„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა, რომ ეკა ბესელიას ეს დაპირისპირება არ დაუწყია და ეჭვი გამოთქვა, რომ გუნდში დაპირისპირების წახალისება ბიძინა ივანიშვილისგან მომდინარეობს.
„ეკა ბესელიას არ დაუწყია ეს დაპირისპირება. როდესაც რაღაცას ვიხსენებთ, უნდა გავიხსენოთ ყველაფერი. ჩემი დაპირისპირებაც თავიდან ზუსტად იმასთან დაკავშირებით იყო, რომ ეს გუნდი [ირაკლი კობახიძის] დაუპირისპირდა ჯერ ბესელიას, მერე კვირიკაშვილს, ამიტომ ამ ადამიანებისთვის თუ შეიძლება დაპირისპირება, ე.ი. ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილა ზევით გუნდში დაპირისპირების წახალისება.
თქვენ გახსოვთ, კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა ორჯერ მიუტოვეს ბესელიას კომიტეტი, იქიდან დაიწყო ეს დაპირისპირება, თუნდაც კონსტიტუციაში ჩანაწერებთან მიმართებაში. ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს. მათ კიდევ უფრო გამარტივებულად უნდოდათ, რომ იუსტიციის საბჭოსთვის დაკომპლექტების წესი შეეცვალათ, რომ იქ პარლამენტი საერთოდ არ ჩარეულიყო“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ და არ გამორიცხა სერიოზული საპროტესტო ტალღის აგორება, თუკი მომასამართლეების ისევ ძველი სია შევა პარლამენტში.
ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხსა და მმართველ გუნდში არსებული სირთულეებზე განცხადება დღეს გაავრცელა და მასში აღნიშნულია, რომ „გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა“.
„მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.
ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო - რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ.
გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი“, აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.