“პოზიციის“ ინიცირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოალიციურ დონეზე, მაღალი საბანკო პროცენტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება
14-07-2015, 07:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბანკები ჩვენ გვეხება“ - ამ სლოგანით  არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” ინიციატივით, სექტემბერში მაღალი საბანკო პროცენტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქცია „ბანკები ჩვენ გვეხება“ - გაიმართება.


„პოზიცია“, „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან“ ერთად კოალიციურ რეჟიმში წამოიწყებს მოძრაობას, რომელში ჩართვაც ყველა იმ მოქალაქეს შეეძლება, ვინც თვლის, რომ საქართველოში ბანკები მომხმარებლებს არაკეთილსინდისიერად ექცევიან და მათზე სესხების გაცემას კაბალურ პირობებში აწარმოებენ.

 


კოალიცია თვლის, რომ, არა მხოლოდ სამომხმარებლო სესხების პროცენტია მაღალი და სრულიად არაადეკვატური, არამედ მისი ამოღების მექანიზმიც. „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. პრობლემური სესხის განყოფილებათა წარმომადგენლები ვალების გადახდისუუნარო მოქალაქეებზე ახორციელებენ შანტაჟს და მუქარას, აყენებენ მათ შეურაცხყოფას და პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტის გზების ძიების ნაცვლად, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი თვითმკვლელობის მდგომარეობამდეც კი მიჰყავთ.


ადამაშვილს მიაჩნია, რომ ისეთ ეკონომიკურ პირობებში, როგორშიც დღეს საქართველო იმყოფება, საბანკო სექტორი ყველაზე მომგებიან ბიზნესად რჩება და ეს ძირითადად მათი მოქალაქეებისადმი მძარცველური პოლიტიკის გატარების შედეგია.


„ბანკები საქართველოში ყველაფრიდან ფულს აკეთებენ, დაწყებული ანგარიშის გახსნით, პლასტიკური ბარათის დამზადებით და საკუთარი ფულის ანგარიშიდან გამოტანითაც კი. რას ვგულისხმობ? ყველამ, ვინც საბანკო სფეროს მომხმარებელია, იცის, რომ ბანკი არც ისე მცირე საფასურს ართმევს მომხმარებელს პლასტიკური ბარათის დამზადებისა თუ დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენისათვის, გარკვეულ პროცენტს უკავებს საბანკო ტერმინალიდან თუ თავად ბანკის ოფისიდან თანხის გამოტანისას, ელემენტარული ცნობის აღებისთვისაც კი საფასურს ახდევინებს და ა.შ. მაშინ როცა დასავლეთში, და მაგალითად დიდ ბრიტანეთს მოვიყვან, ყველა ეს მომსახურება უფასოა. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი არაფერს იხდის მოქალაქე საბანკო ტერმინალიდან ფულის გამოტანისას, როცა ის სხვა ბანკის პლასტიკური ბარათით სარგებლობს. ასევე უფასოა დიდი ბრიტანეთის ბანკების უმრავლეობაში ერთი ბანკიდან მეორეში თანხის გადარიცხვა. აქ კი რა ხდება? კომერციული ბანკები ყველაფერში ფულს აკეთებენ, პირდაპირ ვიტყვი, რომ ძარცვავენ ხალხს და საერთოდ არ ფიქრობენ მათივე ქვეყნის მოქალაქეების ბედზე“, - აცხადებს გურამ ადამაშვილი.


კოალიციას, მიაჩნია,  რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია, ლარმა დევალვაცია განიცადა და ზოგადად, რეგიონში საკმაოდ მყიფე ეკონომიკური მდგომარეობაა, ბანკებმა იმის ნაცვლად, რომ რაიმე ფორმით სოლიდარობა გამოხატონ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებისადმი, პირიქით, მათ მიმართ არავითარ რეალურ შეღავათს არ აწესებენ. „პოზიციაში“ მიაჩნიათ, რომ კომერციული ბანკების ამგვარი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ ასევე ზიანს აყენებს საქართველოში ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებასა და განვითარებას, რადგან ახალდაქორწინებულ წყვილებს არ აქვთ სესხების აღებისა და საკუთარი ბინების განვადებით შეძენის საშუალება, რაც ცოლ-ქმრის ურთიერთობას გარკვეულ პრობლემებს უქმნის.


ბევრი ადამიანი კი, გამომდინარე იქედან, რომ ბინების გაყიდვა მოუწიათ, პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაშია დარჩენილი. მასობრივ პრობლემად იქცა ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის საკითხი, რამაც, უკვე დადასტურებული სტატისტიკით, ამავე ოჯახების ნგრევა გამოიწვია და კიდევ სხვა, მათ შორის, მორალური პირობების გათვალისწინებით, ერთადერთ გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავენ. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ საჭიროა, აღნიშნული პრობლემის კომპლექსურ კვლევასთან ერთად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მთავრობა, კანონში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ვერ აიძულებს საბანკო სექტორის ხელმძღვანელობას, შეამცირონ კატასტროფულად (სრულიად ხელოვნურად) გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე. ამ ფონზე კი, „პოზიცია“-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ხსნა მხოლოდ მასობრივი საზოგადოებრივი მოძრაობის წამოწყებაშია.


„პოზიცია“, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც თვლის, რომ ბანკები უსამართლოდ მოექცნენ, მოუწოდებს დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე www.position.ge და ერთად ჩაერთონ სექტემბერში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი