მიმავალმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაამჟღავნა, თუ რა იყო, ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების შემდეგ, მისთვის „ძალიან სერიოზული დარტყმა“ „ქართული ოცნებისაგან“
07-10-2018, 14:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტისას „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის „ფარდის მიღმიდან“ გამოსვლა და პარტიის თავმჯდომარის როლში დაბრუნება დადებითი ფაქტია, მაგრამ მისი აზრით, ეს საკმარისი არ არის პოლიტიკური პროცესების ჯანსაღი განვითარებისათვის, რადგან „ასეთივე ძლიერი ლიდერები ჰყავდათ სხვა პარტიებსაც“ და თუ საქართველოში ერთპარტიული სისტემა არ შეიცვალა, ისე ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შეფერხდება.

 


მან თქვა, რომ პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის დაპირისპირების ტალღა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებული პოლტიკური ურთიერთობის დასრულების შემდეგ წამოვიდა, თუმცა არ თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა „არაერთმა პლეადამ მინისტრების, პრემიერ მინისტრების (იღიმის) და პარლამენტების“ პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება მოახერხა. მარგველაშვილი ამბობს, რომ მან შეძლო „ბოლომდე გამოეწურა“ ის უფლებები, რაცპრეზიდენტს გააჩნდა. უფრო მეტიც, „ხშირად, იმის იქეთაც გადასულიყო და უფლებამოსილებები განეხორციელებინა“.

 


მან მისი პრეზიდენტობის რთული პერიოდებიც გაიხსენა და გაამჟღავნა, თუ რა იყო მისთვის „ძალიან სერიოზული დარტყმა“ „ქართული ოცნებისგან“.

 


„შევხედოთ ფაქტს, საქართველოში ჩვენ ვერ გადავდგით ნაბიჯი, რომ ერთპარტიული სისტემიდან გადავერთოთ სტაბილურ, მრავალპარტიულ, ევროპულს სისტემაზე. ეს ახსნები მომისმენია, ბატონი, ბატონა არა... მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლებისგან, (იღიმის) არ მინდა ბატონი ედუარდი ვახსენო, სულ პოზიტიურად მინდა საუბარი (იღიმის), „მოქალაქეთა კავშირისგან“ მომისმენია ეს ახსნები, რატომ არის ეს ასე. მომისმენია ეს ახსნა „ნაციონალური მოძრაობისგან“, ახლა ვისმენ ამ ახსნას „ქართული ოცნებისგან“, რომ რაღაცა ღვთით მოცემული ნიჭით, ყველა პატრიოტი, ჭკვიანი, განათლებული და ლამაზი და ჯანმრთელი გაერთიანდა ერთ პარტიაში, ხოლო დანარჩენი, უნიჭოები, უნიათოები და გაუნათლებლები არიან მიმობნეულნი დანარჩენ პარტიებში. ეს იგივე ნარატივია, რასაც ყვებოდა, „მოქალაქეთა კავშირი“, რასაც ყვებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, რასაც მიყვება მე და თავის თავს უყვება, რაც მთავარია და სჯერა, „ქართული ოცნება“. ერთპარტიული მმართველობა არის საწინააღმდეგო ნორმალური, ჯანმრთელი პლურალიზმისა, რომელიც ბუნებრივია ადამიანებისთვის. მრვალფეროვნება უნდა არსებობდეს პოლიტიკაში. თუ ეს არ არის, დანარჩენი ყველაფერი არის ბელეტრისტიკა“, განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ უფრო სხვანაირი სისტემა გვექნებოდა, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება რომ მომხდარიყო.

 


პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის „ფარდის მიღმიდან“ გამოსვლა და პარტიის თავმჯდომარის როლში მისი ყოფნა კარგი მოვლენაა, მაგრამ მისი თქმით, „ასეთივე ძლიერი ლიდერები ჰყავდათ სხვა პარტიებს და ალბათ თავისი არგუმენტები ჰქონდათ რატომაც ყველაზე ნიჭიერი ადამიანები სწორედ მაშინ, ყველაზე ნიჭიერი და პატრიოტი ადამიანები შევარდნაძემ შემოიკრიბა, მერე ყველაზე ნიჭიერები, პატრიოტები და ჭკვიანები სააკაშვილმა, ახლა ყველაზე ნიჭიერი და პატრიოტი ადამიანები ბიძინას ნათელი მზერით იქნენ გამოვლენილი და ამხელა ბედნიერებაში ვართ, მაგრამ ეს ხომ ნათელია, რომ არ არის ბუნებრივი, როდესაც მარტო ერთი პარტიაა“.

 


შეკითხვაზე, - უკავშირებს თუ არა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირებას იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დასუსტდა? - მარგველაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:

 


„პრეზიდენტის ინსტიტუტი კი არ დასუსტდა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩემს შემდეგ იქნება შეცვლილი კონსტიტუციის მიხედვით. ასე რომ, მე არა მგონია რომ რაიმე მაინც მოახერხეს არაერთმა პლეადამ მინისტრების, პრემიერ მინისტრების (იღიმის) და პარლამენტების, რომ რაიმე რეალურად ძალაუფლება... საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი თავის დროზე, 2010 წელს დაასუსტა სააკაშვილის ცვლილებებმა. მე რაც მქონდა დარჩენილი, ბოლომდე, ასე ვთქვათ, გამოვწურე, მე მგონი. უფრო ხშირად, იმის იქეთაც გადავედი და უფლებამოსილებები განვახორციელე, მაგრამ რაც მოხდა მერე, უფრო სწორად, რა შეტევის ტალღაც იყო პირველივე დღიდან, ბუნებრივია, ეს ამის ნათელი ასახვა იყო და ბუნებრივი იყო, რომ ეს მოხდებოდა... მე არ ვიყავი დიდი მეგობარი „ქართული ოცნების“. ჯერ, ახლა ვინ არის არ ვიცი, ისინი სად მსახურობდნენ ან ვინ იყვნენ. ძირითადი ნაწილი, როგორც მე მეუბნებიან, ძალიან აქტიურად იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში ჩართული, ნუ დაბალ რგოლებში, დანარჩენი საერთოდ არ იყო პოლიტიკაში, მაგრამ მაშინაც, პირველ ეტაპზე ხომ იყვნენ პოლიტიკოსები, ჩემთვის ვიზავი არასოდეს არ ყოფილა რომელიმე ქართული ოცნების პოლიტიკოსი. მე, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში ჩემი ურთიერთობები იყო ჩემსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობა. ეს ურთიერთობა რომ დამთავრდა, ბუნებრივია, იქ გაჩნდა ეს ტალღაც დაპირსპირების. აბა საიდან წამოვიდოდა. მე ამ ადამიანებთან გასაყოფი არასოდეს არაფერი არ მქონია და ამათ ხომ საერთოდ არ ვიცნობდი და იმათთთანაც არაფერი გასაყოფი მე არ მქონდა. აბა საიდან უნდა წამოსულიყო (მხრებს იჩეჩავს). რა ვიცი, შეიძლება ინსტიქტურადაც, პოლიტიკოსებს ისე უყვართ ერთმანეთთან დაძაბულობა და მით უმეტეს თუ მათ მთავარ, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელთან დაძაბულობა გაქვს, ბუნებრივია იქ გაიხსენობდა შესაძლებლობები“.

 


მარგველაშვილმა მისი პრეზიდენტობის რთული პერიოდები გაიხსენა და ერთ-ერთად დაასახელა 2015 წელს ოკუპაციასთან დაკავშირებით მისი ინიციატივით გამართული დისკუსია, რომელზეც მისი თქმით, ყველა პარტია მივიდა, „ქართული ოცნების“ გარდა, რაც მისთვის „ძალიან სერიოზული დარტყმა“ აღმოჩნდა.

 


„ჩემი მიზანი იყო ამ რთულ ვითარებაში, როცა პრაქტიკულად, 2014 წელს დავიწყე პრეზიდენტობა და როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვეხატებოდი გულზე... პარალელურად „ქართულ ოცნებასაც“ არ ვეხატებოდი გულზე, აი, ამ რთულ ვითარებაში, შემენარჩუნებინა ის, რაზეც მიდიოდა მთავარი დარტყმა, სახელმწიფო ინსტიტუტები და ყველაზე მეტად პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს იყო მიზანი, ქვეყნის ინტერესების ლობირება და წარმოდგენა ქვეყნის გარეთ და ბუნებრივია, მცდელობა, რაც თითქოს ერთი თვალსაზრისით იოლად ჩანს, თანხმობის სფეროების მოპოვების. აი, ძალიან მოკლედ გეტყვით. მე მახსოვს 2015 წელს, მე დავიწყე დისკუსია ოკუპაციასთან დაკავშირებით. ყველა პარტია მოვიდა დისკუსიაზე, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტთან ამ საკითხზე სასაუბრო არაფერი არ აქვს. და ის დისკუსია, იცით რაზე იყო? რაღაც ერთიანი საზოგადოებრივი, პოლიტიკურიც კი არა, ერთიანი საზოგადოებრივი პოზიციის შემუშავებაზე ოკუპაციის თემასთან მიმართებაში. ეს სხვათაშორის, ძალიან სერიოზული დარტყმა იყო მაშინ. ვერც კი წარმომედგინა, რომ რომელიმე პოლიტიკოსი იტყოდა, რომ მე პრეზიდენტთან, რომელიც არის ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტი, მე არ ვილაპარაკებ ქვეყნის მთლიანობაზე“, აღნიშნა მარგველაშვილმა და დაამატა, რომ ასეთ უთანხმოებას სხვა საკითხებთან მიმართებაშიც ბევრჯერ ჰქონდა ადგილი და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ ოპოზიციასთანაც.

 

 

ამავე ინტერვიუში მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე მთავარი საკითხები, რაზეც ის 5-წლიანი მმართველობისას ყველაზე მეტ ყურადღებას ამახვილებდა, პიროვნული თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, მისი სუვერენიტეტის განმტკიცება იყო. ამ კონტექსტში მან თქვა, რომ ისევე როგორც გაგვინადგურებია ბევრი, ჩვენზე ძლიერი იმპერიები საქართველოში და აღგვიდგენია ჩვენი მთლიანობა, ასევე რუსებს ჩვენ გავუშვებთ საქართველოდან. 

 

 

ვრცელ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა ისიც განმარტა, თუ რატომ თქვა უარი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრაზე.

 

კომენტარები: 1
#1   იური
      
სიმართლეს ამბობს ბატ~ნი პრეზიდენტი. დაძაბულ მდგომარეობაში პრეზიდენტობა. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი მართლაც რთულია ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში მუშაობა.

ვიტყვი რომ ის არის ერთადერთი პრეზიდენტი ნოე ჟორდანიადან დაწყებული რომელსაც თავისუფლად უწოდო ,,უსისხლო პრეზიდენტი.

საქართველოს შეიარაღებულ ძალების ვეტერან ოფიცერთა სიმღერის ანსამბლ ,,მშვიდობა''-ს 15 წლის იუბილე აქვს რომელიც დაუფინანსებლად ატარებს საქველმოქმედო პატრიოტულ თემებზე კონცერტებს და არავინ არ დაგვაფინანსა.მხოლდ მან
" 10 საუკეთესო მომღერლებს 2018 წლის ივნისის თვეში ახალი საიუბილეო სამხედრო ფორმა აჩუქა და ამ ადამიანობას -კაცობას ვერ დავივიწყებთ. მადლობა მას ამისთვის.

სამხედრო ფსიქოლოგი, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი. იური გალდავა მედიცინის ვიცე-პოლკოვნიკი.
12 ოქტომბერი 2018 13:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი