საქართველო აკეთებს, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები უაღრესად აფასებენ და პოზიტიურ შეფასებას აძლევენ იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველო დგამს სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან დაკავშირებით", განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დაარსებაში შეტანილი წვლილისთვის. „ჩვენ მადლიერი ვართ ბატონი ჰანის, რადგანაც ეს გახლავთ მისი ინიციატივა, სწორედ მისი თაოსნობით 2017 წლის ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენ ამ გადაწყვეტილების პრაქტიკული განზომილების მოწმე გავხდებით თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დაფუძნებით.“
დავით ზალკალიანის განცხადებით მან ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი მთავარი აქტორი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში, რათა მეტი ნაბიჯი გადაიდგას საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, რომ იგივე ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ჩვენ გვქონდეს მნიშვნელოვანი პროგრესი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციაზე, ძალის არგამოყენების ვალდებულებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე“, განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ევროკომისარ ჰანის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები. 4 სექტემბერს ასევე საზეიმოდ გაიხსნება თბილისში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროპული სკოლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.