შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა ერაყში განლაგებულ აშშ-ის საჯარისო ნაწილში გამოუცხადებელი საშობაო ვიზიტი განახორციელეს და ისინი იქ „შობას გვიან ღამით“ ჩავიდნენ იმისათვის, რომ მადლობა გადაეხადათ სამხედროებისთვის „მათი გაწეული სამსახურის, მათი წარმატების და მათი თავგანწირვისათვის“, განაცხადა თეთრმა სახლმა.
ტრამპმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერაყიდან ჯარების გამოყვანის გეგმა არ აქვს.
აშშ-ის პრეზიდენტის ერაყში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე თავდაცვის მდივნის პოსტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა გენერალმა ჯეიმს მატისმა და ამის მიზეზად მან ტრამპის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკის მის ხედვებთან შეუსაბამობა დაასახელა, მათ შორის ავღანეთში ამერიკელი სამხედროების შემცირების გეგმა და ამერიკის მოკავშირეების, რომლებიც აშშ-ს ორივე კონფლიქტში ედგნენ მხარში, დაუფასებლობა.
შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ ჰყავს ერაყში 5 000-ამდე სამხედრო, რათა დაეხმაროს ქვეყნის მთავრობას „ისლამური სახელმწიფოს“ ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლაში.
თუმცა, ტრამპსა და ერაყის პრემიერ მინისტრ ადელ აბდულ მაჰდის შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. მაჰდის ოფისმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი უთანხმოება გახდა, თუ როგორ უნდა შემდგარიყო შეხვედრა. იფიციალური პირების ცნობით, ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ტრამპის ერაყში ვიზიტი მხოლოდ სამი საათი გაგრძელდა. ამერიკისკენ მიმავალი ტრამპი გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე შეჩერდა, სადაც ასევე ამერიკელ სამხედროებს შეხვდა.
ტრამპი, მისი ცოლი მელანია, უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი ბორტ ნომერ ერთით ერაყის დედაქალაქ ბაღდადის დასავლეთში მდებარე ალ-ასადის საჰაერო ბაზას ესტუმრნენ და სამხედრო პირებს ბაზის რესტორანში შეხვდნენ. ეს ტრამპის პირველი ვიზიტი იყო რეგიონში.
როგორც კი ტრამპი დიდ სასადილო ოთახში შევიდა, ფეხზე მდგომი სამხედროები მას ოვაციით და ტაშით შეხვდნენ. ტრამპმა მათ ჩამოურა, მიესალმა, „სელფები“ გადაიღო და ავტოგრაფები გასცა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მიზანი იყო პერსონალურად გადაეხადა მადლობა ამერიკელი სამხედროებისთვის მათ მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში გაწეული თავგანწირვისათვის. „ორი წლის წინ, როცა მე გავხდი პრეზიდენტი ისინი ძალიან დომინანტ ჯგუფს წარმოადგენდნენ, დღეს ისინი უკვე აღარ არიან ასეთი დომინანტები. დიდებულად შესრულებული სამუშაოა“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპს დაგეგმილი ჰქონდა, რომ ქრისტეშობის დღეები ფლორიდაში, მის კერძო გოლფის კლუბში გაეტარებინა, მაგრამ ამერიკის მთავრობის ნაწილობრივ დახურვის გამო ვაშინგტონში დარჩა.
„ჩვენ უკვე აღარა ვართ ადვილად გასაბითურებელი ხალხი. ჩვენ კვლავ პატივსაცემი ერი ვართ“, უთხრა ტრამპმა სამხედრო ძალების შემადგენლობას.

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოიყენოს ერაყი, როგორც მომავალი ბაზა „თუკი ჩვენ გვსურს რაიმეს გაკეთება სირიაში“.
ერაყში ვიზიტისას მან აშშ-ის ჯარების სირიიდან გამოყვანის გადაწყვეტილება დაიცვა და აღნიშნა: „ბევრი ადამიანის ნააზრევი ემთხვევა ჩემსას. მე იმთავითვე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჩვენი მისია სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო შენაერთების განადგურება იყო.
„რვა წლის წინ ჩვენ იქ სამი თვით შევედით და არასოდეს გამოვსულვართ. ახლა ჩვენ მართებულ გზას ვადგავართ და ჩვენ ამას დავასრულებთ“.
ტრამპმა ასევე გააკეთა განმარტება მისი საუბრის შესახებაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომელმაც როგორც BBC წერს, აშშ-ის ჯარების სირიიდან გამოყვანის შესახებ მის გადაწყვეტილებაზე სავარაუდოდ გავლენა იქონია.
„გეტყვით, რომ მქონდა ძალიან კარგი საუბრები პრეზიდენტ ერდოღანთან, რომელსაც ასევე სურს განდევნოს ისინი [„ისლამური სახელმწიფო“] და ის გააკეთებს ამას. და ასევე სხვებიც გააკეთებენ ამას“, თქვა ტრამპმა.
„ჩვენ ვართ მათ რეგიონში. მათ უნდა გაეზიარებინათ ხარჯების ტვირთი და ისინი არ იზიარებენ“.
მან თქვა, რომ ჯარების სირიიდან გამოყვანაში დაყოვნება არ იქნება და დაამატა, რომ აშშ „ვეღარ განაგრძობს, რომ იყოს მსოფლიოს პოლიციელი“.
„არ არის სამართლიანი, როდესაც მთელი ტვირთი ჩვენზე, შეერთებულ შტატებზეა“, აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ჩვენ უკვე აღარ გვინდა მათთვის სასარგებლოდ გამოგვიყენონ იმ ქვეყნებმა, რომლებიც გვიყენებენ ჩვენ და იყენებენ ჩვენს ჩინებულ ჯარებს მათი დაცვისათვის. ისინი არ იხდიან ამის საფასურს და მათ უნდა გადაიხადონ“.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირის წინ რეგიონში მისი ვიზიტი უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ შედგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.