„არის მოვლენების განვითარების ორი ვერსია - პირველი, რომ მხოლოდ ცალკე ფრაქცია გამოიყოს და პროცესი მიჩუმათდეს, სადაც მცირე რაოდენობით რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანი გამოვიდეს თუ მათ მხარდაჭერას ბიძინა ივანიშვილი არ გამოუხატავს და მეორე, რომ ამ ყველაფერმა უფრო გლობალური ხასიათი მიიღოს და „ქართულმა ოცნებამ“ მინიმუმ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგოს, იმ ფორმით, ასე ვთქვათ, დანაწევრდეს“, - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„ეს ზოგადად, ჩვეულებრივი მოვლენაა, ხშირად ხდება ხოლმე, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, როდესაც ძალაუფლებაში არიან, ისინი იშლებიან რაღაც ეტაპზე და ხშირად მათშივე ჩნდება გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები. ასე შეიძლება მოხდეს “ქართული ოცნების” შემთხვევაში, თუ ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ პირს შორის დავა და თუ ამ ყველაფერს უფრო შიგნით მეტი გაგრძელება მოჰყვა. წესით და რიგით, დღეს უკვე “ქართულ ოცნებას” აღარ სჭირდება ერთიანობა. რა რესურსიც საჭირო იყო ერთი მდგრადი პარტიის არსებობისათვის, ამ არჩევნებზე მათ მაქსიმუმი გაიარეს“, აღნიშნავს არჩილ გამზარდია.
„2020 წლისთვის „ქართული ოცნება“ ამ სახით, ერთი პოლიტიკური ძალის სტატუსით რომ წარდგეს, შეიძლება ბევრად უფრო სავალალო შედეგები მიიღოს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს მცდელობა, რომ „ქართული ოცნება“ რამდენიმე ნაწილად დაიშალოს და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებზე იმუშაოს. მსგავსი რამ ბიზნესის სტრატეგიაში ცნობილია. მაგალითად, შეიძლება ერთი დიდი კორპორაცია დაიშალოს და სამიზნე ჯგუფებზე ცალკეული ბრენდით გავიდეს, ანუ შეიძლება მფლობელი ჰყავდეს ერთი, მაგრამ ცალკეული ბრენდები გავიდნენ სხვა მომხმარებლებზე. ისინი არიან ერთმანეთთან მიმართებაში კონკურენტები, თუმცა მფლობელი ერთი ჰყავთ. დაახლოებით შეიძლება ამგვარი რეალობა მოხდეს „ქართულ ოცნებაშიც“, განმარტავს პოლიტოლოგი.
„მე ვფიქრობ, რომ დაშლა ეფექტური იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუჭირდა და ისიც ვნახეთ რის ხარჯზე მოახერხეს სასურველი კანდიდატის გაყვანა. იმდენი გადაცდომა იყო, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საკმაოდ ხისტი შეფასებები დადეს, თუმცა არჩევნები შემდგარად ჩაუთვალეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მოცემულობის პირობებში „ქართული ოცნების“ წინსვლის პერპექტივა ძალიან დაბალია. 2020 წლისთვის კიდე უფრო უარესი მოცემულობა შეიძლება იყოს, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტად უნდა დასჭირდეს გადაცდომები, იმისთვის რომ ძალაუფლება არ დაკარგოს და ამას შეიძლება უკვე მოჰყვეს ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა არა უბრალოდ კრიტიკული შეფასებები გააკეთონ, არამედ არჩევნების შედეგებიც არ აღიარონ. ამიტომ, ბუნებრივია, „ქართული ოცნებისთვის“ უკეთესია როგორღაც სხვადასხვა ფლანგზე გაიშალონ, სხვადასხვა ჯგუფებზე იმუშაონ“, ამბობს გამზარდია.
“ჩემი აზრით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს პოლიტიკური პროცესების ფორმირებისათვის იყენებს. მე ვფიქრობ, ეს იქნება პოლიტიკური პროცესების ნაწილი და არა მხოლოდ სასამართლოების თემა. საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი და მიზეზი მისცა პოლიტიკური პროცესისთვის და ამ სახელის საბაბის ქვეშ შეიძლება გარკვეული სხვა მოტივებით გაიშალოს. საერთო ჯამში, გამოდგება თუ არა სასამართლოების თემა პოლიტიკური პროცესების ფორმირებისთვის, აი ეს არის ახლა მსჯელობის საგანი. მაგალითად, კონსტიტუციის მიღება ამისთვის არ გამოდგა. საერთო ჯამში, საზოგადოებრივი ინტერესი და დამოკიდებულება ძალიან დაბალი იყო საკონსტიტუციო თემებზე, ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხზე. ფაქტობრივად, არ დაინტერესდა საზოგაოდება, ვერანაირ პროცესში ვერ მოხდა ჩართვა და სასამართლოების თემა ამ ეტაპზე ყველაზე უფრო ეფექტურად მოჩანს. შეიძლება საზოგადოებრივი ჯგუფებიც აყვნენ და მასობრივი თემაც გახდეს”, - დასძენს არჩილ გამზარდია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.