დოდო შონავა: ვასილ მაღლაფერიძის მოსვლის შემდეგ, პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში, ტურბულენტურ ზონაში შევიდა
05-09-2018, 17:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოციმციმე არითმიის კარდიოგრამა“ - ასე აფასებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებელი პროფკავშირების წევრი, „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და „მეორე არხის“ ყოფილი გენერალური პროდუსერი დოდო შონავა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მენეჯმენტს.

 

 

შონავა, რომელიც მიიჩნევს, რომ მაღლაფერიძის მოსვლის შემდეგ, პროცესები მაუწყებელში, „ტურბულენტურ ზონაში“ შევიდა, GUARDIAN.GE-სთან საუბრისას, ბოლო დღეებში მომხდარს - როდესაც არხის თანამშრომლების ნაწილმა მენეჯმენტისგან ახალი შეთავაზება მიიღეს, რაც მათ „ფაქტობრივად, გათავისუფლებას“ ნიშნავს - მაღლაფერიძის „ეფექტური მენეჯმენტის“ შედეგად განვითარებული მოვლენების გაგრძელებად განიხილავს და აცხადებს, რომ გენერალური დირექტორის მენეჯმენტი „ეს არის ყველაზე არაეფექტური მენეჯმენტი, რომელიც განხორციელებულა ამ შენობაში, თუმცა, ჩვენს თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორე ყველანაირი გენერალური დირექტორი გვინახავს“.

 


„ეს მოვლენები, ფაქტობრივად, დაიწყო 1 წლისა და 8 თვის წინ, როდესაც 2017 წლის 6 იანვარს ვასილ მაღლაფერიძე სამეურვეო საბჭომ აირჩია დირექტორად. 7 იანვრიდან უკვე შეუდგა საქმიანობას. ერთ თვეში მან, თებერვლის 9 რიცხვი იყო, მე მგონი, ყველა ჩვენი თანამშრომელი სიმბოლურად ასე აღგვწერა, რომ ჩვენ ვსხედვართ პაკისტანის საგარეუბნო მატარებლის სახურავზე - ეს 2017-ში და 2019-ში საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაჯდება კომფორტულ ლაინერში. ის ითხოვდა, რომ ასეთ კომფორტულ გარემოში რომ მოხვედრილიყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, მასობრივად უნდა დათხოვილიყვნენ აქაური თანამშრომლები. მაშინ ჩვენ დავიწყეთ საპროტესტო აქციები და მივაღწიეთ იმას, რომ მან გადაიფიქრა. ეს იყო პირველი სტრესი, რომელიც მან მიაყენა აქ მომუშავე ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომელთა უმრავლესობაც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია.

 

 

რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე აღვნიშნეთ, რომ რეფორმა საჭიროა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ოპტიმიზაცია საჭიროა, ოღონდ ოპტიმიზაცია არ გულისხმობს შტატების შემცირებას. პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ძალიან ბევრი ვალდებულებით, მრავალფეროვანი პრიორიტეტებით, ჩვენ უნდა დავსახოთ ის გეგმა, რომლითაც ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს ვუპასუხებთ. ეს ვაქციოთ საპროგრამო ბადედ, რითაც უნდა წარვსდგეთ მაყურებლის წინაშე. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რა ადამიანური და ტექნიკური რესურსი სჭირდება ყველა ამ ამოცანის შესრულებას - მოგეხსენებათ, საზოგადოებრივ მაუწყებელს ორი სატელევიზიო და ორი რადიო-არხი ჰქონდა მაშინ, როდესაც ბატონი ვასილი მობრძანდა. საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს საშტატო განრიგი, წარმოგიდგენიათ? არ ჰყავს ადამიანური რესურსის მართვის ხელმძღვანელი; საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰყავს დღეს, მე მგონი, მარკეტინგის ხელმძღვანელი. ჩვენ ვითხოვდით ამას, რომ ტელევიზია, რომელიც კრიზისში იყო, თუმცა, კრიზისში მაშინ კი არა იყო, როდესაც ვასილ მაღლაფერიძე მოვიდა, არამედ 2012 წლის შემდეგ იყო კრიზისში - მაშინ გიორგი ბარათაშვილს ჩვენ დავუდექით გვერდით და დავაბრუნეთ, როდესაც იგი ბორდმა გაათავისუფლა - ვითხოვდით, რომ კრიზისული მენეჯმენტი განხორციელებულიყო. კრიზისული მენეჯმენტი ნიშნავს იმას, რომ უნდა გამარტივდეს მართვა, პასუხისმგებლობები და ვალდებულებები ძალიან მკვეთრად უნდა გაიწეროს და დაიწყოს მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანა. მინდა გითხრათ, რომ 2012 წლიდან 2016 წლამდე, მაუწყებელმა, ასე თუ ისე, დაიბრუნა მაყურებლის ნდობა და მრავალფეროვანი გახდა მისი პროგრამული საეთერო ბადე. ეს ყველაფერი, ვასილ მაღლაფერიძის მოსვლის შემდეგ, შევიდა ტურბულენტურ ზონაში. მას შემდეგ, რაც მას ჩვენ ის „მატარებელი“ გადავაფიქრებინეთ, ცოტა ხანში „შუქნიშანი“ შემოგვთავაზა - მწვანე, ყვითელი და წითელი, ანუ გადაცემები, რეიტინგის მიხედვით უნდა ჩანაცვლებულიყო. ესეც გავაპროტესტეთ. ვთქვით, რომ არ არის სწორი. საზოგადოებრივ მაუწყებელს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს რეიტინგი, მაგრამ მთავარი არის პრიორიტეტები და ნდობა. „შუქნიშანი“ გადავაფიქრებინეთ, მერე თქვა, რომ ჩატარებულიყო კონკუკრსი. ჩავატარეთ კონკურსი - რამდენიმე კარგმა პროექტმა გაიმარჯვა, თუმცა, ნახევარზე მეტს უთხრეს უარი.

 

 

შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უცებ, რომ მე-2 არხი, რომელიც 2010 წელს შეიქმნა, რომელსაც ემსახურებოდა 16 ადამიანი და სულ 340 000 ლარი ჯდებოდა, მეორადი ტექნიკით ვაკეთებდით და NDI-იმ გვაჩუქა მერე ტექნიკა, არხი, რომელმაც გაუხსნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი ოპოზიციას და სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრ აქტიურ დღევანდელ ლიდერს პირველად სწორედ მე-2 არხის ეთერში მიეცა საშუალება მაყურებელს დალაპარაკებოდა, ერთი ხელის მოსმით დაიხურა არხი და მივეცით მაყურებელს პირობა, რომ აქ სპორტული არხი იქნება. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, ვერც ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ივენთი მაუწყებელმა ვერ შეისყიდა, ისინიც კი, რომლებიც წელს იყო, აღარ იქნება მომავალი წლის ეთერში. ეს კიდევ ერთი „ეფექტური“ მენეჯმენტის დამადასტურებელი.

 

 

დაიხურა გადაცემები, შემდეგ რაღაც გადაცემები დაბრუნდა და ამ გადაცემებიდან უმრავლესი იყო ისევ ძველი თანამშრომლების მიერ გაკეთებული გადაცემები. დაიწყო შემდეგ ჟურნალისტურ გამოძიებასთან რაღაცნაირი შემაფერხებელი ურთიერთობა. ჟურნალისტური გამოძიება მე-2 არხზე დაიწყო, ორ კვირაში ერთხელ გადიოდა და სამი ევროპული პრიზი აქვს მოპოვებული. რაც ბ-ნი ვასილი მოვიდა მენეჯმენტში, სულ რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება გაკეთდა. ეს რაც შეეხება მის კომპეტენციას და მართვას. მე, რა თქმა უნდა, მხოლოდ მას არ ვაბრალებ, მაგრამ ის არის გენერალური დირექტორი. გადაწყვეტილება, რომ მოამბე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში ყოველთვის 20:00 საათზე იწყებოდა და ეს ბრენდია, ვისაც ტელევიზია ესმის და ბადის სპეციფიკა ესმის, იცის, რომ ტელევიზიის ყურება ერთგვარი ჩვევაა და შენ იღებ ამ ძირითად პროდუქტს და 21:00 საათზე გადაგაქვს, აჯახებ „კურიერს“ - უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შემიძლია. ერთ-ერთი სულ ბოლო მაგალითი - საქართველოს რადიოს ორი არხი აქვს - პირველი და მეორე. პირველი არის მოლაპარაკე რადიო, ეს არის ევროპაში უძველესი მოლაპარაკე რადიო, რომელსაც ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავს და სპეციფიკური მსმენელი ჰყავს. პრიორიტეტებს, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, ასრულებს საქართველოს რადიო. მიიღო გადაწყვეტილება - გამოცხადდა რეორგანიზაცია. 4 თვე გაჩერებული უნდა იყოს რადიო-1, რადიო-2 უნდა იყოს ჩართული. ასევე რადიო-2-ია ჩართული მე-2 არხზე, მანამდე რადიო-1 იყო ჩართული. როცა საპარლამენტო სხდომაა ან კომიტეტები ან კომისიებია, მაშინ ირთვება არხზე ტელევიზია. წარმოგიდგენიათ ტელევიზიას ჰქონდეს სატელევიზიო არხი და რადიო იყოს იქ ჩართული. მოკლედ ახლა, რადიო-1-იც გაითიშა 4 თვით, თანამშრომლები ხელფასს მიიღებენ, მაგრამ მათი გადაცემები ეთერში არ გავა. 1-ლი იანვრიდან უნდა ახალი რადიო, მანამდე კონკურსები და რატომ? - ეს არის ეფექტური მენეჯმენტი?!" აცხადებს დოდო შონავა, რომლის ინფორმაციითაც, 2 აგვისტოს სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძეს 43 მლნ ლარის კრედიტით აღების უფლება მისცა, რაც მაუწყებლის იმ შენობის ტექნიკურად აღჭურვას უნდა მოხმარდეს, რომელიც ჯერ აშენებულიც კი არ არის.

 


„მისცეს იმის უფლება, რომ 43 მლნ ლარი აიღოს კრედიტი იმ შენობის ტექნიკურად აღჭურვისთვის, რომელიც 2020-2021 წელს უნდა იყოს აშენებული. ამხელა კრედიტის აღება, მისი მომსახურება, როდესაც კანონი გიკრძალავს საბიუჯეტო თანხებიდან საპროცენტო ვალდებულებების გადახდას, აი, ძალიან მაინტერესებს ამ დროს ბატონ ვასილს აქ 4 წელი და 3 თვე დარჩა, ამ კრედიტს რომ იღებს. გიორგი ბარათაშვილმა 2016 წელს მას გადააბარა 2017 წლის მთელი ბიუჯეტი გაუხარჯავი და პლუს 3 მლნ დანაზოგი. ამავე დროს, 2012-2016 წლებში ჩვენ ყველა ვალი დავფარეთ იმიტომ, რომ მთელი ბიუჯეტი მოხმარებოდა შემდეგ ბადეს. ესაა მისი მენეჯერული დიაგრამა კარდიოგრამული - ამ მენეჯმენტს მოციმციმე არითმიის კარდიოგრამა დავარქვი. გაზაფხულზე გამოცხადდა ტენდერი, რომ უნდა აშენებულიყო შენობა და მარტო პროექტში 800 000 ლარი გადაიხადა ტელევიზიამ. ახლა გუშინ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ბათუმში ნაყიდი აქვს სხვენი 89 000 დოლარად, დაახლოებით და ახლა ყიდის ტენდერით. მე ვსვამ შეკითხვას პირველ რიგში პარლამენტის წინაშე, რომელიც ირჩევს სამეურვეო საბჭოს, რომელმაც აქ პრიორიტეტების შესრულება და ბიუჯეტის ხარჯვა უნდა შეამოწმოს და ზედამხედველი იყოს. მე შესაბამის კომიტეტებს და საერთოდ პარლამენტს ვუსვამ შეკითხვას - რომელი პრიორიტეტები შესრულდა? სრულად შესრულდა თუ არა? და ეფექტურად დაიხარჯა თუ არა თითქმის ორი წლის ბიუჯეტი? ორი წლის ბიუჯეტი ყველაზე ნაკლები 60 მლნ ლარია. რომ მოვიდა ვასილ მაღლაფერიძე თქვა, რომ ბევრი გადაცემააო - ბევრი გადაცემა უნდა იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელში იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს, ძალიან ბევრი პრიორიტეტია შესასრულებელი. საზოგადოება ამაში გვიხდის ფულს. იმაში კი არ გვიხდის ფულს, რომ ჩვენს გემოზე, ხან სპორტული ივენთი ვიყიდოთ და ხან ვერ ვიყიდოთ. იმაში კი არ გვიხდის ფულს, რომ მათ ხედები ვაჩვენოთ 25-ე სართულიდან - ზღვის ხედები. საზოგადოება გვიხდის ფულს, რომ ყველა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებაშია გაჩენილი, ყველა იმ მოლოდინსა თუ მოთხოვნილებას ჩვენ პასუხი გავცეთ. სამომხმარებლო ტელევიზია და განმარტებითი ტელევიზია უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ მედიაცია ყველაზე გამჭვირვალე ფინანსური, მედიაცია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ამაში გვიხდიან ფულს. მე მაქვს ასეთი ეჭვი, რომ ბატონი ვასიკო არ არის გარკვეული კიდევ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორია და არა რომელიმე კერძო ტელევიზიის“, აცხადებს დოდო შონავა.

 

 

GUARDIAN.GE-ს შეკითხვაზე, იმ ფონზე, როდესაც მაუწყებელი იწყებს თანამშრომლებისთვის ახალი შრომითი პირობების შეთავაზებას და ამავე დროს, კრედიტს იღებს, ხომ არ ნიშნავს ირიბად, რომ ამ ეტაპზე უკვე არხს ფინანსური პრობლემები აქვს?

 


„მე მინდა გითხრათ, რომ ასეთი გონივრული ეჭვი არსებობს და ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ, თუმცა, თუ ყველა იმ დოკუმენტს მოვიპოვებთ, რომელიც საბიუჯეტო თანხების ხარჯვას შეეხება, ჩავუჯდებით ჩვენ ჟურნალისტები - ძალიან კარგი საგამოძიებო ჯგუფი ჰყავს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველაფერს დაითვლიან, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სათანადო ორგანოებმა უნდა გააკეთონ ეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურია ძირითადად, ვისაც ევალება ამის შემოწმება. მე ამას ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა, ეჭვი, ალბათ, უნდა ჩნდებოდეს“, აცხადებს შონავა, რომლის თქმითაც, „მთელი უბედურება“ იმაშია, რომ არაფექტურმა მართვამ საზოგადოებას საზოგადოებრივი მაუწყებელი დაავიწყა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი