მამუკა ბახტაძის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის გამო პარლამენტში მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ კონსტიტუციონალისტები და პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატები.
კონსტიტუციონალისტების თქმით, კონსტიტუციის 78-ე მუხლში მითითებულია, რომ პრეზიდენტს მთავრობის სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართვის და მასზე დასწრების უფლება აქვს.
ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე „რუსთავი 2“-თან საუბირსას ამბობს, რომ თუ პრემიერი პრეზიდენტის მიერ მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე დაყენებულ საკითხს დადებითად არ გადაწყვეტს, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება.
„უახლოეს სხდომაზე პრემიერმა დღის წესრიგში უნდა შეიტანოს პრეზიდენტის მიერ დაყენებული საკითხი და მისცეს პრეზიდენტს საშუალება დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ამ სხდომაში. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს პრეზიდენტის ამ უფლებამოსილებაზე, რასაც ლოგიკურად შეესაბამება პრემიერის ვალდებულება და ვინაიდან დღის წესრიგის შედგენა პრემიერის კომპეტენციაა, თუ ამას არ გააკეთებს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა“, აცხადებს მენაბდე.
კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ იმპიჩმენტის წამოწყება პარლამენტის პრეროგატივაა და მას 76 ხმით შეუძლია გადააყენოს მთავრობის მეთაური.
„იმპიჩმენტის წამოწყება პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, რომლის შემდეგაც საკითხი გადადის საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას პრემიერის მხრიდან, მაშინ უკვე პარლამენტი კენჭს უყრის და 76 ხმით მას შეუძლია გადააყენოს მთავრობის მეთაური“, ამბობს მენაბდე.
ამ რაოდენობის ხმები ოპოზიციას დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არ გააჩნია.
„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტის, მათ შორის პრეზიდენტის ოფისის დაკნინებას და „ლოგიკური საფუძველი არსებობს იმისა, რომ ეს მთავრობა გადადგეს თავის პრემიერმინისტრიანად“.
„როდესაც სახელმწიფოს არაფორმალური, არაკანონიერი, კრიმინალური შეიარაღებული ბანდები მართავენ, რა გასაკვირია, რომ ისინი ცდილობენ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუციის დაკნინებას, მათ შორის პრეზიდენტის ოფისის დაკნინებას, რომელსაც უმაღლესი სამართლებრივი ლეგიტიმაცია აქვს ქართველი ხალხისგან. კონსტიტუცია არის პირდაპირ დარღვეული. ლოგიკური საფუძველი არსებობს იმისა, რომ ეს მთავრობა გადადგეს თავის პრემიერმინისტრიანად... ჩვენ რომ ნორმალური პარლამენტი გვქონდეს, სადაც თითზე ჩამოსთვლელი ოპოზიციონერების გარდა კიდევ იქნებოდა ოპოზიციური ძალები, ამ საკითხზე გამოძიება იქნებოდა პარლამენტში დაწყებული და უკვე მოითხოვნდენ მთავრობის გადაყენებას“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ მინისტრი ვერ აცნობიერებს, „რამდენად ღრმა კრიზისშია შესული ხელისუფლება და მთლიანად ქვეყანა“.
„ის უარს აცხადებს დიალოგზე, ის უარს აცხადებს იმ თემების განხილვაზე, რომელიც დღეს აინტერესებს საზოგადოებას და რომელზეც საზგადოება ელის პასუხს პირველ რიგში სწორედ ხელისუფლებისგან და მთავრობისგან და ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ დღევანდელი მთავრობა შევიდა იმ კრიზისში, საიდანაც გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - არჩევნები და არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა და ქვეყნის წინ წაყვანა ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. ამიტომ დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა რესურსი“, განაცხადა ბაქრაძემ.
„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი მოუწოდებს პრემიერს და მის მთავრობას, გაიზიარონ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ წამოწეული საკითხი მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.
„ჩვენთან საპრეზიდენტო არჩევნები აღარ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე და რა გასაკვირია, რომ მთავარ წესს, კონსტიტუციას აღარავინ აღარ კითხულობს. აქ რა წერია, ამას მნიშვნელობა არა აქვსო, გვეუბნება დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებების მსგავსად... ვურჩევდი მთავრობას, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, გაიზიაროს პრეზიდენტის ეს შეთავაზება, ჩაატარონ ეს სხდომა და განიხილონ სხვა საკითხიც, კერძოდ ის, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმება“, აცხადებს უსუფაშვილი.
„საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს", ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ სამშაბათს გაკეთებულ მოწოდებას მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.