სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, ჭიათურისა და ტყიბულის მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას სამძიმარი გამოუცხადა იმ ოჯახებს, რომლებსაც სხვადასხვა მაღაროში ოჯახის წევრები დაეღუპათ.
„მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეშახტეების მიმართ. თითოეული მეშახტე თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ თავისი კეთილსინდისიერი შრომით ოჯახი არჩინოს. სამწუხაროდ, შახტებში წლების განმავლობაში შრომის უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ საკითხზე და მივიღოთ შესაბამისი ზომები. ჩემთვის ცნობილია, რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ჩვენ გვჭირდება ისეთი სტანდარტები, როგორიც ევროპაშია, ეს სტანდარტები კი ადამიანის უფლებების და ჯანმრთელობის დაცვას გულისხმობს. მე მოვდივარ ამ გამოცდილებით, სურვილით და ეს არის ჩემი ვალდებულება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კანდიდატმა შეხვედრისას ყურადღება ემიგრაციის საკითხზე გაამახვილა.
„საქართველოდან, პრაქტიკულად ყველა ქალაქიდან და რეგიონიდან ბევრი ადამიანია წასული იმიტომ, რომ აქ დასაქმება ჭირს. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ამ ხალხთან კავშირი. მე თქვენი და მათი პრეზიდენტი ვიქნები. მათთვის უკვე კარგი საქმე გავაკეთე, რაც ეხება ორმაგ მოქალაქეობას იმისათვის, რომ ეს კავშირი არ შეწყდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ბევრი სხვა რამ არის გასაკეთებელი, რათა შევძლოთ მათი ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში, პოლიტიკაში, კულტურაში და გამოვიყენოთ ისინი, როგორც ქვეყნის ელჩები", - აღნიშნა კანდიდატმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ყველა რეგიონში აპირებს ჩასვლას და ცხოვრებას, რათა მოსახლეობასთან ერთად იმუშაოს იმ თემებზე, რომელიც მათთვის მტკივნეულია.
„ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი და შრომატევადი საქმე, არაფერი არ მოდის ადვილად. მე რომ გითხრათ, რომ ხვალ იმერეთს გავამდიდრებ, ეს იქნება ტყუილი, მაგრამ ის, რომ იმერეთში ჩამოვალ და თქვენთან ერთად მოვიფიქრებ ახალ გზებს იმისათვის, რომ ჩემი ექვსწლიანი მანდატის ამოწურვისას იმერეთი გაცილებით წინ იყოს წასული, ამას გპირდებით. თქვენთან ერთად ავაშენებთ იმ მომავალს, რომელიც არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ, ჩვენს ახალგაზრდებს დავტოვებთ ქვეყანაში და აქედან წასვლაზე არ იქნებიან ორიენტირებულნი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ამას მისი პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.