„თელავი, კონკრეტულად ერეკლეს სასახლე, საკმაოდ კარგად არის დაცული; თავის დროზე ლეკიანობისაგანაც კარგად იყო დაცული, ახლა ნაციონალებისგან დაცული იქნება“, აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის არგუმენტები ინაუგურაციის თელავში გამართვასთან დაკავშირებით დამაჯერებელი არ არის.
„ამბობს, თელავი წავაგე და იმიტომო... ამ ლოგიკით რუსთავიც წააგო და მაშინ რატომ რუსთავში არა? ის ამ არგუმენტით ცდილობს აჩვენოს, რომ ზეპარტიულია, რაც აბსოლუტურად გაუგებარი და ლოგიკას მოკლებულია - რა შუაშია ზეპარტიულობა? თან მახსენდება მისი უცხოური ინტერვიუ, სადაც ამბობს, ბიძინამ მითხრა, დამოუკიდებელი იქნებიო... - ამ ვითარებაში როგორ უნდა ირწმუნო მისი არგუმენტები“, კითხულობს ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც ინაუგურაციის თელავში ჩატარებას სხვა ვერსიას უკავშირებს.
„მე ცოტა განსხვავებულ ვერსიას ვუკავშირებ. ოპოზიციამ 16 დეკემბრამდე მისცა ხელისუფლებას დრო, უფრო სწორად ულტიმატუმი წაუყენა. ცნობილია, რომ ოპოზიცია 16 დეკემბერს საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს და როგორც ჩანს, გართულებებს მოერიდნენ. თელავი, კონკრეტულად ერეკლეს სასახლე, საკმაოდ კარგად არის დაცული. თავის დროზე ლეკიანობისაგანაც კარგად იყო დაცული. ახლა ნაციონალებისგან დაცული იქნება. ახლა ეს საფრთხე რამდენად უტოლდება ლეკიანობას, ეს სხვა საკითხია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ზედმეტ გართულებებს მოერიდნენ და გადაწყვიტეს მშვიდად და წყნარად ჩაატარონ თელავში ინაუგურაცია. პროტესტს რუსთაველზე სულ სხვა ფასი აქვს და პროტესტს თელავში - სულ სხვა. აქ პოლიტიკურ სიმძაფრეს, პოლიტიკურ ცენტრსა და ტრადიციას ვგულისხმობ და არავითარ შემთხვევაში - სხვა რამეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ პროტესტი თელავში უფრო მასშტაბური, უფრო მწვავეც იყოს. შეიძლება რუსთაველის გამზირისთვის ისეთი მასშტაბური არ იყოს რამდენიმე ათასი ადამიანი, მაგრამ თელავისთვის შეიძლება ეს ძალიან მასშტაბური იყოს“, აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე და ამატებს, რომ ოპოზიციის მიერ პოლიტიკური ეპიცენტრის თელავში გადატანა მართებული სტრატეგიაა.
„სწორი სტრატეგიაა შერჩეული ოპოზიციის მიერ, რომელიც ახლა ეპიცენტრის გადატანას სწორედ თელავში აპირებს, რადგან ეს პროტესტი მთელ კახეთს მოედება და თელავში ყველა ჩავა, განსხვავებით თბილისისგან. ზურაბიშვილი თელავში ინაუგურაციის ჩატარებით ზეპარტიულობის ხაზგასმას ახდენს, მაგრამ შეიძლება შედეგად მიიღოს ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კახეთიც დაკარგოს - ვგულისხმობ იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კახეთი შეიძლება სრულად ოპოზიციურად განეწყოს. ეს სულაც არ არის გამორიცხული. ამიტომ არ ვიცი, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა თელავში ინაუგურაციის ჩატარება“, აცხადებს პოლიტოლოგი.
ვახტანგ ძაბირაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ კატასტროფულად გააყალბა არჩევნები“ და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შიშმა განაპირობა.
„მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ კატასტროფულად გააყალბა არჩევნები - თუ ასეა, „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ არ დებს გაყალბების სერიოზულ ფაქტებს? შეიძლება უცხოელი დამკვირვებლებისთვის ეს სრულიად გაუგებარი იყოს, მაგრამ რამ შეასრულა მთავარი როლი მეორე ტურში ხელისუფლების გამარჯვებაში, რამ იმუშავა?! ხალხი გამოვიდა შიშით, ვაითუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს! გადამწყვეტი ფაქტორი იყო ეს და არა ამომრჩევლის მოსყიდვა. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კანდიდატი რომ არ ყოფილიყო მეორე ადგილზე და ყოფილიყო სხვა ძალა, მერწმუნეთ, ამ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებდა და არა ხელისუფლება - ეს უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ კარგად. უცხოელი დამკვირვებლისთვის ეს რთულად დასაჯერებელია, მაგრამ რეალობაა. ამიტომ რთულია, არალეგიტიმურად გამოაცხადოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების შედეგები და ის არ ცნოს“, ამბობს პოლიტოლოგი და განაგრძობს:
„მე მახსენდება 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც რეალურად დადგა არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ. მაშინ სააკაშვილის გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაშინაც გაგრძელდა საპროტესტო ტალღა, მაგრამ მან ვერ შეცვალა მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. ახლა ოპოზიცია 16 დეკემბერს ინაუგურაციას ვერ ჩაშლის და არც ჩაშლის. ინაუგურაციის შემდეგ საპროტესტო მუხტი რამდენად იქნება ძლიერი, რამდენად გამოვა ხალხი, ამაზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. აქ არ ვგულისხმობ პრეზიდენტის ლეგიტიმურობის საკითხს. პრეზიდენტზე უკვე საერთოდ აღარ იქნება საუბარი, - ეს არის მხოლოდ საბაბი, რეალურად კი ხელისუფლების შეცვლაზე იქნება საუბარი“, დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - „ახლა ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და საარჩევნო სისტემის ცვლილებების მოთხოვნით გამოდის. წავა ამაზე ხელისუფლება?“ - პასუხობს:
„სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. თუმცა ამას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება, რაც ვერც ერთხელ ვერ შეძლო ოპოზიციამ. ეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არ იყოს ძველ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული, რომლის მობრუნება ნამდვილად არ უნდა ხალხს, მაშინ ხელისუფლების ცვლილება ახლავე და გარდაუვალად მოხდებოდა. ეს პრობლემა რეალურად დგას”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.