რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი ფასიანი იყოს – ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” დონორთა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთის დაფინანსების საკითხზე მსჯელობენ, ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ დღეს იხილება რიკოთოს უღელტეხილზე ავტომაგისტრალის დაფინანსების საკითხი.
ჯავახიშვილის თქმით, ეს უღელტეხილი აუცილებლად უნდა გაკეთდეს და შეავსოს აღმოსავლეთ და დასავლეთის მაგისტრალი.
“საუბარი იქნება იმაზე, რამდენად შესაძლებელია, იყოს ფასიანი კერძო გზა გარკვეული წლები. თუ ეს არ იქნება შესაძლებელი, დონორების შეხვედრა იმას ითვალისწინებს, რომ მოვახერხოთ დაფინანსების მობილიზება, რადგან საქართველოს ბიუჯეტს ამ უზარმაზარი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ნამდვილად არ ექნება უახლოესი წლების განმავლობაში და მაშინ დასავლეთითაც და აღმოსავლეთითაც გაკეთებული ეს უზარმაზარი სამუშაოები, პრინციპში, თავის ეფექტს ვერ მოგვცემს, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს ეს მაგისტრალი მთლიანად უნდა შეიკრას და დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე უნდა იყოს შესაძლებლობა, სწრაფ მაგისტრალზე იმოძრაონ ტვირთებმაც და ადამიანებმაც”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა გზის ეს მონაკვეთი ფასიანი, მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ეს გზა იყოს ფასიანი, თუმცა ჯერ ეს არის მხოლოდ მოსაზრება.
“კი, შესაძლოა, ეს გზა იყოს ფასიანი, თუკი ამის შესაძლებლობას მოგვცემს ციფრები, გაიყიდოს 30, 40, 50 წლით და დააფინანსოს ინვესტორმა”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
კითხვაზე – რა თანხის გადახდა მოუწევს მოქალაქეს ამ გზით სარგებლობისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ძნელია, რადგან ეს არის მხოლოდ მოსაზრება.
“დღეს მსოფლიო ბანკი დაგვიდასტურებს, რამდენად შეიძლება იყოს მომგებიანი და საინტერესო ინვესტორისთვის. შემდეგ იქნება ფინანსების გათვლა. წინასწარი მონაცემებით, გზა პრინციპში ამ ეტაპზე არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ინვესტორი მოვიზიდოთ. ვნახოთ, მსჯელობა რა შედეგს მოიტანს”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
კითხვაზე, როდის მოხდება გზის მშენებლობა და რა ვადაში დასრულდება, მინისტრმა აღნიშნა, რომ როდესაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ამის შემდეგ მოხდება დროის დათვლა. “თუკი დაფინანსებას მივიღებთ და ეს იქნებიან დონორები და საქართველოს ხელისუფლება, სრულიად შესაძლებელია, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში ეს სამუშაოები დაიწყოს და ეს იქნება დაახლოებით სამწლიანი პროგრამა. ჩვენს მთავრობას იდეაში აქვს 2020 წლისთვის მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს და ეს ავტომაგისტრალი მთლიანად დავასრულოთ”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 750-800 მილიონიდან შეიძლება მილიარდ ასიათასამდე გაიზარდოს და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზა იქნება არჩეული.
“ყოველ შემთხვევაში, ჩემი დიდი სურვილია და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ამ აზრს გაიზიარებს, რომ ჩვენ უნდა დავტოვოთ ალტერნატიული გზა ყველა შემთხვევაში, იქნება თუ არა შესაძლებელი ინვესტორის მოძიება, მაინც. იმდენად რთული უბანია და, მოგეხსენებათ, ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში და საქართველოში კატაკლიზმებმა ძალიან იმატეს, ამიტომ რომ არ მოხდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მოწყვეტა რაღაც უბედური შემთხვევიდან გამომდინარე, მაინც უნდა წავიდეთ იმ გზით, რომ ალტერნატიული გზა დავტოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ აძვირებს პროექტს, დაახლოებით 300 მილიონი დოლარია სხვაობა. ამიტომ მაინც საფიქრალია, მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელიც არის”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.