სამეგრელოში კვირიკაშვილისა და შონიას კადრების წმენდა დაიწყო - ზუგდიდის მერის შემდეგ, პოსტების დატოვება შესაძლოა, იმ სხვა მაღალჩინოსნებსაც მოუწიოთ, ვინც ყოფილი გუბერნატორის ახლო მეგობრებად მოიაზრებიან
13-09-2018, 14:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერის, ლაშა გოგიას და მისი მოადგილის, გია გულორდავას თანამდებობიდან გადადგომა, GUARDIAN.GE-ის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას კადრების პოსტებიდან მასობრივი დათხოვნის გაგრძელებაა, რაც გოგიას წასვლით არ დაწყებულა და რასაც, რამდენიმე კვირის წინ, შონიას მოადგილის და მისი ერთ-ერთი ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირის, დავით კოდუას თანამდებობიდან წასვლა უძღოდა წინ.

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთში საკადრო წმენდის პროცესი სავარაუდოდ, გაგრძელდება და არ არის გამორიცხული პოსტების დატოვება მოუწიოთ რეგიონის იმ სხვა მაღალჩინოსნებსაც, ვინც ყოფილი გუბერნატორის ახლო მეგობრებად მოიაზრებიან.

 

 

GUARDIAN.GE-ის წყაროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის მოქცეული მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, რომელსაც ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ლევან შონიასთან და მის კადრად მოიაზრება. მარტვილის მერის და ყოფილი გამგებლის, გრიგალავას 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერის კანდიდატურის პოსტზე წარდგენის ერთ-ერთი დაჟინებული მხარდამჭერი სწორედ შონია იყო, იმის მიუხედავად, რომ წინასწარი გამოკითხვებით, გრიგალავას საკმაოდ დაბალი რეიტინგი ჰქონდა, რაც არჩევნების დღემაც დაადასტურა - მან პირველ ტურში გამარჯვება ვერ შეძლო და მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. მისი მთავარი კონკურენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დანელიას მიერ მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გამარჯვებულ გრიგალავას, გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში მისი ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი პირები - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. მოგვიანებით, 2018 წლის მაისში კი უკვე სუს-მა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დააკავა, ხოლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე დანაშაულში ამხილა მარტვილის მერიის 6 მაღალჩინოსანი.

 


ალექსანდრე გრიგალავას მთავარი მფარველი, უკვე ყოფილი გუბერნატორი, ლევან შონია, GUARDIAN.GE-ის სატელეფონო ზარმა საკმაოდ გააღიზიანა, ისევე როგორც მოგვიანებით თავად გრიგალავაც.

 


როგორც ლევან შონიამ განაცხადა, ლაშა გოგიას ზუგდიდის მერის თანამდებობიდან წასვლა არ უკავშირდება მისი ან გიორგი კვრიკაშვილის მიერ პოსტების დატოვებას და თავად მას არანაირი პრეტენზია არ აქვს, რომ 5-წლიანი საქმიანობის შემდეგ გუბერნატორის პოსტის დატოვება მოუწია.

 


„საკითხი, რომ ლაშა გოგიას ზუგდიდის მერის თანამდებობიდან წასვლა ყოფილი პრემიერის, კვირიკაშვილის ან ჩემი გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლის თემა და გაგრძელებაა, ვერ ვხედავ ამაში კავშირს.

 


მე ხუთი წელიწადი ვიმუშავე გუბერნატორის პოსტზე. არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ იქედან წამოვედი იმიტომ, რომ ჯერ ერთი, კვირიკაშვილის კადრად რატომ მომნათლეს, როდესაც მე პრემიერმა ღარიბაშვილმა დამნიშნა. მოვიდა კვირიკაშვილი - მე ვაგრძელებდი მუშაობას, მე დავრჩი ჩემს ადგილას, მით უმეტეს, მისი პრეროგატივა იყო - ან გავეშვი, ან დავეტოვებინე. ახლა მოვიდა ახალი პრემიერ მინისტრი, მან ჩათვალა, რომ გუბერნატორები უნდა შეცვლილიყვნენ, მარტო მე ხომ არ ვიყავი, შვიდი გუბერნატორი შეცვალეს ხომ? ეგ არის და ეგ, მეტი არაფერი. იქნებ, ახალი ხედვა უნდათ, წინ გასაკეთებელი საქმეებია და... ყოველ შემთხვევაში, მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ პოსტიდან წამოვედი, სიმართლე რომ გითხრათ. ხუთი წელი ცოტა არ არის.... მე თითქმის უკვე ორი თვეა წამოსული ვარ. ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ არა მგონია. რა გითხრათ, როგორ გაგცეთ პასუხი, შიგნით მე აღარ ვარ. თათბირებს არ ვესწრები.... ლაშა გოგიას მიმართ არა მგონია - მოდი, რეალურად შევხედოთ - ზუგდიდში ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდა. რომ ვთქვათ, რომ იქ არაფერი გაკეთებულა, ასე არ არის. სოციალური პროექტიც ბევრი გაკეთდა. ლაშას უნდა ჰკითხოთ პრინციპში რატომ გადადგა, მე როგორც ვიცი, ის ახლა საზღვარგარეთ არის და ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავს. ყველა იძახის, რომ კვირიკაშვილის კადრებს უშვებენ და არც მე და არც ლაშა გოგია კვირიკაშვილის კადრი არ ვყოფილვართ. ლაშა გოგია ღარიბაშვილის დროს შტაბს ხელმძღვანელობდა. როგორ არის კვირიკაშვილის კადრი?! მაშინ, ჩვენ ერთმანეთს ახლა უნდა გადავაბათ და ყველა, ვინ როდის იყო, უნდა გადავხედოთ ხელისუფლებაში, ვინ ვისი კადრია, მაშინ ძალიან ბევრი თემები იქნება. არა მგონია, ასე იყოს“, უთხრა GUARDIAN.GE-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, რომელმაც „კონტრაბანდის საქმეზე“ მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის შესაძლო დაყენების თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა:

 


„მე მურთაზ ზოდელავას, ანი წითლიძის და ა.შ. შემთხვევაში, ბევრი ვითმინე ასეთი ცილისწამება. „ქარხნები აფხაზეთში“ და ა.შ. ჯერ ერთი ჩემი ბიოგრაფია კარგად რომ შეისწავლონ, ნახავდნენ მანდ, რომ მე აფხაზეთში ისედაც არ შემესვლება - მე იქ ბევრი რამე დავკარგე - მშობელი, ძმა და ა.შ. სამი წელი მჯიჯგნიდნენ, პირდაპირ გეტყვით - ოჯახს ეხებოდნენ, ჩემს წასულ მშობელს ეხენოდნენ. ეს იმის გამო, რომ კანონი არანაირად ჩინოსანს არ იცავს. ენას ძვალი არ აქვსო და რასაც მინდა, იმას ვიტყვიო. მე სასამართლოში შეტანილი მაქვს ზოდელავას და წითლიძის მიმართ, ყველა იმ ცილისწამებაზე საჩივარი, აგერ არის სასამართლო და დაადგენს“.

 


ლაშა გოგიას თანამდებობის დატოვების მიზეზის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია, რომელიც წლების განმავლობაში, მისი სხვა კოლეგების მსგავსად, ზუგდიდში, გუბერნატორის თავმჯდომარეობით გამართულ თითქმის ყოველკვირეულ თათბირებს ესწრებოდა და რომელსაც, ლევან შონიას პოსტის დატოვების შემდეგ, ყოფილ გუბერნატორთან საქმიანი კავშირები არ გააჩნია.

 


„ასეთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, [რომ გოგია ყოფილი პრემიერის და ყოფილი გუბერნატორის კადრი იყო და ამიტომ დატოვა პოსტი] მე ვერ ვხედავ და არ ყოფილა. უბრალოდ ლაშა გოგია, ალბათ, თვითონ გააკეთებს თავის გადადგომაზე განცხადებას. ჩვენს მიმართ არანაირი მინიშნება გადადგომასთან დაკავშირებით არ ყოფილა.... მოვლენების ასე განვითარებას გამოვრიცხავ.

 


ჩვენ ვთანამშრომლობთ ახალ გუბერნატორთან, ახლაც, ამ წუთას ერთად ვართ ერთ-ერთ სოფელში შეხვედრაზე, შემიძლია დაგიდასტუროთ“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ფარცვანიამ.

 


იმასთან დაკავშირებით, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში ღარიბაშვილ-კვირიკაშვილ-შონიას კადრების გათავისუფლება ხდება, არ აქვს ინფორმაცია ხობის მერს, გოჩა ქაჯაიას.

 

 

„ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. ლაშა გოგიამ რატომ დაწერა განცხადება და რა ხდება, ეს არ ვიცი. მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენ როგორც ვმუშაობდით, იმაზე გაორმაგებულად ვმუშაობთ. მსგავსი არაფერი არ არის“, განაცხადა ქაჯაიამ.

 


ამ თემებზე ასევე „არაფერი იცის“ მარტვილის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ.

 


„ვერაფერს გეტყვით, ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ, ხალხის არჩეული ვართ. ჩვენ ოფიციალური ცნობა არაფერზე არ მოგვსვლია. ვმუშაობთ ჩვეულებრივად“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ალექსანდრე გრიგალავამ, რომელმაც თათბირის მომიზეზებით, დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

 


მარტვილის მერმა ასევე არ იცის, რას შეიძლება უკავშირდებოდეს გოგიას გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი