„მე გიორგი ვაშაძემ დამირეკა და მითხრა, რომ ჯობია განცხადება დაწერო პოლიციაში, იმუნიტეტიც მოიხსნაო, თუ არადა ჩვენ რომ მოვალთ დედას გიტირებთ შენც და შენს ძმასაცო - მიშა რომ მოვაო, ჩვენ აუცილებლად მოვბრუნდებითო, მეორე ტურში გავიმარჯვებთო და მერე ვერაფერი ვერ გიშველითო საერთოდო, ორივე ძმასო. მე ამის აუდიოჩანაწერი გამაჩნია“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ნინოწმინდის და ახალქალაქის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა.
„იყო მუქარები ჩვენი მხარდამჭერების მიმართაც, ეუბნებოდნენ ჩვენს მხარდამჭერებს, გოგოებს რომ ჩვენ მაინც ვიგებთო, გადმოდითო ჩვენთან, ენზელ მკოიანსაც უთხარითო, რომ ჩვენზე იმუშავეთო, რადგან ოცნებას მაინც წაგებული აქვსო“, დასძენს მკოიანი და აღწერს იმ სურათს, რასაც მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერების მხრიდან ჰქონდა ადგილი ახალქალაქში, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე-მესამე დღეს.
ენზელ მკოიანი, რომელიც 1999 წლიდან დღემდე, უწყვეტად, პარლამენტის წევრია, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონში ასვლასაც იხსენებს და ჰყვება, როგორ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი რაისიანი მდგომარეობის ესკალაციას.
„2 ოქტომბერს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამოვიდა რეგიონში, რაისიანი თბილისიდან ჩამოსულ ქალბატონებთან ერთად შეეცადა არეულობების შეტანას. „შენ არ უნდა იყო პრეზიდენტი, რადგანაც არ ხართ საპრეზიდენტო კადრიო“ გაჰყვიროდნენ სალომეს მისამართით, შემდეგაც იყო არაერთი პროვოკაცია, თუმცა ჩვენები ამას ითმენდნენ, იმიტომ რომ არ გვინდოდა კონფლიქტში შესვლა და დაძაბულობის კერების შექმნა. არჩევნების მერე, მეორე დღეს, როცა დაინახეს, რომ პირწმინდად ჰქონდა წაგებული „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს ყველა უბანი და ქალბატონ სალომეს ნინოწმინდაშიც და ახალქალაქშიც ხმების 59%-ზე მეტი ჰქონდა მიღებული, დაიწყეს პლაკატების ჩამოხევა, ერთ-ერთ ბენზოგასამართ სადგურზე, სადაც ვაშაძის მომხრეები მიცვივდნენ, ეგონათ, რომ საყაჩაღოდ და ფულის წასართმევად იყვნენ მივარდნილები. ისინი გადაადგილდებოდნენ ჯიპის ტიპის ავტომანქანებით, იქცეოდნენ მხეცებივით, დადიოდნენ ბენზოგასამართ სადგურებზე და თავხედურად ხევდნენ სალომე ზურაბიშვილის პლაკატებს. თან ილანძღებოდნენ, იძახოდნენ, თქვენ უკვე წააგეთ არჩევნები და თქვენი დრო დამთავრდაო. ისინი არა მარტო მე და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, არამედ ბიძინასაც დედას აგინებდნენ. მე სულ ვარიგებდი ჩვენს მომხრეებს, რომ არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს, ლამის კბილებით მეკავა სიტუაცია, რომ არ შესულიყვნენ კონფლიქტში. ერთ-ერთი მათგანი მთვრალი იყო, იგინებოდა, განსაკუთრებული აგრესიულობით ხევდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატებს, აჩვენებდა იქ მყოფებს შუა თითს. ისინი არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ბენზოგასამართ სადგურებზე გაკრული პლაკატების ჩამოხევით და „ქართული ოცნების“ ოფისშიც მივარდნენ, უკანა ასასვლელით ისარგებლეს და შენობაზე გაკრული პლაკატიც ჩამოხიეს. მე ვეღარ ვაკავებდი უკვე ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებიც პასუხის გასაცემად ისე წავიდნენ, რომ მე არც კი შემეკითხნენ. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. მე იქ არ ვიყავი. თუმცა რაისიანმა თქვა, რომ მე იქ ვიყავი. მერე ჩემი ძმა მივიდა და უთხრა: არ გრცხვენიათ, როგორ იქცევით? მე 1999 წლიდან დეპუტატი ვარ და ვაშაძეს და სხვებსაც, ყველას კარგად ვიცნობ. მე კიდევაც ვუთხარი გიორგი ვაშაძეს, რომ შენ და ნიკა მელია როდესაც ჩამოდიხართ რეგიონში, ყოველთვის არეულობას იწვევთ და წყალს ამღვრევთ-მეთქი...
მოიგონეს, რომ ჩხუბის დროს თითქოს მე იქ ვიყავი. მე „ნაციონალების“ ოფისთან ახლოს, სადღაც 30 მეტრში ვცხოვრობ, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე იქ არ ვყოფილვარ. ვაშაძე ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, ჩემს ძმაზე ამბობს, რომ კორუმპირებულები ვართ, რომ გადავჭამეთ ნინოწმინდა ახალქალაქი, თუმცა მეც და ჩემი ძმაც უწესიერესი ადამიანები ვართ, შევსებული გვაქვს დეკლარაციები და ყველამ იცის, რასაც წარმოვადგენთ. ვერ ინელებენ იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა გვაქვს“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ენზელ მკოიანმა და დაამატა, რომ გამორიცხულია მისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა და მზად არის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, არჩევნების მეორე ტურშიც მაქსიმალური მხარდაჭერა გამოხატოს სალომე ზურაბიშვილის მიმართ.
ენზელ მკოიანის მიერ GUARDIAN.GE-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუმდე, მისმა ძმამ მარტუნ მკოიანმა სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებული მასალა გაავრცელა, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ხევენ და აზიანებენ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლები დამოუკიდებელი და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.