გრიგოლ ვაშაძე 26%, სალომე ზურაბიშვილი 14%, დავით ბაქრაძე 12% - „​ედისონ რისერჩი“​-ის ახალი კვლევის შედეგები, რომელიც „რუსთავი 2“-მა დაუკვეთა
07-10-2018, 21:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით Edison Research-მა უკვე მეორედ ჩაატარა წინასაარჩევნო კვლევა. 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით კომპანიის წარმომადგენლებმა 3 ათასი ადამიანი პირისპირ გამოკითხეს და მათი პასუხები შეაჯამეს. ცდომილების ზღვარი +/-2%-ია.

 

 

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით Edison Research-მა შარშანდელ არჩევნებზეც ჩაატარა მსგავსი კვლევა და ეგზიტპოლები და შარშან ზუსტად იწინასწარმეტყველა კახი კალაძის გამარჯვება თბილისში.

 

 

ახალ კვლევაში, ანუ მომდევნო ათი დღის განმავლობაში პასუხები ასე გადანაწილდა.

 

 

გრიგოლ ვაშაძის პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა და 26%-მდე ავიდა. ვაშაძე ერთადერთია, ვისი მხარდამჭერების რიცხვიც გაიზარდა.

 

 

დავით ბაქრაძის მონაცემი იმდენად შემცირდა, რომ მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. წინა კვლევაში 18% ჰქონდა, ახლა კი 12%.

 


დაიკლო სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა რიცხვმაც 15-დან 14%-მდე.

 

 

იგივე მდგომარეობაა შალვა ნათელაშვილის შემთხვევაშიც - ახალ კვლევაში მას 8-ის ნაცვლად 7% უჭერს მხარს.

 

 

მოიმატა იმ ადამიანების რაოდენობამაც, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, ვის მისცენ ხმა ან თავს იკავებენ პასუხისგან - 25%-დან 29%-მდე.

 

 

გამოკითხვის დროს რესპოდენტებს პირდაპირაც უსვამენ კითხვას - ვის აძლევთ ხმას? - თუმცა უსვამენ დამატებით კითხვებსაც, რომლებიც, ხშირად, პირდაპირ არჩევნებს არც ეხება. ამ დამაზუსტებელი პასუხების საფუძველზე, სქესის, ასაკის და სხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მკვლევარები ასკვნიან, ვის შეიძლება, დიდი ალბათობით, მისცეს ხმა იმ ადამიანმაც კი, რომელიც პირდაპირ არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს.

 

 

როდესაც ვითვალისწინებთ ამ დამაზუსტებელ პასუხებსაც და ხმის მიცემის მოსალოდნელ ალბათობასაც, შედეგები ასეთია:

 


გრიგოლ ვაშაძე 31%;

 

 

სალომე ზურაბიშვილი 16%;

 

 

დავით ბაქრაძე 15% - მან ისევ მესამე ადგილზე გადაინაცვლა;

 

 

შალვა ნათელაშვილი 7%.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ აქ მაჩვენებლები უფრო მაღალია, 50%-იანი ბარიერის გადალახვას ვერცერთი კანდიდატი ვერ ახერხებს, რაც მეორე ტურის აუცილებლობაზე მიუთითებს.

 

 

ედისონ რისერჩი ანტი-რეიტინგსაც ადგენს - ანუ იმ კანდიდატების ჩამონათვალს, რომლებსაც ამომრჩეველი არანაირ ვითარებაში, არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას.

შედეგები ასეთია:

 

 

ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი 44%-ით - მას ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა.

 

 

შემდეგია ზურაბ ჯაფარიძე - 24%;

 

 

კახა კუკავას არ მისცემდა ხმას 16%;

 

 

შალვა ნათელაშვილი არ მოსწონს 13%-ს;

 

 

ზუსტად ამდენივეს არ მოსწონს გრიგოლ ვაშაძეც.

 

 

დავით ბაქრაძეს არ მისცემდა ხმას 12%;

 

 

დავით უსუფაშვილს კი - 10.

 

 

ზოგადად, გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ უეჭველად მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში.

 

 

25% ასეთი დარწმუნებული არ არის და აცხადებს, რომ სავარაუდოდ წავა არჩევნებზე. 5% ამბობს, რომ სავარაუდოდ არ მიიღებს მონაწილეობას ხმის მიცემაში. და 3% სრულიად დარწმუნებულია, რომ არ წავა არჩევნებზე. 4%-მა ჯერ არ იცის, როგორ მოიქცევა არჩევნების დღეს.

 

 

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 74% ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, რომ არჩევნებზე დაბალი აქტივობა იყოს და მოსახლეობა არ მივიდეს ხმის მისაცემად.

 

 

გამოკითხულთა 46%-ს აქვს მოლოდინი, რომ გაიმართება მეორე ტური.

 

 

26% ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირველივე ჯერზე მოხერხდება და მეორე ტურის გამართვა აღარ იქნება საჭირო. 28%-ს უჭირს იმის თქმა, თუ რა მოხდება.

 

 

იმ ადამიანებიდან, ვისაც მეორე ტურის მოლოდინი აქვს, წინა კვლევაში 40% ანუ უმრავლესობა ფიქრობდა, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გადავიდოდა.

 

 

გრიგოლ ვაშაძე 39%;

 

 

დავით ბაქრაძე 29%.

 

 

ახალ კვლევაში კი ვაშაძის მეორე ტურში ხილვის მოლოდინი გაიზარდა და 44%-მდე ავიდა. ამ შედეგით ვაშაძემ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

 

 

სალომე ზურაბიშვილის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა - 40%;

 

 

დავით ბაქრაძის კი შემცირდა 26%-მდე.

 

 

როგორია მოსახლეობის მოლოდინი მეორე ტურში - რა თქმა უნდა, გააჩნია, რომელი კანდიდატები გავლენ პირველ-მეორე ადგილებზე.

 

 

თუ მეორე ტურში ერთმანეთს შეეჯიბრებიან გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, პირველი კვლევის მიხედვით ვაშაძეს 50%-იანი მხარდაჭერის შანსი ჰქონდა, ზურაბიშვილს კი 24.

 

 

მაგრამ ახლა დისტანცია მათ შორის კიდევ უფრო გაიზარდა, ვინაიდან ვაშაძის მონაცემი 59%-მდე გაიზარდა, ხოლო ზურაბიშვილის 20%-მდე შემცირდა.

 

 

ვის მისცემდა ხმას, ამ შემთხვევაში, დავით ბაქრაძის ამომრჩეველი? - ვინაიდან თვითონ ბაქრაძე მეორე ტურში აღარ მონაწილეობს. დავით ბაქრაძის ამომრჩეველთა 87% მხარს დაუჭერდა გრიგოლ ვაშაძეს და მხოლოდ 7% - სალომე ზურაბიშვილს.

 

 

ახალი კვლევის მიხედვით მეორე ტურში 47% მისცემდა ხმას ვაშაძეს, ხოლო ბაქრაძეს - 30.

 

 

როგორ იქცევიან ამ დროს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები? მათი უმრავლესობა - 47% - გადადის ბაქრაძესთან, 29% კი ხმას აძლევს ვაშაძეს.

 

 

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც მკვლევარებმა მოსახლეობას დაუსვეს - რამდენად სწორი მიმართულებით მიდის ქვეყანა?

 

 

გამოკითხულთა 80% თვლის, რომ საქართველო არასწორი გზით მიდის.

 

 

14% ეთანხმება ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებას.

 

 

6%-მა კი, უბრალოდ, არ იცის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი