სურვილის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იპოვის ისეთ კომბინაციას, რომლითაც შეძლებს, თავი გაითავისუფლოს ამ გარემოცვისა და იმ სიბინძურისგან, რომელიც ზედაპირზე ამოტივტივდა. ის ან უნდა ჩაჰყვეს ამ სიბინძურეს, ან გამოძებნოს ახალი საშუალებები მათგან გასათავისუფლებლად, - აცხადებს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.
მედიით გავრცელებული აუდიოჩანაწერების შეფასებისას ექსპერტი ამბობს, რომ მმართველ ძალაში ნდობის დეფიციტია და ხელისუფლების „ე.წ. შემსრულებლები მშვენივრად ხვდებიან, რომ საბოლოოდ მათაც გაწირავენ და ამისთვის ემზადებიან, შავი დღისთვის კომპრომატებს აგროვებენ“.
„მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობით გამოქვეყნებული ჩანაწერები კიდევ ერთ ტენდენციას ავლენს - თითქმის ყველგან ასეთი ფრაზები გვესმის: „ამათ ვენდობოდი?“ „თავს არ დავიზღვევდი?“ და ა.შ. რაც იმის მაჩვენებელია, რომ მმართველ ძალაში ნდობის დეფიციტია. ეს ადამიანები, ანუ ე.წ. შემსრულებლები მშვენივრად ხვდებიან, რომ საბოლოოდ მათაც გაწირავენ და ამისთვის ემზადებიან, შავი დღისთვის კომპრომატებს აგროვებენ. ეს არ არის გუნდი, რომელიც ერთი იდეით და მიზნით არის გაერთიანებული, აქ ადამიანები ერთმანეთის გამოყენებისა და გაწირვის სქემებით ურთიერთობენ. ამ ყველაფერს ამომრჩეველი რომ უყურებს, ფიქრობს: თუ „ქართული ოცნების“ წევრები მზად არიან, ერთმანეთს ყელი გამოსჭრან, როგორი დაუნდობლები შეიძლება იყვნენ საზოგადოების მიმართ?... ეს ჩანაწერები შეიძლება აღმოჩნდეს ის ჯინი, რომელიც ბოთლიდან გამოუშვეს და რომელმაც შეიძლება ბევრი პოლიტიკური ძალა წალეკოს“, აცხადებს ლაგაზიძე.
მისი აზრით, „თუ „ქართულმა ოცნებამ“ იგრძნო, რომ კედელთან არის მიყენებული, შეიძლება ტერორზეც წავიდეს.
„იმედი მაქვს, ამის ალბათობა მაღალი არ არის, თუმცა საფრთხე არსებობს. ამის სიმპტომები გამოჩნდა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინტერვიუში, როდესაც მან განაცხადა, რომ სამუდამო პატიმრობამისჯილი შალვა აბულაძე საპროცესო გარიგების სანაცვლოდ მზად არის, სამართალდამცავებს გადასცეს ინფორმაცია პოლიტიკოსების, დეპუტატების, ოპოზიციის წევრებისა და ა.შ. შესახებ... ჩემი აზრით, მათ მიგვანიშნეს, რომ ეს კომპრომატები - რეალური თუ არარეალური, ფაქტებით განმტკიცებული თუ გამოგონილი, სამომავლოდ შეიძლება გამოიყენონ პოლიტიკური დევნისთვის, ამისთვის კი ათასი ჯურის ადამიანები შეიძლება გამოიყენონ... ურთიერთკომპრომატებით სკამებისა და თავისუფლების შენარჩუნების ვარაუდი ძალიან ახლოს არის რეალობასთან. როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკაში მოსმენების ინდუსტრია ყვავის. ერთი ფრაგმენტი მინდა გავიხსენო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებული მასალებიდან, რომელიც პროკურატურამ ახლახან გამოაქვეყნა. ამ მასალებში, სხვათა შორის, ნათქვამია, რომ შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა, ვინც ამ საქმეში ფიგურირებდა, მოსასმენი აპარატურა შინ წაიღო. გამოდის, რომ ეს აპარატურა პორტატულია და იმ ზომის, რომ ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, გამოიტანოს სამინისტროდან და შინ წაიღოს“, აცხადებს ექსპერტი და განაგრძობს:
„დავუბრუნდეთ მმართველი გუნდის ერთიანობის თემას... ეს ადამიანები ჩანაწერებს აკეთებენ საკუთარი გუნდისა და საკუთარი შემკვეთებისგან თავის დასაცავად. ალბათ, ეს ნიშნავს, რომ სხვებსაც აქვთ ამგვარი ჩანაწერები თუ სხვა ტიპის კომპრომატები და სწორედ ეს არის ამ ხალხის ერთ გუნდად არსებობის წინაპირობა. ექვსი წელი გავიდა და „ქართულ ოცნებას“ წარმოდგენაც არა აქვს, როგორ სახელმწიფოს აშენებს, საით მიჰყავს ერი, ყოველი შემთხვევისთვის, საზოგადოებისთვის ამის თაობაზე არაფერი უცნობებიათ. არ ჩაუთვლიათ საჭიროდ, ერთი იდეის გარშემო ჯერ ხელისუფლება გაერთიანებულიყო და მერე მთელი ერის გაერთიანება ეცადათ... შესაბამისად, ერთიანობისთვის რაღაც დუღაბი ხომ უნდა ჰქონდეთ, ჰოდა, ორი სახეობის დუღაბი აქვთ, ერთი - ნაშოვნი ფულის შენარჩუნების ინტერესი და მეორე - კომპრომატებით ერთმანეთის დაბალანსება“.
ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „ზონდერჯგუფები“ გაიყვანა ხელისუფლების გარეთ, „ანუ თუ წინა ხელისუფლებას სისტემაში ჰყავდა ახალაიები, კოდუები, ქარდავები და ა.შ., ესენი ადგნენ და სისტემის გარეთ გაიტანეს პროცესები, ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან და გარჩევები ხელისუფლების გარეთ ხდება. ასეც რომ იყოს, ამგვარ გარჩევებზეც რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, არასდროს გაუგიათ?! თავის მხრივ, ამ ზონდერჯგუფების წარმომადგენლები ზუსტად მიხვდნენ, რომ ისინი პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად სჭირდებოდა ხელისუფლებას და საჭიროების შემთხვევაში იოლად შეაწმენდდა მათ ხელს, ამიტომაც დახვეწეს ჩანაწერების გაკეთებისა და გავრცელების ინდუსტრია... ეს არის მოკლედ ის სქემა, რომელსაც ბოლო ხანს ყველა მიმართულებით ვადევნებთ თვალს... ხელისუფლება უმწვავეს კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს. მე თუ მკითხავთ, ქვეყანას დღეს მხოლოდ „ოცნების“ ამ შემადგენლობისგან თავის დახსნა სჭირდება. თუმცა ყველას არ ვგულისხმობ - ბევრი დეპუტატი და მინისტრი აშკარად ემიჯნება იმას, რაც დღეს ხდება. ჯერჯერობით მდუმარებით ემიჯნებიან, მაგრამ მივიჩნევ, რომ ამ სიტუაციაში ეს დუმილი ხმაურზე მეტია“, ამბობს ლაგაზიძე და შეკითხვაზე - „და ვის ხელეწიფება “ქართული ოცნების” ამ შემადგენლობისგან ქვეყნის გათავისუფლება?“ - პასუხობს:
„ორ ძალას: ერთია ბიძინა ივანიშვილი და მეორე - საზოგადოება. დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილით... ამ დღეებში ვისმენდით ლაპარაკს, რომ ივანიშვილი ამ ჯგუფების მძევალია, შანტაჟის მსხვერპლია და ა.შ. ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მძევლად აყვანა ასე იოლია. შეუძლებელია, მან არ იცოდეს, რომ მის გარემოცვაში მისი ერთგული სულ რამდენიმე ადამიანია. სამაგიეროდ, ბევრია განაწყენებული და უკმაყოფილო, რომლებიც ადვილად გაიქცევიან იმისკენ, ვინც ნაშოვნი ფულის გადარჩენის გარანტიას მისცემს. მის გარემოცვაში მოღალატის გამოცდილება არაერთს აქვს... მოკლედ, ბევრია ისეთი, ვინც ივანიშვილს გამოყენების თვალით უყურებს და სიამოვნებით გაცვლიდნენ მას უფრო სუსტ პატრონზე... ვფიქრობ, ეს ივანიშვილმა მშვენივრად იცის, ამიტომაც მგონია მისი მძევლად აყვანის ვარაუდი უსაფუძვლო. სურვილის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იპოვის ისეთ კომბინაციას, რომლითაც შეძლებს, თავი გაითავისუფლოს ამ გარემოცვისა და იმ სიბინძურისგან, რომელიც ზედაპირზე ამოტივტივდა. ის ან უნდა ჩაჰყვეს ამ სიბინძურეს, მიიღოს ამ ადამიანების შეთავაზებული თამაშის წესები და სულ უფრო ღრმად ჩაიძიროს, ან გამოძებნოს ახალი საშუალებები მათგან გასათავისუფლებლად და ამაში მისი მოკავშირე აუცილებლად იქნება საზოგადოება.
„ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილს სვლები აღარ დარჩა, უსაფუძვლოა. საკითხავი ის არის, რა გზას აირჩევს, დროულად გადადგამს თუ არა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს. რაც შეეხება საზოგადოებას, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები იმედის საფუძველს იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით, ამ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს გაიყვანენ, გაიყვანენ მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში არ არის იმ ადამიანების კრიტიკული მასა, რომელიც საკუთარი ხმის დასაცავად გარეთ გამოვა. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ყველაფერი საზოგადოების ჯანსაღ ნაწილზე იქნება დამოკიდებული. ოპოზიცია, რომელსაც აქვს მესამე ცენტრის შექმნის რესურსი, - თუნდაც დავით უსუფაშვილი, ალეკო ელისაშვილი, “გირჩი” და ა.შ. - უნდა შეკავშირდეს და გააქტიურდეს; მეტად უნდა ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში ის ადამიანებიც, რომელთაც საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია აქვთ და მის დაუფარავად გამოხატვას არ ერიდებიან. 2019-20 წლები პარლამენტში ახალი პოლიტიკური სუბიექტების გამოჩენის თვალსაზრისით გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს. მთავარია, საზოგადოება აღარ დაელოდოს მესიანისტურ ფიგურებს, რადგან ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში 70-80%-იანი ლიდერები აღარ გაჩნდებიან...“ აცხადებს ექსპერტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.