„ივანიშვილი კუთხეშია მიყენებული... ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, თითქოს განგებ უნდა, რომ ქუჩა ხალხით გაივსოს და ეს თუ უნდა, გაივსება!“ - ვახტანგ ძაბირაძე
25-09-2018, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული აუდიო ჩანაწერებით იმის ლუსტრაცია მოხდა, რაზეც საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ, რომ ხდება ბიზნესის ცალკეული სფეროების დაპატრონება, მონოპოლიზება და ბაზრის მთლიანად გაკონტროლების მცდელობა, - აცხადებს გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე და დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ამ სიტუაციაში კუთხეშია მიყენებული“ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ „ხელისუფლებაში მყოფი პირები მოსწრებაზე არიან“, დრო კი „ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს“ და ამ ფონზე, ექსპერტის დასკვნით, „ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, თითქოს განგებ უნდა, რომ ქუჩა ხალხით გაივსოს და ეს თუ უნდა, გაივსება!“

 

 

მისი თქმით, არსებული სახელმწიფო სისტემის შეცვლა არავის უნდა და დღეს იქნებოდა თუ ხვალ, ჩვენ ისევ დავეშვებოდით იქამდე, რომ კვლავ დაიწყებოდა ბიზნესის გადანაწილება, ახალი დაჯგუფების შექმნა, ფინანსური კლანების ჩამოყალიბება.

 


„არსებული სისტემა ან უნდა მართო ისე, როგორც სააკაშვილი მართავდა, ან ისე, როგორც შევარდნაძე, მაგრამ ქვეყნისთვის გამოსადეგი არც ერთია და არც მეორე“, მიიჩნევს ექსპერტი.

 


„კონკრეტულად ამ შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, საქართველოში თამბაქოს ბიზნესი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე სხვადასხვა კლანის ინტერესის საგანს წარმოადგენდა და წარმოადგენს. ჩემი აზრით, ჩანაწერში ზუსტად იმაზეა საუბარი, რომ ვიღაცას გაუჩნდა სურვილი, ორი საწარმოსგან მონოპოლია შეექმნა, შემდეგ უკვე სიგარეტის იმპორტი დაებლოკა და ამის მისაღწევად კონკრეტული პირების სახელს იყენებდა ან შესაძლოა მათი ნებართვითაც მოქმედებდა. ქვეყნისთვის ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს? ეს არის სამწუხარო რეალობა. არ ვგულისხმობ, რომ მაინცდამაინც ივანიშვილია დაინტერესებული თამბაქოს ბიზნესით, რადგან ეს რომ ნდომოდა, სხვაგვარად შეეძლო გაკეთება - მას საწყისი კაპიტალიც აქვს, იმპორტზე მუშაობაც შეუძლია და წარმოებაც, მაგრამ ფაქტია, რაც ხდება, ხდება ივანიშვილის სახელით ან მასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ. ასე იყო შევარდნაძის დროსაც, როდესაც, მისი სახელით მოქმედებდნენ და მის სახელს იყენებდნენ. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს და მისგან რა უნდა გაგვიკვირდეს? ეს კაცი ხომ ქართველი საზოგადოებისთვის 90-იანი წლებიდან დღემდე სწორედ საეჭვო სქემებთან ასოცირდება“, აღნიშნავს ძაბირაძე და განაგრძობს:

 


„ივანიშვილი ამ სიტუაციაში კუთხეშია მიყენებული - თუ ეს მის უნებართვოდ ხდებოდა, მაშინ რაიმე რადიკალური ზომა უნდა მიიღოს და მე თუ მკითხავთ, აქამდეც უნდა მიეღო. თუ თავად იყო ჩართული, ესეც მისი პასუხისმგებლობაა. მაინც მგონია, ამ საქმეზე ივანიშვილს ინფორმაცია რაღაც დონეზე ექნებოდა, შესაძლოა არასრული ან არასწორი, მაგრამ ექნებოდა. ჩანაწერში ახსენებენ „ფონდს“ ანუ „პარტიას“, სადაც 50% უნდა წავიდეს - საგანგაშოა, თუ „პარტიაში“ მმართველ პოლიტიკურ ძალას გულისხმობენ. ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს და ამით თავად ივანიშვილიც უნდა იყოს დაინტერესებული. დავიჯერო, ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს, რას ეუბნებიან და მერე მისი სახელით და მის ზურგს უკან რას და როგორ აკეთებენ... რაც შეეხება ჩანაწერებში ნახსენებ „მეგობარ ოთარს“, ფარცხალაძე სახელისუფლებო წრეზე ტრიალებს და ამ წრიდან მისი განდევნა ვერ ხერხდება. ასეთი ხალხი ხან ივანიშვილთან არის, ხან ცოტა მოშორებით, ხან გაჩუმდება და განზე გადგება, მერე ისევ გამოჩნდება, მაგრამ მათი საბოლოოდ მოშორება არ ხერხდება. სავარაუდოდ, მსგავსი დაჯგუფება ერთი კი არა, რამდენიმეა. ამიტომ არის საჭირო, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერად და არა პარტიის თავმჯდომარედ, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს. სხვანაირად საკითხი ვერ მოგვარდება, რადგან ივანიშვილის ფაქტორია გადამწყვეტი, მის სახელს იყენებენ და ამ დროს ის არ არის ოფიციალური პირი. თუ არადა, ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, თითქოს განგებ უნდა, რომ ქუჩა ხალხით გაივსოს და ეს თუ უნდა, გაივსება!“

 


ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „მთლიანად გუნდი და სისტემაა შესაცვლელი“.

 


„ვფიქრობდი, რომ ამისთვის დრო წლის ბოლომდე ჰქონდათ, მაგრამ პროცესები ისე მიდის, დროც აღარაა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, ხელისუფლებაში მყოფი პირები მოსწრებაზე არიან. ამიტომ დრო ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს. სტრუქტურული ცვლილებაა საჭირო, რომ სისტემამ დაბლოკოს ასეთი გარიგებები.... ივანიშვილის ჩხარტიშვილთან სტუმრობით იმის დემონსტრირება სცადეს, თითქოს ეს თემა არ ადარდებთ და მათ არ ეხება, მაგრამ საქმე ის არის, საზოგადოება ამას როგორ მიიღებს. საზოგადოებამ კი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ის ხალხიც იყო, ვისაც ფოლკლორის საკითხები ეხება, სწორედ ისე ჩათვალა, რომ მათ ეს თემა გამოიყენეს, რათა შეენიღბათ ის მთავარი, რაზეც საუბარი უნდოდათ. რაც შეეხება ჩხარტიშვილს, მას არ უნდა, რომ მარტო დარჩეს, უნდა, რომ სწორედ ივანიშვილი ჩანდეს მის გვერდით. ამის უფლებას ივანიშვილი რამდენად მისცემს, თუნდაც პიარისთვის გამოიყენოს მისი სახელი, ეს მალე გამოჩნდება“, დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - „თქვენ სისტემის ცვლილება ახსენეთ. იქნებ ხელისუფლებაში მყოფ პირებს აწყობთ ასეთი სისტემის არსებობა?“ - პასუხობს:

 


„შევარდნაძესაც აწყობდა ის სისტემა და ბოლო წლები, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში გაატარა. სააკაშვილსაც აწყობდა ის სისტემა და ახლა ჰოლანდიაშია. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მასაც ასე მოუწევს... დღეს იქნება თუ ხვალ, იძულებული გახდება, უკეთეს შემთხვევაში, მიატოვოს ყველაფერი და წავიდეს... ახლა მთავარი ის არის, რომ მისი ყოფნა იქ არის საჭირო, საიდანაც ქვეყანაში სიტუაცია უნდა დალაგდეს. დასალაგებელი პრობლემა კი, როგორც ვხედავთ, სასიცოცხლოდ კრიტიკულია“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი