"ჩრდილოეთ კავკასიის ვილაიეთის" მსგავსად, 800 წლიანი წყვეტის შემდეგ – "თბილისის ამირად" არ დაგვინიშნონ ვინმე"!
ამ დღეებში, ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ” ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე ახალი პროვინციის (ვილაიეთის) შექმნის შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებმა ვილაითის შემადგენლობაში "შეიყვანეს" – ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და ყაბარდო-ბალყარეთი, ანუ რუსეთის ფედერაციის სუბიექტები.”ახალი მიწის” მმართველად უკვე გამოაცხადეს აბუ მუჰამედ კადარი. როგორი იქნება რუსეთის რეაქცია, ალბათ ადვილი მისახვედრია. რუსეთი ყველა თავისი შესაძლებლობებით დაუპირისპირდება ამ საშიშროებას და არ დაუშვებს დესტაბილიზაციას მის სამხრეთ საზღვრებთან.
ამავდროულად, ორიოდე დღის წინათ გავრცელდა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური (2014წ.) ანგარიში ტერორიზმის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ – "საქართველო გამოიყენება საერთაშორისო ტერორიზმისთვის როგორც წყაროდ, ისე სატრანზიტო ქვეყნად"!? და რომ – „საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მოძალადე ისლამისტი ექსტრემისტები კვლავ იყენებდნენ ქვეყანას რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩრდილოეთ კავკასიასა და სირია-ერაყს შორის სამოძრაოდ“!.. ამერიკელები, აქვე დასძენენ, – "იმ მოცემულობამ, რომ თბილისი ვერ აკონტროლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებს, დაძაბული ურთიერთობები აქვს რუსეთთან, რომელთანაც რთული რელიეფი ყოფს, შეზღუდა საქართველოს შესაძლებლობა, რომ დაიცვას მისი ჩრდილოეთ საზღვარი"!.. მაგრამ, საქართველოსთვის ეს ვერაფერი ნუგეშია, რადგანაც რუსები სავარაუდოდ განაცხადებენ შემდეგს, რომ – "არსებული რეალობიდან გამომდინარე, თუ საქართველო სრულყოფილად ვერ იცავს თავის ჩრდილოეთ საზღვრებს და არ ძალუძს აღუდგეს საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეს, მაშინ, რუსები "დავეხმარებით ქართველებს" და შევებრძოლებით "ისლამური სახელმწიფოს" ტერორირისტებს, – "როგორც რუსეთის ისე საქართველოს ტერიტორიაზეო"!.. როგორ გგონიათ, – "გაუჭირდებათ" რუსებს ასეთი განცხადების გაკეთება, ანდა არ იმოქმედებენ შესაბამისად?! რატომ აძლევს ამის საბაბს რუსეთს, საქართველოს #1 სტრატეგიული პარტნიორი, აშშ?! განა, სხვაგვარი ფორმულირებების გაკეთება არ შეიძლებოდა, როცა ტერორიზმზე წერდნენ და საქართველოს ეხებოდა ეს საკითხი, იმის გათვალისწინებით, რაც თავად ამერიკელებმა აღნიშნეს (რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი 2 რეგიონი!), სახდეპარტამენტის იმავე წლიურ ანგარიშში?!
მოკლედ, თითო თავსატეხს არავინ გვაკლებს, რა გამოდის, რომ – ამერიკა რუსეთს საქართველოზე "ნაკოლს" აძლევს?! ჟარგონის ენაზე ასეა, რომელიც რუსებზე ნაკლებად არც ამერიკელემა იციან!.. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება და ზოგადად ქართული საზოგადოებაც, ბოლომდე კარგად ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეს, რაც "ისლამური სახელმწიფოს" მოსალოდნელ გააქტიურებასთან არის დაკავშირებული კავკასიის რეგიონში! საქართველო შეიძლება, რომ ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს, როგორც რუსეთის ისე ამ ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან! დიახ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთთან ითანამშრომლებს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში, მაშინ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები საქრთველოს "სამიზნედ" აქცევენ, ხოლო თუ რუსეთმა "ჩათვალა", რომ საქართველო "პასიურობს და ამით ხელშეწყობა აქვთ ტერორისტებს", რუსეთი "დამოუკიდებლად იმოქმედებს" საქართველოს ტერიტორიაზე!მოცემულ სიტუაციაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული საზოგადოების აქტიურ პოზიციას, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას ჩვენს თანამემამულე მუსლიმური აღმსარებლობის პირებთან. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, ჩვენი ქისტები, ყოველთვის საქართველოს სადარაჯოზე იდგნენ და მჯერა, რომ ახლაც ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, უბრალოდ, საჭიროა რეგულარული ურთიერთობა, მათი სოციალ–ეკონომიკური პრობლემების დროულად გადაწყვეტა. მერწმუნეთ, რომ ინტერნეტის ეპოქაში, საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური პირების ყოველ საჯარო განცხადებას ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" მიმართებაში, ამ ორგანიზაციის მესვეურები ყურადღებით შეისწავლიან და ამიტომ, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს, თორემ "ჩრდილოეთ კავკასიის ვილაიეთის" მსგავსად, 800 წლიანი წყვეტის შემდეგ – "თბილისის ამირად" არ დაგვინიშნონ ვინმე!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.