პროცესის რევოლუციური გზით განვითარებას არ გამორიცხავს გია ხუხაშვილი - „ქართული ოცნება“ ძალიან ახლოს არის იმ წითელ ხაზთან, რომლის შემდეგაც სოციალური ბუნტი იწყება“... თუ ივანიშვილი არ იმოქმედებს, მაშინ ძალიან ცუდად დასრულდება“
24-09-2018, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისეთი მდგომარეობაა, რომ  ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესში და თუ ის არ იმოქმედებს, მაშინ ეს ისტორია ძალიან ცუდად დასრულდება,  აცხადებს გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ თუ „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა არ გაჩნდება, მაშინ პროცესი რევოლუციური გზით განვითარდება, რადგან „ქართული ოცნება“ ძალიან ახლოს არის იმ წითელ ხაზთან, რომლის შემდეგაც სოციალური ბუნტი იწყება“.

 


„მოცემულობა ისეთია, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესში და ამას უკვე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აკეთებს - საზოგადოებაშიც ჩამოყალიბდა კონსენსუსი, რომ ლამის ჯიხურის ჩადგმის ბიზნესიც ივანიშვილმა გადაწყვიტოს - ასეთი გაგებაა, რომ ყველაფერი ივანიშვილის დონეზე „ლაგდება“. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რეალობას შეესაბამება, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკაში რეალობას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც აღქმას. სამწუხაროდ, დღეს აღქმა ასეთია და ეს არის ბიძინა ივანიშვილი პრობლემა. მეტიც, „ოცნების“ პოლიტიკური ელიტა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვექტორი ივანიშვილისკენ გადაწიოს. ბოლო ფარულ ჩანაწერებშიც ხომ ეს გვესმის?! ეს არის ივანიშვილის პირადი პრობლემა, რაც მას, საბოლოო ჯამში, ძალიან დიდ პრობლემად ექცევა. ეს თაღლითები როდესაც გადაწყვეტენ, რომ მას ბოლომდე შეახოცონ ხელი თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე - ამ ხალხს საწერ კალამს ვერ გააგდებინებ ხელიდან - ყველაფერს ივანიშვილს დააბრალებენ... ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მას ოპოზიცია უფრო აფასებს, ვიდრე თავისი გუნდი - მაგრამ ამ პრობლემის მხოლოდ გაცნობიერება არ არის საკმარისი. მოქმედებებია საჭირო. თუ ის არ იმოქმედებს, მაშინ ეს ისტორია ძალიან ცუდად დასრულდება“, აცხადებს გია ხუხაშვილი, რომლის აზრითაც გარკვეული პერიოდი „ქართულ ოცნებას“ საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როგორც კი არადისკრედიტებული მესამე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი გაჩნდება მმართველი პარტიის საქმე ძალიან ცუდად წავა.

 


„ბიძინა ივანიშვილმა ერთი პრობლემა გადაწყვიტა - პარტიის შიგნით დაწყებული დაპირისპირება. მის დაბრუნებას ერთგვარი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. გარკვეულწილად შიდა დისციპლინის აღდგენა მან შეძლო. მე ვფიქრობდი, რომ მეორე ეტაპზე უფრო შორს წავიდოდა და პარტიული წესრიგის შემდეგ სახელმწიფო წესრიგის დამკვიდრებას დაიწყებდა, მაგრამ ჯერ ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს - რატომ, ვერ გეტყვით. რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო გაუგებარი ხდება ეს ყველაფერი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს, რა თქმა უნდა „ქართულ ოცნებას“ ვნებს. ერთი ის არის, რომ პარტია რესურსებსა და მოწინააღმდეგის სისუსტეზეც დგას. ამიტომ გარკვეული პერიოდი „ქართულ ოცნებას“ საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როგორც კი მესამე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი გაჩნდება - არაკომპრომეტირებული და არადისკრედიტებული, „ქართული ოცნების“ საქმე ძალიან ცუდად წავა. სანამ მთავარი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, რასაც დღეს ვუყურებთ, ეს გაგრძელდება, მაგრამ ასეთი ამოუწურავიც არ არის, რომ უსასრულოდ გაგრძელდეს“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი, რომელიც ასკვნის, რომ „თუ რეალური ალტერნატივა არ გაჩნდება, მაშინ პროცესი რევოლუციური გზით განვითარდება“.

 


„ვერ გეტყვით, რეალური ალტერნატივა როდის გამოჩნდება, მაგრამ სრულიად კანონზომიერია, როდესაც ბაზარზე არის მოთხოვნა, მიწოდებაც ხდება. ასე რომ, გამოჩნდება პოლიტიკური ცენტრი, ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. „ოცნების“ მოქმედების ვადა ალტერნატივაზეა დამოკიდებული. პარადოქსულია, მაგრამ მის ინტერესებშიც არის, რომ შეიქმნას... თუ რეალური ალტერნატივა არ გაჩნდება, მაშინ პროცესი რევოლუციური გზით განვითარდება, რადგან „ქართული ოცნება“ ძალიან ახლოს არის იმ წითელ ხაზთან, რომლის შემდეგაც სოციალური ბუნტი იწყება“, აცხადებს ექსპერტი, რომელიც თვლის, რომ წყალგამყოფი შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყოს.

 

 

„წესით, მოვლენების ლოგიკა გვკარნახობს, რომ წყალგამყოფი შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყოს. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი მხრივ, საზოგადოებაზე და მეორე მხრივ, თავად პოლიტიკოსებზე. ძლიერი ალტერნატივის შექმნაც დამოკიდებულია საზოგადოებაზეც და პოლიტიკურ სპექტრზეც. ის, რომ ალტერნატივა შესაძლებელია „ოცნების“ შიგნით შეიქმნას, ამას ნამდვილად გამოვრიცხავ. რადგან გუნდის შიგნით ლიდერები საერთოდ არ არიან. გუნდის შიგნით ყველა ბიძინა ივანიშვილის რესურსით პარაზიტირებს. არავის, არც ერთ პოლიტიკოსს პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს“ - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - „არ ფიქრობთ, რომ კალაძეს ამ მიმართულებით შეიძლება ჰქონდეს ამბიციები?: - პასუხობს:

 


„კი, ნამდვილად შეიძლება ამბიციები ჰქონდეს. ეს ამბიციები კალაძეს დღესაც აქვს, მაგრამ მე პრაქტიკულ შესაძლებლობაზე ვსაუბრობ...“

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი