GUARDIAN.GE-ის ფოტო: ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე
ცაგერის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკური სიძლიერისთვის არსებული ჰიდრორესურსების მაქსიმალურად გამოყენებაა საჭირო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გამოხატულ პროტესტს სამართლიანს უწოდებს.
როგორც უგრეხელიძემ GUARDIAN.GE-სთან საუბრისას განაცხადა, „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის საკითხზე ლეჩხუმის მოსახლეობას არაერთი შეკითხვა გააჩნია, რომელიც როგორც მერი ამბობს, საფუძვლიანია და იმ ფონზე, როდესაც მათ შეკითხვებზე პასუხები ჯერჯერობით არავის გაუცია, ადგილობრივებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
ცაგერის მერის თქმით, მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს ის, რომ არ არსებობს დასკვნა, რომელიც გასცემს მთავარ შეკითხვებზე პასუხს - შეიცვლება თუ არა კლიმატი ჰესის მშენებლობისა და ფუნქციონირების გამო; რა ბედი ეწევა ტვიშის მიკროზონას - მოახდენს თუ არა გავლენას მშენებლობა უნიკალური ჯიშის ვაზზე და ხომ არ გააქტიურდება მეწყერული მოვლენები.
ავთანდილ უგრეხელიძე მეწყერულ პროცესებზე ჰესების მიერ ზემოქმედების საკითხზე საუბრისას პარალელს ავლებს „ლაჯანურჰესთან“ და აცხადებს, რომ აღნიშნული ჰესის მშენებლობამ და ფუნქციონირებამ ლეჩხუმი მეწყერულ ზონად აქცია.
მერი ასევე ამბობს, რომ დასკვნაში აუცილებლად უნდა იყოს საუბარი გამოუკვლეველ ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის ხვამლის მთასა და მთლიანად მთათა სისტემას, სადაც კარსტული მღვიმეების ზონაა. უგრეხელიძე საუბრობს იმ ვარაუდზე, რომლის მიხედვითაც აღნიშნული მღვიმეები პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებს უკავშირდება, ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის შემდეგ კი, უცნობია, რა პროცესები განვითარდება.
„კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს“, აცხადებს ცაგერის მერი, რომელიც დარწმუნებულია, რომ დასკვნის მომზადების შემდეგ, მოხდება საჯარო განხილვები და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ჰესების მშენებლობა საფრთხის შემცველი იქნება, ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„თუ უსაფრთხოების კუთხით კითხვის ნიშნები იქნა, სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას“, ამბობს მერი და დასძენს, რომ ჰესის აშენების საკითხი ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოყოლებული განიხილებოდა - თუმცა, მაშინაც, კომუნისტების დროსაც, გეოლოგიური არამდგრადობის გამო, მშენებლობაზე უარი თქვეს.
„ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ეკონომიკური სიძლიერისთვის მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ყველა ჰიდრორესურსი, რომელიც საქართველოს გააჩნია, თუმცა, „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით ლეჩხუმის მოსახლეობას აქვს საფუძვლიანი პრეტენზიები, კითხვები, რომელთაც უნდა გაეცეს პასუხი.
მოსახლეობას აქვს პრეტენზია, რომ თვითონ ინვესტორის, მშენებელი კომპანიის მხრიდან არ არის კითხვებზე პასუხები. პირველი შეკითხვა არის ასეთი, რომ შეცვლის თუ არა ჰესი ტვიშის მიკროზონას. მართლაც უნიკალური ჯიშის ყურძენია და აინტერესებთ, რა ბედი ეწევა ყურძენს. საუბარია კლიმატის ცვლილებაზე, მოახდენს თუ არა ეს ვაზზე გავლენას და ხომ არ გააქტიურდება მეწყერული მოვლენები. ზოგადად, რთული მეწყერული პროცესები გვაქვს ლეჩხუმში. გააქტიურდება თუ არა მეწყერული მოვლენები, ამაზე არავინ არაფერს არ ამბობს. იმ ფონზე, როცა „ლაჯანურჰესის“ მშენებლობამ, ფაქტიურად, მთელი ლეჩხუმი მეწყერულ ზონად აქცია და აჭარასთან ერთად, ერთ-ერთი პირველები ვართ ამ კუთხით და აქ მხოლოდ „ნამახვანჰესზე“ არ არის საუბარი, აქ არის „ტვიში-ჰესი“, „ალპანა-ჰესი“, ერთობლიობაში, შესაძლოა, ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნას.
აქ კიდევ არის ერთი მთავარი შეკითხვა - იცით, რომ ხვამლის მთა არის თავისი მთიანი სისტემითა და კარსტული მღვიმეებით, ეს არის გამოუკვლეველი საერთოდ, კარსტული მღვიმეების თემა არ არის საერთოდ შესწავლილი. არის ვარაუდი, რომ ეს მღვიმეები უკავშირდება პრომეთესა და სათაფლიას. რა მოხდება წყალი რომ შევა და ა.შ. სად გავა ეს წყალი და რა პროცესებს გამოიწვევს, ამის უბრალოდ დასკვნა არ არსებობს. რომ იყოს სპეციალისტების, ექსპერტების დასკვნა წარმოდგენილი იმის თაობაზე, სახიფათოა თუ არ არის სახიფათო, მოსახლეობასთან ერთად მოხდებოდა საჯარო განხილვა და ყველა დააფიქსირებდა თავის აზრს, თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ დოკუმენტაცია არ არსებობს.
იყო ერთი დასკვნა, რომელიც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს ექსპერტებმა და ახლა მზადდება ახალი დასკვნა - ყველა ელოდება ამ დასკვნას. ალპანას, ტვიშის მოსახლეობას ჩვენ ვხვდებით, მათი აზრი ვიცით, ეწყობა საჯარო განხილვებიც. თავად მშენებელი კომპანიის მიერ გაკეთებულ განხილვაზე მოსახლეობამ ვერ მიიღო შეკითხვებზე პასუხები, ამიტომ ეს უნდობლობა გაიზარდა და ბუნებრივია, როცა ამხელა პროექტი კეთდება და კითხვებზე არ სცემენ პასუხს, უნდობლობის მომენტი უკვე დიდია.
აი, სწორედ ამ გაურკვევლობის გამო გაუჩნდა მოსახლეობას პროტესტის გრძნობა - იქ, სოფლებში ცხოვრობენ ფირმის წარმომადგენლები, რომლებიც კატეგორიულად ამბობენ, რომ ჩვენ მშენებლობას ვიწყებთ - ამ ხისტი დამოკიდებულების გამო გაჩნდა პროტესტის გრძნობა. ერთი სიტყვით, სამართლიანი პროტესტია გამოთქმული - კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს.
როცა დაიდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, მერე შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე დანარჩენზე. თუ უსაფრთხოების კუთხით კითხვის ნიშნები იქნა, სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას. თუ დასკვნა არ იქნება შესაბამისი, ვინ დაუშვებს? მე ადგილობრივებს ვუდგავარ გვერდში“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ცაგერის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.