„ივანიშვილი ხშირად გვესაუბრება ნიცშეზე. მე არ ვიცი, რა წაუკითხეს ან რა წაიკითხა მის ნაშრომებში ასეთი, მაგრამ ნიცშეს არსად უწერია, პირწავარდნილი მატყუარა დაასახელე პრეზიდენტობის კანდიდატადო. ამ ქალმა ისეთ ჭაობში ჩაითრია ივანიშვილი, რომ დაიღუპება“, აცხადებს გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი და ერთ-ერთი ლიდერი, შევარდნაძის პრეზიდენტობისას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, გიგლა ბარამიძე.
„მე ვიცი, რა ელოდება ივანიშვილს მას შემდეგ, რაც სალომეს პრეზიდენტად გაიყვანს. ეს ქალი ძალიან მალე დაუწყებს მას ბრძოლას. გაითვალისწინეთ, ბრძოლას ევროპიდან დაუწყებს და, რადგანაც მას პრეზიდენტი ერქმევა, მის სიტყვას დიდი წონა ექნება. ივანიშვილმა კი ამ ბრძოლის შედეგად, შესაძლოა, თავისი ქონების დიდი ნაწილი დაკარგოს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართული ვაჭრობის დროსაც კარგავს ხოლმე ფულს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც თამარ დედოფლად მონათლული სალომეს გაპრეზიდენტების შემდეგ დაკარგავს“, ამბობს ბარამიძე და განაგრძობს:
„გამარჯვებით ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ქალი გააძვრინოს. და ეგ ქალი იქნება, მას ქონებას რომ დააკარგვინებს. არ იქნებოდა ცუდი, ნიცშეს ნაცვლად ბიძინა საქართველოს უახლეს ისტორიას თუ წაიკითხავდა.
ივანიშვილის ქონება ნაკლებად მადარდებს, მაგრამ გაპრეზიდენტებული სალომე ისეთ სისულელეებს ჩაიდენს, ქვეყანას დაღუპავს. ისეთი მატყუარაა, შეიძლება, ისიც თქვას, ეიფელის კოშკი ჩემმა წინაპრებმა ააშენესო“.
შეკითხვაზე - ეგ როგორ უნდა დაიბრალოს? - გიგლა ბარამიძე პასუხობს:
„სადაც რუსული ჯარების გაყვანას იბრალებს, ამას რატომ ვერ დაიბრალებს? აშშ-ის პრეზიდენტი კლინტონი რუს კოლეგასთან ლამის ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთო, რომ მოსკოვს საქართველოდან ჯარების გაყვანის შეთანხმებაზე ხელი მოეწერა და ეს ქალი თავად იბრალებს ამას.
პრეზიდენტი არ გამხდარა და უკვე ბრძოლა დაუწყო ეკლესიას, გამოვიდა და სასულიერო პირებს აზრის გამოხატვას უკრძალავს. მან საქართველოს ისტორია არ იცის, მაგრამ, მინდა გავახსენო მარაბდის ბრძოლა, რომელიც 1625 წელს გაიმართა და ამ ბრძოლაში სხვებთან ერთად გიორგი სააკაძეც მონაწილეობდა.
ამ ბრძოლაში ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა ძმა მაჩაბელი და შვიდი ძმა ჩოლოყაშვილი დაიღუპნენ. ამავე ბრძოლაში დაიღუპნენ რუსთაველი და ხატაშნელი ეპისკოპოსები. ისინი თავიანთ მრევლთან ერთად იბრძოდნენ. ის იყო ომი და მტრის წინააღმდეგ სანთლით ხელში ვერ დადგებოდნენ.
მინდა, ქალბატონ სალომეს გრიგოლ ხანძთელის ციტატაც გავახსენო, რომლითაც მან აშოტ კურაპალატს მიმართა _ ჩვენთან არს სულიერი კეთილი, თქვენთან არს ხორციელი კეთილი და ასე შევაზავოთ ურთიერთს. ეს არის ერისა და ბერის ფორმულა, რასაც ეს მატრონა ვერასდროს გაიგებს.
მივმართავ საპატრიარქოს, არ დაუჯერონ ამ ქალს და არ მოადუნონ პოზიციები, კანაფის პლანტაციების გაშენებაზე არანაირი ფორმით არ უნდა იყოს თანხმობა.
საპატრიარქომ შეარბილა პოზიცია. ერთმა მეუფემ ივანიშვილის მიერ თამარ მეფედ მონათლულს კანაფის დედოფალი უწოდა, მაგრამ ახლა ამბობს, რომ იხუმრა და სიცრუის დედოფალს კანაფის დედოფალი ხუმრობით უწოდა.
მეუფემ თავისი სიტყვები სალომეს დედოფლობაზე უკან წაიღო, მე ბოლომდე ვიტყვი, რომ ეგ ქალი სიცრუის პრინცესაა. ივანიშვილი კი თავის სიტყვებს ძალიან ინანებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.