ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.
კენკროვანი კულტურების გაშენება და მცირემეწარმეობის განვითარება იყო ხონის მუნიციპალიტეტის მერის წინასაარჩევნო დაპირება.
ლადო ჯურხაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც შესაძლებლობა ეძლევა განავითაროს საკუთარი მცირე ფერმერული მეურნეობები და მიიღოს სარგებელი.
პროექტის ფარგლებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.
ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰა-ზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარკონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა.
პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო.
პროექტის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
პროექტში ხონის მუნიციპალიტეტის ჩართვასა და მოსახლეობის დაინტერესებაზე უფრო დეტალურად ხონის მუნციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე საუბრობს.
- რამდენად მნიშვნელოვანია კენკროვანი კულტურის განვითარება და რას მოუტანს ფერმერებს ახალი პროექტი, რომელიც „დანერგე მომავლის” ფარგლებში შემუშავდა?
- სოფლის მეურნეობის სექტორი მეტად მიმზიდველია. საქართველოს აქვს უზარმაზარი აუთვისებელი სასოფლო სამეურნეო პოტენციალი, იმდენად დიდი, რომ შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხუთჯერ გაზრდა. საშინაო და საერთაშორისო ბაზრებს კი, შეუძლიათ ასეთი გაზრდილი რაოდენობით წარმოებული პროდუქციის ათვისება. ამის შედეგად, მრავალი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია სოფლად სიღარიბესთან, უმუშევრობასა და საკვების დეფიციტთან, აღმოიფხვრება. საქართველოს სოფლის მეურნეობა დღეს დგას დიდი გამოწვევის წინაშე - გადაიჭრას სოფლის მეურნეობის მნიშვნელობის გაცნობიერებასთან და სოფლის მეურნეობით დაინტერესებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არაერთი პროგრამა შეიმუშავა, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას. ერთ-ერთი ასეთი პროპგრამაა „დანერგე მომავალი“ და პროგრამის ახალი კომპონენტი, კენკროვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობა.
- რა პოტენციალი/პერსპექტივა აქვს ხონში სოფლის მეურნეობისა და კენკროვანი კულტურების განვითარებას?
- მრავალწლიანი კულტურების გაშენება სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური განვითარება, რაც გულისხმობს, რომ ყველა, მათ შორის, მცირე მწარმოებელიც, იყვნენ ჩართულები განვითარების პროცესში. ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ სწორედ მცირემიწიანი ფერმერების მხარდაჭერას გულისხმობს. კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ხონში არსებული მიწები, ვარგისია კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის.
სახელმწიფოს მიერ კი, დათვლილი და კარგად შესწავლილია ის სარგებელი, რასაც აღნიშნული მეურნეობის დანერგვის შედეგად მიიღებს ფერმერი.
- რა არის საჭირო რომ სოფლის მეურნეობა უფრო ეფექტიანი გახდეს?
- ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცოდნა და ინფორმირებულობა, რომელიც დღეს მცირე ფერმერების მთავარ პრობლემად მიმაჩნია. იმ გზების, კვლევების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ბაზრის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის ქონა, რომელიც პროდუქციის წაროებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. მეორე კომპონენტი კი, ის პროგრამები და პროექტებია, რაც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას მოისაზრებს.
- მცირე ფერმერმა, გლეხმა როგორ უნდა გაყიდოს, როგორ გაიტანოს ექსპორტზე პროდუქცია?
- აღნიშნული პროგრამა სწორედ მცირემიწიან ფერმერებზეა გათვლილი და ვარწმუნებ თითოეულ მათგანს, რომ ნედლეულის გასაღების პრობლემა არ შეექმნებათ. პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ პროექტის კიდევ ერთ კომპონენტზე, რომელიც სამაცივრე მეურნეობის მოწყობას მოისაზრებს. თუმცა, ხონში შემოდის კიდევ ერთი უცხოური კომპანია, რომელიც ფერმერებისაგან ნედლეულს ადგილზე ჩაიბარებს.
- რას ეტყოდით მოსახლეობას, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ აღნიშნულ პროექტში ჩართვა?
- გახსოვთ, ალბათ, ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვამბობდი, რომ ხელს შეგიწყობდით კენკროვანი კულტურების მოშენებაში და დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს დაპირება ჩემს გუნდთან ერთად, დიდი მცდელობის შედეგად შევასრულე. მოლაპარაკებების შედეგად, ხონი დაემატა იმ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალს, სადაც აღნიშნული პროგრამა განხორციელდება. ამისთვის მხოლოდ თქვენი სურვილია საჭირო. დავდივართ ყველა თემში სოფელში, დასახლებაში და მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას. ასევე, მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ პირს ინდივიდუალურადაც გავუწიოთ კონსულტაცია და დავეხმაროთ მიიღოს ყველა ის სიკეთე რასაც პროგრამა სთავაზობს. ასევე, ადგილობრივ დონეზე გვაქვს შემუშავებული პროექტი, რომელიც ნიადაგის დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას გულისხმობს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვეტყოდი, რომ ნუ შეეშინდებათ სიახლეების და მაქსიმალურად გამოიყენონ ის შანსი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. ჩვენ მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ დროს გავუწიოთ კონსულტაცია და ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსი გამოვიყენოთ მათ საკეთილდღეოდ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.