„ნაციონალების“ დაბრუნებას არ ველოდები. ისინი ჩაკეტილ სისტემაში მუშაობენ, - აცხადებს გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების „ფანტასტიკური სცენარის“ განხილვისას ამბობს, რომ „ნაციონალებმა შეიძლება მოიგონ საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ პრეზიდენტი არ არის ხელისუფლების ცვლილება“.
ხუხაშვილი ფიქრობს, რომ „გამარჯვებულ კანდიდატს სახალხო ლეგიტიმაცია არ ექნება, მას არც უფლებები აქვს. მხოლოდ დიდ სახლში იცხოვრებს“, აქედან გამომდინარე, ექსპერტისთვის „სულერთია, ვინ იქნება პრეზიდენტი და არჩევნებზე რაც არ უნდა შედეგი დაიდოს, ეს „ქართული ოცნების“ დეგრადაციას ვერ შეაჩერებს. ის გაგრძელდება და 2020 წელს ფატალურად დამთავრდება“.
ხუხაშვილი ივანიშვილზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ იგი „ან დაიღალა და ხელი ჩაიქნია, ან არა და სისტემის მძევალია და არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია“.
„ვთქვათ, მოვლენები ფანტასტიკური სცენარის მიხედვით განვითარდა და მათ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგეს, მერე რა?!
ისინი ამ არჩევნებს იმის გამო კი არ მოიგებენ, რომ მაღალი ნდობა აქვთ, არამედ იმიტომ მოიგებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიკეთა ხარაკირი. ხარაკირის გარდა, სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სიბრიყვეებს, რასაც მმართველი პარტია აკეთებს.
ასე რომ, ნაციონალებმა შეიძლება მოიგონ საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ პრეზიდენტი არ არის ხელისუფლების ცვლილება.
არც მაშინ შეიცვლება რამე, თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.
ის, რაც ახლა ხდება, აღარ არის არჩევნები. ეს არის რეალითი შოუ. ამომრჩეველს პოლიტიკურ ელიტასთან ყველა სახის კომუნიკაცია დაკარგული აქვს. ხალხს არავინ არ მოსწონს, არავინ არ აინტერესებს. არჩევნებზე ვინც წავა, წავა ერთჯერადი კონტრაქტით. ეს არ იქნება ხმის მიცემა, ეს იქნება ხმის გადაგდება სარგებლის გამო“, აცხადებს ხუხაშვილი და განმარტავს, თუ რა შეიძლება იყოს ეს სარგებელი.
„გაზი გამიყვანე, ვიღაცა დამისაქმე, ამის გამო. შესაბამისად, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მას ნორმალური, სახალხო ლეგიტიმაცია არ ექნება. ამიტომაც ეს არის რეალითი შოუ პრეზიდენტი.
გარდა იმისა, რომ გამარჯვებულ კანდიდატს სახალხო ლეგიტიმაცია არ ექნება, მას არც უფლებები აქვს. მხოლოდ დიდ სახლში იცხოვრებს. ან ქალი იქნება ის ვიღაც, ან კაცი. ჩემი აზრით, სულერთია, ვინ იქნება.
არჩევნებზე რაც არ უნდა შედეგი დაიდოს, ეს „ქართული ოცნების“ დეგრადაციას ვერ შეაჩერებს. ის გაგრძელდება და 2020 წელს ფატალურად დამთავრდება.
ასე თუ გააგრძელეს და შინაგანი რესურსი არ იპოვეს, სისტემური ცვლილებისთვის, 2020 წელს მარცხისთვის არიან განწირული. მიუხედავად იმისა, რომ მათი პოლიტიკური ალტერნატივა ჯერ არ ჩანს“, მიიჩნევს ექსპერტი.
ხუხაშვილი ჯერ კიდევ იტოვებს „მცირე იმედს“, რომ ივანიშვილი „დაინახავს, თუ რამხელა პრობლემის წინაშე დგას. ეს პრობლემა ახლა რომც გადატეხოს, გრძელვადიან პერსპექტივაში „ქართული ოცნება“ დამთავრებულია“
„იმედი მრჩება, მაგრამ უკვე მიჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ის ლიდერი. ვფიქრობ, რომ ის ლიდერის ფუნქციებს ვეღარ ასრულებს.
რა არის ლიდერი? ლიდერი არის ადამიანი, რომელიც პრობლემას თვალს უსწორებს და მას წყვეტს. ადამიანი თუ ამას არ აკეთებს, ის კარგავს ლიდერის ფუნქციას და სისტემის რიგითი ნაწილი ხდება... ის ისევ რჩება ძალის ცენტრად, მაგრამ ლიდერის ფუნქციას ვეღარ ასრულებს... „ოცნებაში“ ლიდერი არ არსებობს. არა მხოლოდ პარტიული ლიდერი არ არსებობს, არამედ სახელმწიფოებრივი ლიდერების დეფიციტია ქვეყანაში. მთელი პოლიტიკური ელიტა ძალიან ღრმა კრიზისშია.
ერთადერთი ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა იმის რესურსები, რომ ამას შეწინააღმდეგებოდა, დაენახა სახელმწიფოებრივი საფრთხეები და რაღაც ნაბიჯები გადაედგა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მარტივ სიტუაციებშიც კი ის ვეღარ ან აღარ მოქმედებს.
შესაბამისად, დიაგნოზი ორნაირია – ან დაიღალა და ხელი ჩაიქნია, ან არა და სისტემის მძევალია და არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია“, აცხადებს გაზეთ „ახალ თაობასთან“ ხუხაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.