საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტისას „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ თქვა უარი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრაზე.
მან აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როცა ახალი კონსტიტუციით, მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილება საგრძნობლად არის შეკვეცილი და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის როლი კიდევ უფრო შეზღუდულია როგორც საგარეო, ისე საშინაო საკითხებში, „თქვენ ნახავდით იგივე პერსონაჟს ბევრად ნაკლები ძალით, რაც არ იქნებოდა სასარგებლო პოლიტიკური პროცესისთვის“ და ამიტომაც იგი „გავიდა ამ თამაშიდან“.
„ამბობენ, რომ ორჯერ ერთი და იგივე მდინარეში შესვლა არ შეიძლებაო და ორჯერ, მდინარეში, რომელმაც დაიკლო, შესვლა კიდევ უფრო ძნელია. ასე რომ, უფლებამოსილებების შეკვეცის პარალელურად... (იცინის) ყველა პრეზიდენტს აქვს თავის სტილი მმართველობისას, თავისი სტილი პოლიტიკური საქმიანობის. ეს 5 წელი მართლაც რთული იყო იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც საქართველოს ჰქონდა. საქართველოსთვის, ჩვენი დინამიკისთვის, პრეზიდენტი, რომელიც არ არის არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, ბუნებრივად ამ რაღაც ძალიან აღელვებულ, ემოციურ, ხშირად ეგზალტირებულ პოლიტიკოსთა გუნდს, ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს, ან მეათეს როდესაც რამეს, ასე ვთქვათ, ბოლომდე არ შეუსრულებ, ან ნაწილობრივ გაუკეთებ, ისეთი აღშფოთება არის ხოლმე, რომ ეს ძნელი გადასატანია და მისაღებია, რომ პრეზიდენტი არც ერთი პარტიის არ არის. რთული იყო ამ სიბრტყეში პრეზიდენტობის და პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნება იმიტომ, რომ შესანარჩუნებელი იყო ინსტიტუტი, რომელსაც მეთოდურად დემონტაჟით ემუქრებოდნენ, და ამავე დროს, ამ ბალანსის დაკავება. იგივე როლის შესრულება, იგივე პიროვნებისთვის, ფაქტიურად ყველა წაღებული უფლებით, რომელიც აქამდე გვქონდა, მათ შორის სხვათა შორის, საერთაშორისო, შიდა პროცესებში, სასამართლო ხელისუფლების ფორმირება, ამის გარეშე ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ნახავდით იგივე პერსონაჟს ბევრად ნაკლები ძალით და ეს არ იქნებოდა სასარგებლო, ჩემი აზრით, პოლიტიკური პროცესისთვის და ამიტომაც გამოვედი ამ თამაშიდან“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ისურვა, რომ შემდგომმა პრეზიდენტმა მასზე უკეთესად შეძლოს საქმიანობის წარმართვა.
„როგორც პოლიტიკოსმა, როგორც ადამიანმა არ უნდა იფიქრო, რომ შეუცველი ხარ და შენს მერე მოვა სხვა, სავარაუდოდ, კარგი იქნება, რომ შენზე უკეთესად გააკეთოს. მას უფრო რთული წინაპირობა ექნება იმიტომ რომ, ნაკლები რესურსი ექნება, მაგრამ ახალი იქნება ამ როლში. იქნებ ჩემზე უკეთესად შეძლონ ამის გაკეთება, იმის გაკეთება, რომ ერთდროულად არ იყვნენ არც ერთი მხარის და არც ერთი ძალის და არც ერთი ძალიან ხმამაღალი ხმის მსახური, არამედ უფრო ღირებულებებზე გააკეთონ აქცენტი. მე ნამდვილად არ ვარ შეუცვლელი, საქართველო სავსე არის პოლიტიკოსებითაც და ნიჭიერი ადამიანებითაც“, აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მისთვის პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე მთავარი საკითხები, რაზეც ის ყურადღებას ამახვილებდა პიროვნული თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, მისი სუვერენიტეტის განმტკიცება იყო.
„საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ; რომ ეს არის ისტორიული უსამართლობა და რაც მთავარია, რომ აბსოლუტური რწმენა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად დავამარცხებთ, რომ რუსები არ შეირჩენენ და ჩვენც არ შევარჩენთ ამ ისტორიულ უსამართლობას. ისევე როგორც დაგვინგრევია ბევრი ჩვენზე ძლიერი იმპერიის, ასე ვთქვათ, მტკიცე ბურჯები საქართველოში და ეს გაგვინადგურებია და აღგვიდგენია ჩვენი მთლიანობა, ასევე რუსებს ჩვენ გავუშვებთ საქართველოდან... საქართველოს მიწა-წყალზე არასოდეს უნდა იყოს ოკუპანტი და სანამ იქნება, არც ერთი ქართველი ამას არ უნდა შეეგუოს“, თქვა პრეზიდენტმა და დაამატა:
„სანამ არ დამთავრდება ოკუპაცია, ეს არის მუდმივი მტკიცება, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, რუსეთის ფედერაცია დღესაც, 100 წლის წინათაც, მანამდეც, ახორციელებდა აგრესიულ პოლიტიკას რეგიონში, რომ ამას ჩვენ არასდროს არ შევეჩვევით და არავის არ ეგონოს, მათ შორის სხვა მესამე ქვეყნებს, რომ როდესმე ჩვენ მშვიდად მივიღებთ ამას და როდესმე რაღაცნაირად დავივიწყებთ იმას, რომ ჩვენი მიწა-წყალი მიტაცებულია და რომ ამ პროცესში არ იქნება, ასე ვთქვათ, მიჩვევა და შეჩვევა ამის და რომ მათ ინტერსებშიც არის, რომ ჩვენ გვერდით იდგნენ და ერთად აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.