სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიებად თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
შონიამ, რომლის მიმართაც გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით) - საუბარია 10 000 დოლარის მიღების ფაქტზე - ნაწილობრივ აღიარა ბრალი, თუმცა თქვა, რომ მას ეს თანხა უკანონო საჩუქრის სახით არ აუღია.
სხდომის დასრულების შემდეგ შონიამ სასამართლო უკომენტაროდ დატოვა.
ადვოკატ იზა კალატოზიშვილის განცხადებით, ეს იყო ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხა. ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანისთვის განკუთვნილი, რაც ბიზნესმენმა გადარიცხა მისი კეთილი ნებით. აუცილებლად მოხდება ამ თანხის დეკლარირება“, განაცხადა ადვოკატმა, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
საქმის პროკურორის ბექა ეჟიშვილის თქმით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 10 000 დოლარი შონიას რამე ქმედებისთვის არ აუღია.
ეჟიშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში სხვა პირებიც არიან ბრალდებული, მათ შორის ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა, რომლებსაც ბრალი ედებათ ქრთამის აღებაში.
„21 000 დოლარი რომ ქრთამის სახით აიღეს, ეს დასტურდება. შონიას შემთხვევაში, საქმეში ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით უკანონო საჩუქრის მიღება მტკიცდება. პროკურორის თქმით, შონიას გვარი დანარჩენი ოთხი პირის ბრალდების საქმეში არსებულ ჩანაწერში გამოიკვეთა და ამ მოტივით გაერთიანდა საქმეები“, განაცხადა პროკურორმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
წინასასამართლო სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების - გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით.
ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.
1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან სამას საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ორასიდან ოთხას საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.