სალომე ზურაბიშვილს უმწვავესი შეკითხვები გააჩნდა ივანიშვილთან, მის პრორუსულობაზე, პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილის ერთპიროვნულად „დანიშვნაზე“, „ივანიშვილის მონა“ ცესკოზე, „საზიზღარ მოსამართლეებზე“, წულუკიანზე...
13-10-2018, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ პირველი განაცხადი 5 წლის წინ გააკეთა, საკუთარი თავი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატად 2013 წლის არჩევნებზეც წამოაყენა, თუმცა მაშინ მას საფრანგეთის მოქალაქეობის გამო, საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკომ უარი უთხრა, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში გაგრძელებული პროცესი ზურაბიშვილმა ყველა ინსტანციაში წააგო.

 


სალომე ზურაბიშვილი იმ პერიოდში „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის, იმხანად პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოდიოდა და აცხადებდა, რომ „მონა“ ცესკოს ივანიშვილიც ისევე იყენებდა ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად, როგორც სააკაშვილი და სასამართლო სისტემაც და „საზიზღარი მოსამართლეებიც“ პოლიტიკურ დაკვეთას ემსახურებოდნენ.

 


სალომე ზურაბიშვილისთვის 2013 და შემდგომ წლებშიც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთის მსგავსი ერთპარტიული მმართველობითი სისტემებით და ყრილობებით, „ძალიან ბევრი ნიშნით“, ჰიტლერიუგენდის ყრილობას ჰგავდა და ივანიშვილის მხრიდან 2013 წელს პრეზიდენტობის კანდიდატის ერთპიროვნულად დასახელება, „დანიშვნა“ და მის შესახებ იმის განცხადება, რომ ის უალტერნატივო იქნებოდა, რასაც მერე, როგორც ზურაბიშვილი ამბობს, თავად პრეზიდენტობის კანდიდატი მარგველაშვილიც იმეორებდა, და ასევე ივანიშვილის მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ მეორე ტური არ იქნებოდა, წარმოადგენდა პირდაპირ იმის თქმას ამომრჩევლისათვის, „რომ შენ არჩევანს დიდი მნიშვნელობა არ აქვს“.

 


სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილს - იმ პირობებში, როცა მისი პრორუსულობისადმი დიდი კითხვის ნიშნები არსებობდა - იმაშიც სდებდა ბრალს, რომ მას პრემიერ მინისტრობისას ვიზიტები არ განუხორციელებია დასავლეთის წამყვან და საქართველოს მთავარ პარტნიორ სახელმწიფოებში - ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და საფრანგეთში, „რომლის მოქალაქეც არის [ივანიშვილი] და ზრდილობა მაინც მოითხოვდა რომ ჩასულიყო“.

 


2013 წელს, ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის შემდეგ, ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებაც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს თანამდებობა „წონადი“ არ არის და „პრეზიდენტი არაფერ დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს“ და ის „იქნება არჩეული უფუნქციო პრეზიდენტი“.

 


„როცა დავიწყე ბრძოლა ფეისბუქით არჩევნებისთის, ძალიან ორიგინალური, მე მგონი ეს პირველი არის ამ ფორმით, საქართველოში, მეგონა რომ მქონდა რაღაცა სერიოზული შანსები, ყოველ შემთხვევაში, ჩემი სათქმელის თქმისა, და ისე აღმოჩნდა, რომ თურმე ხელისუფლებას ბევრად უფრო ეშინია ჩემი, ვიდრე მე მეგონა ჩემი თავი საშიში... ამ დასკვნებამდე მივდივარ ნელ-ნელა ამ ბოლო პერიოდში, უფრო სწორედ ჩქარ-ჩქარა“, ამბობს სალომე ზურაბიშვილი 2013 წლის 23 სექტემბერს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ სტუმრობისას.

 


GUARDIAN.GE გთავაზობთ 2013 წლის 23 სექტემბერს „მაესტროს“ ეთერში გასული ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუს შემოკლებული ვარიანტის ტექსტურ ნაწილს.

 


გადაცემის წამყვანი დიანა ტრაპაიძე: ქალბატონო სალომე, თქვენ თქვით, რომ გადაწყვეტილება თქვენს მიმართ მიღებული იქნა ვერტიკალის ყველაზე მაღალ დონეზე, რომ ცესკო არის იგივე - იყო მონა სააკაშვილის, ახლა არის მონა ივანიშვილის. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი, მაგრამ ის პრეზიდენტმა წარადგინა სამეულში და წარუდგინა ცესკო-ს. ცესკომ აირჩია ქალბატონი თამარი, ანუ ფიქრობთ, რომ ამ ორივე თავმჯდომარეს აკონტროლებს ივანიშვილი? ამბობთ, რომ სასამართლოშიც ბევრი არაფერი არ შეცვლილა. რატომ ფიქრობთ, რომ ეს იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება ვერტიკალის ყველაზე მაღალ დონეზე?

 


სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მარტივად, იმიტომ რომ წინა დღეებში, სანამ ცესკოში შევიტანდი ჩემს განცხადებას სარეგისტრაციოდ, ყველა ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ფორმით გამოაცხადა, რომ მე უფლება არ მქონდა, რაც არის პირდაპირი ჩარევა ცესკოს გადაწყვეტილებაში, დაწყებული ირინა იმერლიშვილისგან, თეა წულუკიანი, თინა ხიდაშელი, თვითონ დათო უსუფაშვილი. რაც მთავარია, ცესკოს გადაწყვეტილების მერე ან პირველ სასამართლოს, ან მეორე სასამართლოს, არავის არ უთქვამს, როგორც ამბობენ სხვა შემთხვევებში, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ორმაგი ხელისუფლებიანობა, რომ ეს იმიტომ მოხდა რომ საზიზღარი მოსამართლეები სააკაშვილის და რაღაცეები. არავის არაფერი არ უთქვამს. ყველამ თქვა, რომ აი, გადაწყვიტა სასამართლომ და აი, ასე არის სწორი.

 


დიანა ტრაპაიძე: ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილისგან, რომ ის ვერ დაურეკავდა ცესკოს. ვერ აიღებდა ყურმილს და ვერ ჩაეროდა ცესკოს საქმიანობაში.

 


სალომე ზურაბიშვილი: ცხადია, ამას არავინ არ სთოვდა რომ დაერეკა ცესკოსთვის, მაგრამ იმის თქმა, რომ ცესკოს გადაწყვეტილება არ ესატყვისება კანონს, ამისი თქმის უფლება ყველას ჰქონდა და თქმის უფლება კი არა, მოვალეობა ჰქონდა ყველას.

 


წამყვანი თეონა გეგელია: ქალბატონო სალომე, თქვენ ვერსია ახსენეთ, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არა აწყობდა თქვენი კანდიდატურა.

 


სალომე ზურაბიშვილი: არც ბურჯანაძეს, ასე თუ წავალთ... (იცინის).

 


წამყვანი განაგრძობს: ანუ, ორ პოლიტიკურ ძალას, ძირითადად კვალიფიციურ სუბიექტებს... თქვენ ესეთი ვერსიაც ახსენეთ. „ივანიშვილი ნიშნავს პრეზიდენტს. ივანიშვილი ნიშნავს პრემიერს, ანუ თქვენი ლოგიკით მმართველ კოალიცას არ უნდა ჰყოლოდა საპრეზიდენტო კანდიდატი? ვისი კანდიდატობის შემთხვევაში არ იტყოდით, რომ ეს დანიშნული პრეზიდენტი იქნებოდა?

 


სალომე ზურაბიშვილი: არჩეული არ იყო, იყო დანიშვნა, იყო დანიშვნა, როცა პრემიერმა [ივანიშვილმა] გამოაცხადა და მერე სხვებმაც თქვეს, რომ განხილვაც არ ყოფილაო შიგნით გუნდში. როცა პრემიერმა [ივანიშვილმა] გამოაცხადა, რომ მე ვირჩევ ამ ადამიანს [გიორგი მარგველაშვილს], უნდა ენდოთ, ეს არის ჩემი მეგობარი, ეს იყო კრიტერიუმი დანიშვნის, და არის უალტერნატივო, რაც მერე თვითონ კანდიდატმა გაიმეორა, რომ მე ვარ უალტერნატივოო, რადგან ვარ „ოცნება“ და ამდენად ვიქნები არჩეული, შემდეგ პრემიერმა [ივანიშვილმა] კიდევ დასძინა, რომ მეორე ტური არ იქნებაო, რადგანაც ეს ჩვენი კანდიდატიაო და იქნება არჩეული. ეს არის პირდაპირ, არჩევნების უგულვებელყოფა, თუ მე არ ვცდები. ანუ არჩევნების წინ განცხადება, რომ რადგანაც არის ადამიანი უმრავლესობის მიერ, თუ უმრავლესობის პრემიერის მიერ, რა მნიშვნელობა აქვს, ის მაინცდამაინც გაიმარჯვებს. მე ვთვლიდი, რომ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი ასევე, რომელსაც ცხადია, არ აქვს მთელი ის ადმინისტრაციული რესურსები, რაც დღეს უკვე ჩანს ძალიან ნაცნობი ფორმით გამოყენებული, - ბევრად ნაკლები, ფინანსური რესურსები და ყველანაირი. მაგრამ დამოუკიდებელი კანდიდატის არსებობას ჰქონდა რაღაც აზრი იმ ქვეყანაში, სადაც ერთპარტიული გზა გავიარეთ, ერთხელ, ორჯერ და მე მგონი რომ სურვილი საზოგადოების და ჩემი, როცა ავირჩიეთ ივანიშვილი და ოცნება, ჩვენი ოცნება იყო ყველასი, რომ ეს დასრულდა საქართველოში... შენ როცა აცხადებ, რომ ხარ უმრავლესობა, ხარ ხელისუფლება, ხარ ძალაში, ახალი მოსული ძალაში, რაც კიდევ უფრო უმატებს ამ წონადობას, - შენ რომ აცხადებ, რომ უალტერნატივოა, შენ ამავე დროს ეუბნები ამომრჩეველს, რომ შენ არჩევანს დიდი მნიშვნელობა არ აქვს...

 


მივედით იქამდე, რომ ბოლოს და ბოლოს დამტკიცდა ამ ქვეყანაში, რომ თურმე კიდევ შეიძლება არჩევნებით შეცვალო ხელისუფლება და არჩევნებს დაუბრუნდა ნდობა. როცა დაუბრუნდა ნდობა არჩევნებს და შემდეგ არჩევნებში აცხადებ, რომ ეხლა ვართ და ანუ ვართ არჩეული და არაფერი სხვა არ შეიძლება იყოს, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ძალიან ურტყამს არჩევნების მიმართ ნდობას. და რაც მთავარია, ეს განცხადებული წასვლა {ივანიშვილის] არ აძლევს იმას უფლებას, რომ დანიშნოს თავისი მემკვიდრე. ჩვენ არა ვართ მონარქიაში. მე კი ვიოცნებებდი...

 


სალომე ზურაბიშვილმა 2013 წლის 23 სექტემბერს, პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ეს თანამდებობა „წონადი“ არ არის და „პრეზიდენტი არაფერ დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს“ და ის „იქნება არჩეული უფუნქციო პრეზიდენტი“.

 


სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არაფერ დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. ჩემთვის იყო მორალური ადგილი, საიდანაც შეიძლება შენი მორალური სათქმელი თქვა, მაგრამ დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი ადგილი და წონადი, სადაც ძალაუფლება თავს იყრის, ეს არის პრემიერის ადგილი. იქნება არჩეული უფუნქციო პრეზიდენტი, რომელზედაც ეხლა მიდის ეს 54 კანდიდატის ციებ-ცხელება, და არ იქნება არჩეული პრემიერი. იქნება დანიშნული, კიდევ ერთხელ და იქ პირდაპირ და პირდაპირი ნიშნით და რა კრიტერიუმებით, არ ვიცით, კიტოვანი თუ ლევან პირველი, ხომ არ იცით?

 


წამყვანი თეონა გეგელია: ღარიბაშვილი ან კვირიკაშვილი...

 


სალომე ზურაბიშვილი: რა მნიშვნელობა აქვს. არ იქნება არჩეული და არ იქნება არჩეული თუნდაც ის უმრავლესობა, რომელიც დარჩება. ეს დანიშნულობა მაწუხებს, ეს ერთპარტიულობა მაწუხებს, ის ყრილობა, რომელიც დავინახე და საშინლად ჰგავდა იმ პირველ ყრილობას, რომელსაც ძალით დამასწრებინეს, როცა ვიყავი მინისტრი და მეგონა თავი ჰიტლერიუგენდის ყრილობაზე. ეს ძალიან ჰგავდა ბევრი ნიშნებით... (სალომე ზურაბიშვილი აქ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ადარებს „ქართული ოცნებისას“).

 


წამყვანი დიანა ტრაპაიძე: თქვენ ამ ნიშნებით ადგენთ, რომ პრორუსულია ეს მთავრობა?

 


სალომე ზურაბიშვილი: არა, არა, მოიცადეთ... როცა ამას ემატება ის, რომ პრემიერი [ივანიშვილი] არ მიდის არც ერთ ქვეყანაში, დასავლეთის ქვეყნებში ვიზიტებით, იმისთვის რომ ახსნას, რომ საქართველოს მიმართულება შეუცვლელი არის, იმ ეჭვების მიუხედავად რაც მის მიმართ...

 


წამყვანი თეონა გეგელია: ხომ იყო ის ბრიუსელში, ბალტიისპირეთში.

 


სალომე ზურაბიშვილი: არა, ეხლავე გეტყვით, დამამთავრებინეთ. არ იყო არსად, ამერიკაში არ ყოფილა.

 


თეონა გეგელია: მას პროტოკოლით არ ეკუთვნის.

 


სალომე ზურაბიშვილი: რა არ ეკუთვნის?

 


თეონა გეგელია: ჩვენ ასე ვიცით, არ არის სახელმწიფოს მეთაური და ვიდრე ახალი კონსტიტუციით...

 


სალომე ზურაბიშვილი: ვინ თქვა რომ... შეიძლება არ ეკუთვნის შეხვედრა ობამასთან, მაგრამ ამერიკაში ჩასვლა იყო აუცილებელი. როცა შენ მოდიხარ რაღაცა კითხვის ნიშნებით, თუ შენ გინდა რომ გაფანტო ეს კითხვის ნიშნები, უნდა ჩასულიყავი რაღაც პერიოდში ამერიკაშიც და არა მხოლოდ ამერიკაში, ყველა სხვა ჩვენ მთავარ პარტნიორებთან... საფრანგეთი, რომლის მოქალაქეც არის [ივანიშვილი] და ზრდილობა მაინც მოითხოვდა რომ ჩასულიყო ალბათ. ინგლისი, გერმანია, რომლებიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ვიდრე სტრასბურგი. სერიოზული საკითხი არის იმიტომ რომ, როცა მერე ხდება საგანგაშო სიტუაცია, საზღვრების გადმოწევა, გადმოცოცვა იქით-აქეთ ან სხვა, შენ უნდა შეგეძლოს აიღო ტელეფონი და დაურეკო და იმათ გააგებინო რა მდგომარეობაში ხარ. ეს არის აუცილებელი, ერთ-ერთი საყრდენი შენი დამოუკიდებლობის და მეორე, როცა აცხადებ ვილნიუსის სამიტის წინა თვეებში რომ ევრაზია [ევრაზიული კავშირი] რატომაც არა (საუბრობს ივანიშვილის ევრაზიულ კავშირზე გაკეთებული განცხადების შესახებ), ეს არის უკვე ისეთი კითხვის ნიშნის დასმა, მეორე დიდი კითხვის ნიშნის რომ... ეს არ არის საკითხი, რომელზეც შეიძლება იყოს გაურკვევლობა... იმ მომენტში, როცა ვაჩენთ გაუგებრობის ნიშნებს, ჩვენ ვიღებთ ჩვენ თავზე ძალიან დიდი საფრთხის რისკს.

 


ამ ინტერვიუდან წელიწადისა და ორი თვის გასვლის შემდეგ, 2014 წლის 30 ნოემბერს „მაესტროს“ იმავე გადაცემაში სალომე ზურაბიშვილი ისევ მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ამბობს, რომ „გარედან დანახული არის გაშეშებული საქართველო. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ქვეყანას სჭირდება პერსპექტივა, უნდა გრძნობდეს რომ წინ მიდის“, რისი ნიშნებიც, ზურაბიშვილის აზრით, 2014 წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის თავზე, კვლავ არ ჩანდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი