გარკვეული პერიოდი „ქართულ ოცნებას“ საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როგორც კი მესამე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი გაჩნდება - არაკომპრომეტირებული და არადისკრედიტებული, „ქართული ოცნების“ საქმე ძალიან ცუდად წავა, აცხადებს გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ექსპერტი გია ხუხაშვილი.
„ბიძინა ივანიშვილმა ერთი პრობლემა გადაწყვიტა - პარტიის შიგნით დაწყებული დაპირისპირება. მის დაბრუნებას ერთგვარი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. გარკვეულწილად შიდა დისციპლინის აღდგენა მან შეძლო. მე ვფიქრობდი, რომ მეორე ეტაპზე უფრო შორს წავიდოდა და პარტიული წესრიგის შემდეგ სახელმწიფო წესრიგის დამკვიდრებას დაიწყებდა, მაგრამ ჯერ ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს - რატომ, ვერ გეტყვით. რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო გაუგებარი ხდება ეს ყველაფერი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს, რა თქმა უნდა „ქართულ ოცნებას“ ვნებს. ერთი ის არის, რომ პარტია რესურსებსა და მოწინააღმდეგის სისუსტეზეც დგას. ამიტომ გარკვეული პერიოდი „ქართულ ოცნებას“ საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როგორც კი მესამე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი გაჩნდება - არაკომპრომეტირებული და არადისკრედიტებული, „ქართული ოცნების“ საქმე ძალიან ცუდად წავა. სანამ მთავარი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, რასაც დღეს ვუყურებთ, ეს გაგრძელდება, მაგრამ ასეთი ამოუწურავიც არ არის, რომ უსასრულოდ გაგრძელდეს“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი და ასკვნის, რომ „თუ რეალური ალტერნატივა არ გაჩნდება, მაშინ პროცესი რევოლუციური გზით განვითარდება“.
„ვერ გეტყვით, რეალური ალტერნატივა როდის გამოჩნდება, მაგრამ სრულიად კანონზომიერია, როდესაც ბაზარზე არის მოთხოვნა, მიწოდებაც ხდება. ასე რომ, გამოჩნდება პოლიტიკური ცენტრი, ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. „ოცნების“ მოქმედების ვადა ალტერნატივაზეა დამოკიდებული. პარადოქსულია, მაგრამ მის ინტერესებშიც არის, რომ შეიქმნას... თუ რეალური ალტერნატივა არ გაჩნდება, მაშინ პროცესი რევოლუციური გზით განვითარდება, რადგან „ქართული ოცნება“ ძალიან ახლოს არის იმ წითელ ხაზთან, რომლის შემდეგაც სოციალური ბუნტი იწყება“, აცხადებს ექსპერტი, რომელიც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ოპოზიციური ალტერნატივა „ოცნების“ შიგნით შეიქმნას.
„წესით, მოვლენების ლოგიკა გვკარნახობს, რომ წყალგამყოფი შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყოს. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი მხრივ, საზოგადოებაზე და მეორე მხრივ, თავად პოლიტიკოსებზე. ძლიერი ალტერნატივის შექმნაც დამოკიდებულია საზოგადოებაზეც და პოლიტიკურ სპექტრზეც. ის, რომ ალტერნატივა შესაძლებელია „ოცნების“ შიგნით შეიქმნას, ამას ნამდვილად გამოვრიცხავ. რადგან გუნდის შიგნით ლიდერები საერთოდ არ არიან. გუნდის შიგნით ყველა ბიძინა ივანიშვილის რესურსით პარაზიტირებს. არავის, არც ერთ პოლიტიკოსს პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს“ - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - „არ ფიქრობთ, რომ კალაძეს ამ მიმართულებით შეიძლება ჰქონდეს ამბიციები?: - პასუხობს:
„კი, ნამდვილად შეიძლება ამბიციები ჰქონდეს. ეს ამბიციები კალაძეს დღესაც აქვს, მაგრამ მე პრაქტიკულ შესაძლებლობაზე ვსაუბრობ...“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.