[ვიდეო] ბიძინა ივანიშვილი - „ახლა მინდა ვთქვა ყველას გასაგონად, თუ ქართული ოცნება ვერ მუშაობს, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ“
05-11-2018, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. „დღეს ჩვენ განსაცდელის წინაშე ვდგავართ. როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას“, აცხადებს ივანიშვილი.

 

 

 

 

"მინდა მივმართო ჩემს ხალხს!

 

 

მინდა მივმართო იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაკისრია თქვენს წინაშე!

 

 

პირველ რიგში, მადლობა მათ, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ ნდობა, მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც ბევრი პრობლემის მიუხედავად, სჯერა ჩვენი არჩეული გზის!

მაგრამ დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია!

 

 

მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი! მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების;

 

 

მესმის, რომ უკმაყოფილონი ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა;

 

 

მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ,  რომ ზოგიერთი მოხელე, ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს;

 

 

უკმაყოფილონი ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა;

 

 

ბევრი თქვენგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე.

 

 

დღეს არ ვაპირებ ვისაუბრო არც იმ 9-წლიან რეჟიმზე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა უფლება, ყველა ღირსება, და ეს ბევრმა თქვენგანმა საკუთარ თავსა და ოჯახზე იწვნია,

და არც ჩვენს მიღწევებზე.

 

 

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამშობლო ისევ ისტორიულ გზაგასაყართან დგას -  არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკი, მაგრამ ამავე დროს, ეს არის ახალი შესაძლებლობების, განახლების საუკეთესო მომენტი.

 

 

რამდენიმე თვის წინ მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება. მომიწია, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ.

 

 

თუმცა, ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს!

 

 

ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ  რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით.

 

 

როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას,  და ახლა მინდა ვთქვა ყველას გასაგონად:

 

 

ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის. არავინ იფიქროს, რომ პარტიას რაიმე  თავისთავადი ღირებულება გააჩნია. იგი არის საშუალება, რომლითაც უნდა მივაღწიოთ უზენაეს მიზანს - ხალხის უკეთეს მომავალს. ამიტომაც, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს, თუ მისმა რომელიმე შტომ  ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ. მაგრამ არ შეიძლება მივცეთ საშუალება ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა. ოპონენტები კი სრული სიმძლავრით ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას. მათ შეცდომების გასწორება არ სურთ! მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად!

 

 

ოპონენტები მხოლოდ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ. ხალხს ურცხვად პირდებიან იმას, რაც საპარლამენტო წყობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სრულად ცდება და, ამავე დროს, ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებასა და ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია.

 

 

2012 წელს ჩვენ მოვიშორეთ ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი. გავიარეთ ურთულესი პერიოდი და თან ვცდილობდით, ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებზე გადაგვეყვანა. ამ გზაზე ბევრ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ:

 

 

სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლდა ბიზნესი, თავისუფალია მედია, განხორციელდა არა ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროგრამა; ურთულეს ეკონომიკურ გარემოში მოვიპოვეთ რეგიონული ლიდერობა და მრავალი სხვა.

 

 

საერთაშორისო ასპარეზზე  ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები სულ უფრო რეალურ პერსპექტივაში განიხილავენ ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირებას.

უამრავი რისკის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი სტაბილური განვითარების წლები.

 

 

და მიუხედავად ამ წარმატებებისა, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე. შესაბამისად,  ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ცვლილებები, პირველ რიგში, სოციალურად ყველაზე მგრნობიარე ჯგუფებისთვის. ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით,  ბუნებრივია, არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონრებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!

 

 

სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც   დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და  მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკურებით ახალგაზრდებს. ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში!

 

 

ჩემო მეგობრებო, ქვეყნის ცხოვრებაში დგება ხოლმე გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ხდება ეპოქალური ცვლილებების ავტორი და ჩვენ ერს ასეთი სიბრძნე არა ერთხელ გამოუჩენია.

 

 

მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში:  საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება,  თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით  ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!

 

 

მინდა შეგახსენოთ, რაც არჩევნებამდეც განვაცხადე - მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება  შეუქცევადი გახდეს.

 

 

ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ.

 

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ  არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას!", აცხადებს ივანიშვილი.

 

კომენტარები: 2
#2   შალვა
      
რათქმა უნდა,რომ ხალხმა ქართულმა საზოგადოებამ მოახდინა თქვენთან ერთად უსისხლო რევოლუცია 2012 წელს,მაგრამ ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა საზოგადოების დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.რატომ ისმის კითხვა,რა მოხდა?დეპუტატების უმრავლესობა ვინც ავირჩიეთ მაშინ,საიდან მოვიდნენ,ესენი ხომ თქვენი გამოჩენის მერე გამოჩნდნენ,მათ თავზე არ გადაუვლია ნაცების წნეხს,ამიტომ არც აინტერესებდათ თუ რა იქნებოდა და ხელისუფლებაში მოიყვანეს ის ადამიანები ვინც ნაცებთან თანამშრომლობდნენ და მათთან კარგად იყვნენ.ზუსტად ამ ადამიანებმა გამოუთხარეს მთავრობას და ქვეყანას ძირი.შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.კადრების საკითხი თუ არ მოგვარდა და დამნაშავე არ დაისაჯა არაფერი არ გვეშველება.ჩემი აზრით ყველა დამნაშავე უნდა გასამართლებულიყო და მერე თუნდაც ამინისტირება გაკეთებულიყო,გასაგები იქნებოდა საზოგადოებისათვის ,რომ ვინ რა წვლილი შეიტანა ქვეყნის ნგრევის პროცესში და მათი უკან მობრუნება პოლიტიკაში შეუძლებელი გახდებოდა.კიდე არის დრო,რომ სამშობლოს განვითარება სწორი გზით წარიმართოს,წარმატებებს გისურვებთ
5 ნოემბერი 2018 13:40
#1  Гиви
      
ომის ვეტერანებს მიხედეთ ბატონო თავგანწირვა ომის დროს შენი სამშობლოსთვის ასე დაუფასებელი არ უნდა ოყოს სახელმწიფოსგან საერთოდ სხვაც ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი იმედი გვაქვს მოწესრიგდება
5 ნოემბერი 2018 09:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი