აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი guardian.ge -სთან 2015 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს. მისი თქმით, იგეგმება სოფ. გაუწყინარსა და წყემში საბავშვო ბაღების აშენება, სოფ. ონტოფოში კი არსებული ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია. ასევე ცენტრალურ სტადიონზე ადმინისტრაციული შენობა და იარუსები შეკეთდება, ხოლო საერთაშორისო საავტომობილო გზის - თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალიდან სოფ. ქოლობნის მიმართულებით ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზა მოეწყობა.
გამგებლის განცხადებით, 2015 წლის პროექტებიდან უკვე დასრულდა მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ღობის, ეზოში გარე-განათების და ზანის ნაპირას საჩრდილობლის მოწყობა და ასევე საზოგადო მოღვაწის, სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებიც. კვიტაშვილი ამბობს, რომ წელს აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში სულ 1 335 051 ლარი უნდა დაიხარჯოს.
რაც შეეხება „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ განსახორციელებელ პროექტებს, აბაშის გამგებლის ინფორმაციით, ფონდი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ერთად ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აბაშის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სიტემის 96 კილომეტრიანი ქსელის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ლარია.
რეგიონული განვითარების ფონდის მხადაჭერით კი სოფლებში - ტყვირში, პირველ მაისში, კეთილარსა და სეფიეთში საბავშვო ბაღები უნდა აშენდეს. აგრეთვე უნდა განხორციელდეს ბულვანი-გაუწყინარის გადასახვევიდან სოფ. ნაესაკოვოს ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრამდე ასფალტო-ბეტონის გზის დაგება და ქ. აბაშაში ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, რაზეც მთლიანობაში 2 056 439 ლარია გათვალისწინებული.
guardian.ge -ს შეკითხვაზე, რამდენად გამჭვირვალეა ტენდერები და რამდენად ეთანხმება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის მინისტრის მოადგილეობისას გაკეთებულ განცხადებას, რომ მთელ რიგ რაიონებში ერთი და იგივე ფირმები საეჭვო ვითარებაში იგებენ ტენდერებს და გზების დაგებაზე დიდი ფული "ტყდებაო", მამუკა კვიტაშვილი პასუხობს:
"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ტენდერები ობიექტურად და გამჭვირვალედ, კონკურენტულობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით ჩავატაროთ. აქედან გამომდინარე, საეჭვო ვითარებაში მოგებული ტენდერების შემთხვევა ჩვენს მუნიციპალიტეტში არ ყოფილა".
გამგებელი აბაშის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ არსებულ მდგომარეობასაც ეხება და ამბობს:
"ვცდილობთ მეტი ყურადღება მიექცეს და გაუმჯობესდეს სიტუაცია სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ ჩვენს მუნიციპალიტეტში. 2015 წელს „მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის“ პროგრამით აბაშაში 10 182 ფერმერმა ისარგებლა, მათ შორის 9 464 პირმა სასოფლო-სამეურნეო მიწის ხვნის ბარათით 4 940.3 ჰა მიწა დაამუშავა უსასყიდლოდ.
ასევე აბაშა ENPARD-ის პროექტის - „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ საპილოტე მუნიციპალიტეტია. პროექტის მიზანი ფერმერული მეურნეობის წარმოების ამაღლება და მათი შემოსავლების გაზრდა, ბიზნესზე ორიენტირებული მდგრადი ფერმერული ჯგუფების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წახალისება და მხარდაჭერაა. პროექტის ფარგლებში ბოლო ორი წლის განმავლობაში აბაშაში 13 კოოპერატივი შეიქმნა და დაფინანსდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით კი დაახლოებით 160 სესხია გაცემული", - აცხადებს მამუკა კვიტაშვილი და განაგრძობს, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პროექტის - "აწარმოე საქართველოში" - ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საწარმო დაფინანსდა, მათ შორისაა შ.პ.ს „აბაშელი ფერმერი“, შ.პ.ს „თორნიკე“; ორივე რძის პროდუქტებს აწარმოებს, ასევე ი/მ „ნიკოლოზ სურგულაძე“ , შ.პ.ს „სიხიტი“ და ა.შ.
მამუკა კვიტაშვილი თვითმმართველობის არსებულ კოდექსზეც საუბრობს და აცხადებს, რომ "დღეს მოქმედი თვითმმართველობის მოდელი ეფექტურობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა არ არის იდეალური, მასში ბევრი რამ დასახვეწია, მაგრამ გონივრულ ფარგლებში ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა".
guardian.ge- ს შეკითხვაზე -თქვენი გამგებლად არჩევიდან ერთი წელი გავიდა. შეძელით თუ ვერა ამ პერიოდში იმის გაკეთება, რაც დაგეგმილი გქონდათ და თუ ვერ შეძელით, რა იყო ამის ხელისშემშლელი მიზეზი თუ მიზეზები? - მამუკა კვიტაშვილი პასუხობს:
"ზოგადად ჩემი მუშაობის სტილია - რაც შეიძლება ნაკლები დაპირება და მეტი კონკრეტული საქმის კეთება. აქედან გამომდინრე, რეალური გეგმები მქონდა დასახული და ძირითადად შევძელი მათი შესრულება, თუმცა წინ უამრავი სამუშაოა და ვცდილობ მეტი გავაკეთო, რათა თითოეულმა აბაშელმა იგრძნოს მდგომარეობის გაუმჯობესება ყველა მიმართულებით".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.