გუშინ, რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, განაცხადა:"რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრანსფარანტების თუ ტრაფარეტების, რასაც დგამენ ჩვენს მიწაზე, უკან, ოფიციალური, საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრისკენ გადაწევა". – აი ასე, მკვეთრად "სააკაშვილისეული სტილის" განცხადება "გვაჩუქა" სამხედრო მინისტრმა!.. მერე და, რა გაკეთდა ამით? საქმისთვის არც არაფერი, პირადი ფიარისთვის კი ის, რომ ხიდაშელმა მის "რეკომენდატორებს დაანახა", თუ როგორი "მკაცრი და შეუვალია" იგი რუსეთის მიმართ! კი, მაგრამ, "ეს ხომ უკვე ნანახი გვაქვს" და რით დამთავრდა ისიც გვახსოვს, არა? თუ, ხიდაშელიც სააკაშვილივით თანახმაა, რომ მომავალში რეკომენდატორებმა "გუბერნატორად გამწესონ" უკრაინის რომელიმე ოლქში?! რაც უნდა ის უქნია, მაგრამ – საქართველომ რა დააშავა, რომ ასეთი ნარცისი, "მზრუნველი და წინდახედული" პოლიტიკოსების ხელშია, უკვე არაერთი წელია?!
ხიდაშელი, იურისტ–უფლებადამცველი იყო და როგორც ჩანს, დარჩა ასეთად, ეს აშკარად შეიმჩნევა მის რიტორიკაში, ამიტომ, ხელისუფალონო, რაც უფრო მალე მოაშორებთ მას, "ომობანას მინისტრის როლს", მით უკეთესი იქნება საქართელოს უსაფრთხოებისათვის! დიახ, "გააჩერეთ" ხიდაშელი და დააბრუნეთ პარლამენტში, ან არასამთავრობო სექტორში, სადაც აიდგა ფეხი და სადაც მას კიდევ შეუძლია რაღაც სარგებლის მოტანა, თორემ მწარედ ინანებთ! თავდაცვის მინისტრის მხრიდან, ასეთი შინაარსის განცხადების გაკეთება არის სრული უცოდინარობა და პოლიტიკური სიბეცე, რომელიც ქვეყნისთვის შეიცავს საფრთხეს! დიახ, ეტყობა ხიდაშელს წარმოდგენაც არა აქვს იმაზე, რაზეც საუბრობს, მთავარია "ხმამაღლა თქვას და რიხიანად", ხოლო ამას რა შეიძლება მოჰყვეს, არც ნაღვლობს! არადა, ეს გახლავთ უსერიოზულესი პრობლემა, ქვეყნის დეოკუპაცია, რომლის არ ცოდნა, არათუ დეოკუპაციის საშულებას მოგვცემს, არამედ უფრო გააღრმავებს და გაახანგრძლივებს უცხო სახელმწიფოს ჯარების ყოფნას ქვეყანაში! კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, – "გადაეცით" ხიდაშელს (სანამ მინისტრია და რაიმე "საბედისწერო განცხადების" გაკეთება კიდევ შეუძლია), რომ – რუსეთის როლი და მნიშვნელობა საერთაშორისო თანამეგობრობაში უმნიშვნელოვანესია, უწინარესად კი, გლობალური ბირთვული უსაფრთხოების ჭრილში და ის გეოპოლიტიკური დაპირისპირება დასავლეთთან უკრაინის კრიზისის გამო, ამის დადასტურებაა!
რუსეთის ჩართულობის გარეშე, მიუხედავად მისი აგრესიული ქმედებებისა, არცერთი გლობალური უსაფრთხოების საკითხი მსოფლიოში არ იხილება და მის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ ღებულობენ! ამიტომ, საქართველოს დეოკუპაციის და გამთლიანების მისაღწევად აუცილებელი იქნება, რომ მოხდეს დასავლეთის და რუსეთის შეთანხმება, ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს! შეგახსენებთ, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობისას ხდებოდა, იგი ოკუპანტ რუსებს ისე "ამკობდა", თითქოს, დღეს თუ არა ხვალ დაპანღურებით გადარეკავდა კავკასიონის ქედს იქით! დღეს, ხიდაშელიც იგივეს აგრძელებს, რასაც სააკაშვილი, უბრალოდ, "გადარჩენილები" ვართ, რომ ქ–ნი მინისტრი "პრეზიდენტი არ არის", თორემ რუსს არ დაეზარებოდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა მიშას დროს!
კარგი, დავუბრუნდეთ საკითხს, გაგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ("ვარშავის ბლოკი", – გდრ, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ბულგარეთი) დეოკუპაცია, - მოლაპარაკებების შედეგად (და არა ლანძღვის ან მუქარის!), ურთიერთგაგების ატმოსფეროში და ურთიერთშეთანხმების ვითარებაში განხორციელდა! გაიხსენეთ, რუსეთის პრეზიდენტი ელცინი ("გაგლეჯილი" მთვრალი!), როგორ დირიჟორობდა სიმფონიურ ორკესტრს ბერლინში რუსეთის ჯარების აღლუმის დროს (ამის შემდეგ, რუსულმა ჯარმა დატოვა გერმანიის მიწა–წყალი, სადაც 45 წელი იმყოფებოდა!), გერმანიის კანცლერის კოლის თანდასწრებით! ავღანეთშიც, - სწორედ დიალოგის რეჟიმი უძღოდა წინ ავღანეთის დეოკუპაციას (საპატიო აღლუმის გამართვის შემდეგ, რუსულმა ნაწილებმა "თავაწეულებმა" დატოვეს ავღანეთი!), სადაც რუსებმა 9 წლიანი ოკუპაციის შედეგად 1 მილიონ ავღანელს სიცოცხლე მოუსპეს!!
მოკლედ, 20–21 საუკუნეში არ არსებობს მაგალითი, რომ რუსულ ჯარებს "სირბილით, თავქუდმოგლეჯილებს" დაეტოვებინოთ ესა თუ ის ქვეყანა და "თავისი ხელით წაეყარათ თავზე ნაცარი" (როგორც ხიდაშელი "მოითხოვს")! ასე რომ, ყველა სახელმწიფომ, სადაც იდგა რუსეთის სამხედრო კონტინგენტი, მხოლოდ მოლაპარაკების და ურთიერთპატივისცემის გამოხატვის შემდეგ, მიაღწია რუსეთის სამხედროების გაყვანას და სრულ დეოკუპაციას!! ეს რაც შეეხება დეოკუპაციის საკითხს, ახლა, ბარემ ქვეყნის შეიარაღების თემაც განვიხილოთ ორიოდე სიტყვით!
ჯერ იყო და, ალასანიამ "ყურები გაგვიყრუა", არიქა, მნიშვნელოვან სამხედრო კონტრაქტს ვაწერდი ხელს ფრანგებთან და შემიშალესო, აღმოჩნდა, რომ ეს პროცესი ჯანელიძის დროს გაგრძელდა ყოველგვარი ხმაურის გარეშე, მაგრამ, "ხიდაშელი რის ხიდაშელია", რომ ალასანიაზე ("კონკურენტი ფირმა"!) ხმამაღლა არ განეცხადებინა ამის შესახებ (დიდი საქმე კი, "უხმაუროდ კეთდება"!)! რა გითხრათ იცით, ხელისუფლებას მივმართავ, განა ზუსტად ასეთი რიტორიკა არ ჰქონდა სააკაშვილს, როგორიც აქვს ხიდაშელს? გაიხსენეთ, მუდამ ასეთი გზავნილები არ ისმოდა მისგან, რომ - "მალე დაიწყებოდა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების განლაგება საქართველოში" და სხვა?! რა ეგონა მაშინ სააკაშვილს და რა ჰგონია დღეს ხიდაშელს, რომ ამ "ახალი ამბავის" გაგონების შემდეგ, რუსებს შეეშინდებათ და გაიქცევიან??!! გინდათ გითხრათ, თუ რას მოიმოქმედებენ რუსები ამ შემთხვევაში?! რუსეთი, დამატებით ძალებს განათავსებს ე.წ. "სამხრეთ ოსეთში" და აფხაზეთში, შემოიტანს დიდი რაოდენობით - "გრადს, სმერჩს, იგლას, ტოჩკას, ოსას", – ისინი, ათასი სხვა სახის იარაღით დახუნძლავენ მათ მიერ ოკუპირებულ ჩვენს რეგიონებს და ამით, რეალური საფრთხე შეექმნება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებსაც!!
P.S. მე მაინტერესებს, ალბათ ქართული საზოგადოების დიდ უმრავლესობასაც, მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში ვინ იქნება პასუხისმგებელი, მხოლოდ ხიდაშელი, თუ მთლიანად ხელისუფლება?! უკაცრავად, "მწარე" შეკითხვაა? ჰოდა, თუ გინდათ რომ "გატკბილდეს", დროულად მიიღეთ გონიერი გადაწყვეტილებები და ყველას "თავ–თავის ადგილი მიუჩინეთ"!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.