„საქართველო, საფრანგეთსა და წამყვანი ჯგუფის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად, უზრუნველყოფს, რომ 2018 წლის თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმის რეკომენდაციები გაეროს უფრო მაღალი დონის დიალოგისთვის გადაეცეს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე (TISIFF 2018) - „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად“.
ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც საქართველო, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მართავს, საქართველოს პარლამენტში, ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
„საქართველოს, როგორც განვითარების ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანას, უდიდესი პატივი ხვდა წილად, უმასპინძლოს თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე ფორუმს. მოხარულები ვართ, რომ წელს, საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს ფორუმის წამყვან ორგანიზაციას საქართველოს მთავრობასთან, გაეროს, საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე არსებული ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის მუდმივმოქმედ სამდივნოსა და თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის თავმჯდომარეობამ საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა მისცა, ხელი შეეწყო 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების თაობაზე საერთაშორისო დიალოგისთვის.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განვითარების დღის წესრიგისთვის ინოვაციური დაფინანსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტები მნიშვნელოვანი კატალიზატორებია მდგრადი განვითარების მიზნების დასაფინანსებლად მაშინ, როდესაც შიდა საბიუჯეტო რესურსები დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში შეზღუდულია.
„მდგრადი განვითარების 17 მიზნის წარმატებული განხორციელება გამოწვევის წინაშე დადგა არსებითი ფინანსური გარღვევის გამო - დაახლოებით 2.5 ტრილიონი აშშ დოლარი ყოველწლიურად. ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტები უმნიშვნელოვანეს კატალიზატორებად მოგვევლინა მდგრადი განვითარების მიზნების დასაფინანსებლად, მაშინ, როდესაც შიდა საბიუჯეტო რესურსები შეზღუდულია დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში და ოფიციალური განვითარების დახმარება ასევე შეზღუდულია მთლიანი ეროვნული შემოსავლის 0.7%-მდე“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმზე შემუშავებული რეკომენდაციები ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო დიალოგში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
„განსაკუთრებით ველით თქვენგან გამოცდილებისა და რეკომენდაციების მოსმენას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ინოვაციური დაფინანსების პროგნოზირება, გენერირება, კოორდინაცია და გავლენის შეფასება 2030 წლის დღის წესრიგისათვის“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონფერენციის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა, მარიამ ჯაშმა.
„ჩვენთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ დღეს ამ ფორუმზე საქართველოს სახელით, რომელიც სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების წლევანდელი ფორუმის ხელმძღვანელია. საქართველო, როგორც პრეზიდენტი ქვეყანა მოგესალმებათ ყველა დელეგატს“, განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ფორუმის მონაწილეების მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ასევე: საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პასკალ მენიემ, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ და გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორი ვინაი პატრიკ სალდანჰა.
გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა საქართველოს, როგორც ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტ ქვეყნას, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები მიულოცა. „მინდა საქართველოს მივულოცო ის წარმატება, რომელსაც მან მიაღწია ამ ორი წლის მანძილზე კრიპტოვალუტისა და ბლოქჩეინების განვითარების კუთხით. გაეროსთვის, განსაკუთრებულ მიზანს წარმოადგენს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა და გაეროს ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია, რომ ამ მიზნების მისაღწევად იზრუნოს. საკმაოდ ამბიციურ გეგმასთან გვაქვს საქმე. მდგრადი განვითარების მიზნები მიმართულია სიღარიბის აღმოფხვრისაკენ, შიმშილის აღმოფხვრისაკენ მთელი პლანეტის მასშტაბით 2030 წლისთვის და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელსაც სჭირდება საკმაოდ დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ ის რეალობად იქცეს“, განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პასკალ მენიემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ფრანგული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე ფორუმის მხარდაჭერა, რომელიც ეძღვნება 2030 წლის დღის წესრიგთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის თემას ინოვაციური სოლიდარობის კუთხით. „ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ამ დღის წესრიგიდან სამ მიზანზე, რომელიც 2030 ფორმატში არის დასახული. ფორუმის ფარგლებში ვეცდებით მოვიძიოთ ყველა ის შესაძლებლობა, საიდანაც შევძლებთ ფინანსების მოპოვებას ამ მიზნების მისაღწევად“,-განაცხადა პასკალ მენიემ. მისივე თქმით, წამყვანი ჯგუფის ახალი პრეზიდენტი იქნება იაპონია გახდება.
საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს იმ ძალისხმევისათვის, რაც საქართველომ გაიღო მნიშვნელოვანი ფორუმის გამართვისათვის. მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში, უამრავი ამოცანა დგას გლობალური დღის წესრიგში, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. „ეს გახლავთ საკითხები, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ამისათვის, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ეკონომიკის ძალიან ძლიერი კოორდინაცია. მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ხელჩაკიდებული უნდა იბრძოლოს ამ მიზნების მისაღწევად“, აღნიშნა ტადაჰარუ უეჰარამ.
საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, აუცილებელია პოზიტიური პრაქტიკის გაზიარება ერთმანეთისათვის, რათა მიღწეული იყოს დასახული მიზნები, რაც სიღარიბის დაძლევაში, ცხოვრების დონის ამაღლებასა და გარემოს დაცვაში. იტალიელმა დიპლომატმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანზე - ინოვაციური დაფინანსების ინიციატივაზე. „ძალიან გვიხარია, რომ საქართველო შესანიშნავად თავმჯდომარეობდა ბოლო ორი წლის განმავლობაში წამყვან ჯგუფს. მიმაჩნია, რომ ეს დიალოგი არის ძალიან დროული და კიდევ ერთხელ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო წამყვანი ჯგუფის ორგანიზატორებს, განსაკუთრებით კი პრეზიდენტს, ქალბატონ მარიამ ჯაშს“, განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.
გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორის, ვინაი პატრიკ სალდანას განცხადებით, UNAIDS შეიძლება განხილული იყოს როგორც ინოვაციური პროგრამა გაეროს სისტემაში და მისი გამოცდილების გამოყენება ბლოქჩეინ ტექნოლოგიებს შეუძლიათ როგორც პლატფორმა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
მარიამ ჯაშმა „TISIFF 2015 რეკომენდაციებზე და საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის (TISIFF 2018) მოლოდინებზე ისაუბრა.
მან სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ინოვაციური დაფინანსების ძირითად სირთულეებზე.
„ძირითადი სირთულე არის 37 ტრილიონი დოლარის მოპოვება, რომელიც საჭიროა 2030 წლის მიზნების მისაღწევად. საუბარია წელიწადში 2,5 ტრილიონის დეფიციტზე. ფინანსური დეფიციტი განსაკუთრებით კრიტიკულია თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის ფინანსური შემოსავლები ძალიან დაბალია. ამასთან, ტენდენციებიც არ არის ოპტიმისტური“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 10%-ით გაიზარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) -ის მიერ გაცემული დახმარების ოდენობა თუმცა, ეს არ არის საკმარისი.
„ინოვაციურ დაფინანსებას აქვს ტრანსფორმაციული ხასიათის როლი, იმისთვის რომ დააფინანსოს მდგრადი განვითარების მიზნები“, განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ECOSOC-ის დოკუმენტების შემუშავებაში საქართველოს წარმომადგენლები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი, ეს არ არის საკმარისი.
როგორც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, საფრანგეთმა და საქართველომ სხვა წევრი ქვეყნებისა და წამყვან პარტნიორებთან ერთად ინოვაციური დაფინანსებისთვის ახალი პოტენციური წყაროების მოძიება დაიწყეს.
„ამ ძიების პროცესში, ინოვაციური დაფინანსების მიზნით, საქართველოში შევქმენით თბილისის პირველი საერთაშორისო ფორუმი, რის შედეგად შემუშავებული იქნა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის TISIFF- ის რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს დაფინანსების მობილიზაცია და გააქტიურება 2030 წლისთვის“, განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, რეკომენდაციები განიხილავს საერთო მოქმედებას, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ინოვაციური დაფინანსება.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, TISIFF 2015 წლის დისკუსიებმა თანხების მობილიზაციისთვის 14 ახალი ინოვაციური პლატფორმა გამოკვეთა „ეს არის ვაჭრობა, ტურიზმი, კულტურა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სპორტი და ინდუსტრიები. ეს არის ის პლატფორმები, რომელთა განვითარება, გაძლიერება და სტიმულირებაც შეიძლება გლობალური საზოგადოების მიერ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, ინოვაციური დაფინანსების შემოთავაზებულ მექანიზმებს შორის არის საგადასახადო შეღავათები, ნებაყოფლობითი კონტრიბუციები და სხვა ინსტრუმენტები. მომხსენებელმა კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა, მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებზე, რა იქნება თითოეულის დაფინანსების წყარო და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თითოეული ეს მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდეს. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ინოვაციური დაფინანსების დიალოგი სულ უფრო და უფრო ფართოვდება.
„შერეული დაფინანსება, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სოციალური ზემოქმედების ინვესტიციები, მწვანე ობლიგაციები, კონტრიბუციები და საგადასახადო შეღავათები ქმნიან ტრადიციულ და განჭვრეტად პლატფორმებს“, განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, ისლამის განვითარების ბანკმა განცხადება გააკეთა, რომ 3 მლრდ. დოლარს ჩადებს ინოვაციური პლატფორმების განვითარების მიზნით. „მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენ ძირითადად, ყურადღება გავამახვილეთ განჭვრეტად პლატფორმებზე და სამომავლო დაფინანსებაზე. იმის მიუხედავად, რომ სრულიად ახალი ეკოსისტემა წარმოიქმნა, რაც მოითხოვს ახალ ტექნოლოგიებს, წარმოიქმნა ბლოქჩეინები, კრიპტოვალუტა და ა.შ. შეიქმნა ახალი საპილოტე პროგრამები სხვადასხვა ქვეყნისთვის სიღარიბის დასაძლევად, იმისთვის რომ მდგრადი განვითარების განხორციელება მოხდეს“, განაცხადა ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია თუ როგორ უნდა განვითარდეს ბლოქჩეინის ტექნოლოგიები. რა ინსტრუმენტები უნდა შეიქმნას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის. „აი ეს არის ის შეკითხვები, რომელიც მოითხოვს პასუხად მილიონობით და ტრილიონობით დაფინანსებას. ამ კონტექსტის გარშემო ჩვენ შევქმენით გარკვეული მოსალოდნელი შედეგების გეგმა რომელიც, მიმდინარე, 2018 წლის ფორუმზე, იქნება წარმოდგენილი და განხილული. ეს არის პარტნიორობა, თანადგომა, იმისთვის რათა გავხსნათ ახალი რესურსებისათვის წვდომა ჩვენი სხვადასხვა პლატფორმისთვის. ჩვენ წინ მივიწევთ იმისთვის, რათა გაცილებით კარგად განვმარტოთ სოლიდარობის და ინოვაციების დაფინანსების არსი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი უნდა მოექცეს პაკეტში, რომელიც უნდა განხორციელდეს პარტნიორობისა და კოორდინაციის გზით, თავად გაეროს სისტემის შიგნით. „მიგვაჩნია, რომ გაეროს სისტემა არის ყველაზე უფრო მისადაგებული მდგრადი განვითარების მიზნებისათვის. გაეროს მიერ დაწესებული ჩარჩო დღეისთვის არის ყველაზე უფრო ქმედითი“, განაცხადა მომხსენებელმა.
ფორუმზე მარიამ ჯაშმა განცხადა, რომ აფხაზეთი მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან იქ მხოლოდ განვითარების პრობლემაა, არამედ არის ჰუმანიტარული კრიზისი.
„აფხაზეთი დგას არა მხოლოდ განვითარების პრობლემის წინაშე არამედ იქ ნამდვილად ჰუმანიტარულ კრიზისთან გვაქვს საქმე და ეს მხარე მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას“, აღნიშნა მომხსენებელმა.
მისი თქმით, ქვეყნების აქტივობა და რეკომენდაციები განსაზღრავს ინოვაციური დაფინანსების შემდგომ სახეს. მომხსენებელმა იმედი გამოთქვა, რომ ყოველივე ამას ახალი თავმჯდომარე - იაპონიის სახელმწიფო შესანიშნავად გაუძღვება.
მან მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და ფორუმში მონაწილეებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.