ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი: „როდესაც სასულიერო პირი თავს უფლებას აძლევს, რომ ამბიონიდან ძალიან მძიმედ, პირდაპირ გალანძღოს მეორე სასულიერო პირი, რა უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ ერისკაცთაგან“
20-01-2019, 17:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი დღევანდელობის ფონს უკიდურესად ამძაფრებს დაძაბული ურთიერთობები სასულიერო პირთა შორის, რაც მრევლში ურთიერთდაპირისპირების გამოწვევის საფუძველი შეიძლება გახდეს“, განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ღვთის განცხადების დღესასწაულზე ქადაგებისას.

 


მეუფე მიიჩნევს, რომ ეს მდგომარეობა „ძალიან მძაფრად იგრძნობა და სულ უფრო ხშირად გვაფიქრებინებს, რომ ამ ტენდენციამ შესაძლოა განვითარება ჰპოვოს და დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს ეკლესიურ ერთობას. სასულიერო პირთაგან ასეთი ქმედებები მრავალგზის უფრო გაზრდილი მუხტით გადადის ადამიანებში და როდესაც სასულიერო პირი თავს უფლებას აძლევს, რომ ამბიონიდან ძალიან მძიმედ (ამას უკვე კრიტიკა აღარ ჰქვია!), პირდაპირ გალანძღოს მეორე სასულიერო პირი, რა უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ ერისკაცთაგან, ან თუნდაც იმ ადამიანთაგან ვინც საერთოდ არ არის ეკლესიის შვილი, ვინც მონათლულიც კი არ არის?!“

 


GUARDIAN.GE გთავაზობთ მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ქადაგებას ღვთის განცხადების დღესასწაულზე, რომელსაც ფოთისა და ხობის ეპარქია ავრცელებს.

 


„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

 


ჩვენთნ არს ღმერთი!

 


ძვირფასო სამწყსოვ, გილოცავ დღესასწაულს!

 


დღეს ღვთის განცხადების დღეა! სხვანაირად ნათლისღების დღესაც ვუწოდებთ მას. განსაკუთრებული დღეა ქრისტიანთა ცხოვრებაში. წმიდა საკითხავებში ვკითხულობთ, რომ დღეს „წყალნი დედამიწისანი იკურთხებიან“. დღეს განახლდება სიცოცხლე, განიწმიდება სამყარო. დიდია განგება და კაცთმოყვარეობა ღმრთისა, მაგრამ ასევე დიდია უგუნურება ადამიანისა, რომელსაც იგი ხანდახან იჩენს საკუთარი ბედისა და საკუთარი გამომხსნელის მიმართ, რომელმაც იორდანეში შესვლა და იოანესგან ნათლისღება ინება, რა დროსაც მტრედის სახით სული წმიდა დაადგა მას, და ზეციდან გაისმა ხმა მამისა, რომელიც დაამოწმებდა:

 


„ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“ (მთ. 3,7).

 


აქ საყურადღებოა ის, თუ რა ხდებოდა ამ დროს მდინარე იორდანესთან. ხდებოდა კი ის, რომ იოანე ნათლისმცემელი მოუწოდებდა ხალხს სინანულისკენ და წყალში განბანდა მათ.

 

 

წმიდა იოანე ნათლისმცემლის პიროვნება და მის მიერ განვლილი გზა, დაბადებიდან ამ დღემდე, ადამიანებს ამზადებდა მესიის, ანუ იესო ქრისტეს მისაღებად; მთავარი მოწოდება, რაც იოანესგან გაისმოდა იმ დღეებში და, რაც დღესაც აქტუალურია უფლის მისაღებად და მასთან შესახვედრად, არის სიტყვებში -

 


„შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი“ (მთ. 3,2).

 


უფლის დიდებაზე და სულის ცხოვნებაზე ორიენტირებული ადამიანის ყურს დღესაც სწვდება ეს მოწოდება.

 


ჩვენ თითქოს კარგად გვესმის, თუ რას ნიშნავს სიტყვა სინანული, მაგრამ ერთია ყურით მოსმენა მისი, მეორე კი - გაგება მისი, გააზრება, სიღრმისეული განცდა, რის შესახებაც წმიდა მოღვაწე, ღირსი მამა ეფრემ ასური ამბობს:

 


„ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“.

 


ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ვნანობთ ბევრ რამეს, თუმცა შემდეგ კვლავ იგივეს ვიმეორებთ; ეს იმიტომ გვემართება, რომ ჩვენს გულის სიღრმეებს არ სწვდება ტკივილი და განცდა ჩვენთა ცოდვათა გამო.

 


დღევანდელ დღეს, ნათლისღების ამ დიდებულ საიდუმლოში ფაქტობრივად იორდანეზე ინათლება არა იესო ქრისტე, არამედ მთელი კაცობრიობა. იესოსთან შეხებით განიწმინდება თვით იორდანეს წყალი და იკურთხება მთელი მსოფლიოს წყლები.

 


ახლა მოდით, ჩვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩეროთ; ყოველი ნათლისღების ჟამს, როდესაც ადამიანი ინათლება ყოვლადწმიდა სამების სახელზე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ემბაზის ირგვლივ ლიტანიობისას იგალობება შემდეგი საგალობელი:

 


„რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია“.

 


ეს არის ძალიან მნიშველოვანი შინაარსის მქონე სიტყვები, რომელიც მთელი ცხოვრება თან უნდა გვდევდეს, რადგან ქრისტეშემოსილობა არის უმთავრესი რამ ქრისტიანის ცხოვრებაში; რადგან ის გულისხმობს ქრისტესადმი მიმბაძველობას და მიმღებელობას იმ სწავლებისა, დარიგებისა, კურთხევისა, რომელიც გვასწავლა, მოგვცა, დაგვიტოვა ჩვენთვის განკაცებულმა ძე ღვთისამ, რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცვა. აქ, ამ ჭრილში, ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს: როგორ ვეხმაურებით იოანე ნათლისმცემლის მარადიულ მოწოდებას:

 


„შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი“ (მთ. 3,2).

 


ჩვენი ქრისტიანობა დამძიმებულია ერთგვარი უმადურობით, რომელსაც ვიჩენთ ხოლმე ღვთის მიმართ. ამ სიმძიმიდან გათავისუფლების მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის სინანული - „განცდაი თვისთა ცოდვათა“.

წყლის კურთხევის ლოცვებშიც თქვენ მოისმინეთ, რომ ეს წყალი, რომელიც იკურთხა, არის განსაწმედელი, საკურნებელი, მაკურთხეველი ყოველთა, ვინც მას რწმენით მიიღებს. ეს წყალი დღეს ყველა ოჯახში უნდა ესხუროს, მიიღოს ყოველმა ქრისტიანმა, ამ წყლით უნდა განიბანოს და განიწმინდოს ყოველი ადამიანი, ყოველი სული.

 


სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ მიერ განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნა ქრისტესშობის დღესასწაული, ახალი დასაბამი ქრისტეში კაცობრიობის განახლებისა. დღეს ჩვენ კვლავ აღვნიშნავთ, რომ ქრისტიანობამ კაცობრიობა აიყვანა მისი განვითარების ახალ საფეხურზე და ახალი მოთხოვნები დაუწესა მას; ჩვენთვის თანამედროვე ტერმინებით ვიტყვით - აზროვნების, ქცევის, ცხოვრების ახალი სტანდარტები დაგვიწესა; მათ შორის უმთავრესია - გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს ადამიანი (მკ.12,30-31). ყველა ადამიანი (ყველა ქრისტიანი) მიელტვის საუკუნო ცხოვრებას, თუმცა, აქვე უნდა სიხარულიც და ბედნიერებაც! მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება და სიხარული ვერ იქნება სრული, თუკი ის სხვის ტკივილსა და უბედურებაზე გადის. როგორ შეიძლება შენ გიხაროდეს ისეთი რამ, რითაც ძალიან დიდი ტკივილი და უბედურება მიანიჭე მეორე ადამიანს. არ შეიძლება ქრისტიანი ამაზე არ ფიქრობდეს და ამისთვის არ ზრუნავდეს.

 


ჩვენი ქრისტიანობა დიდად განსხვავდება პირველი საუკუნეების ქრისტიანობისგან, როდესაც იესო ქრისტე მოვიდა და იქადაგა, როცა მოციქულები დადიოდნენ ხალხში, მიმოდიოდნენ ქვეყნებში, და მიუხედავად ახალგაზრდა ეკლესიის მიმართ განხორციელებული სასტიკი დევნა-შევიწროვებისა, ქრისტიანთა რიცხვი დღითი-დღე იზრდებოდა.

 


რა ხდება დღეს? ერთის მხრივ, სახეზეა ადამიანის გაზრდილი შესაძლებლობები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, და ვხედავთ, რომ ცხოვრება ჩვენს თვალწინ იცვლება, მაგრამ ამ ცვლილებებს, სიკეთეებთან ერთად, ახლავს სიმძიმეებიც და ეს ტვირთად აწვება ადამიანის ცხოვრებას. კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ვხედავთ, რომ ქრისტიანობის, კერძოდ, მართლმადიდებლობის აღორძინებისა და მისი „რეიტინგების“ ზრდის პარალელურად, სულ უფრო მეტად შეინიშნება აგრესიის მოძალება და ამ პროცესში, ჩვენ, ეკლესიური ადამიანები, უფრო ხშირად ძალიან ცუდად წარმოვაჩენთ მას (უფალს), ვინც სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას და შემწყნარებლობას ელის ჩვენგან; ვერ ვიძლევით ხოლმე კეთილი მოქალაქეობისა და მაღალი ზნეობის მაგალითებს.

 


ის, რომ ჩვენ მოვინათლეთ და ჯვარი დავიბნიეთ მკერდზე, ამით მხოლოდ ქრისტიანული ცხოვრების გზას შევუდექით; და ეს ჯერ კიდევ არ არის ქრისტიანობის მწვერვალი, ეს არის დასაწყისი. ჩვენ ასე დავახასიათებდით ჩვენს მდგომარეობას: ეკლესიაში უამრავი ადამიანი დადის, მაგრამ იგრძნობა ეკლესიურობის მწვავე დეფიციტი. ეკლესიურობა ხომ არ ნიშნავს მხოლოდ ეკლესიაში სიარულს; ეს არის სულის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც განაპირობებს ადამიანის ქმედებებს. ეკლესიის წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ეკლესიის მრევლში დავამკვიდროთ ეკლესიური აზროვნება.

 


ამ პრობლემას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს; არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ უახლოეს წარსულში ვცხოვრობდით მძიმე გარემოში, სადაც გაბატონებული იყო ათეისტური იდეოლოგია. ამან თავისი კვალი დაატყო ყველაფერს. დღეს შეიცვალა ქვეყანა, განწყობები, იდეოლოგია, მაგრამ ვხედავთ, რომ ცხოვრებაში ადამიანის ქცევებზე ეს ნაკლებად აისახება. ათეისტური იდეოლოგიის კვალი მოგვყვება თავისუფლებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში, რადგან ამ მძიმე მემკვიდრეობამ ჩაახშო ჩვენში თავისუფლების უნარი, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, თავისუფალი აზროვნების უნარი. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემწყნარებლობის უნარი, რომელიც ნებისმიერი ქრისტიანის სათუთი გრძნობაა და, საერთოდ, ადამიანთა საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს. ჩვენი დღევანდელობა ამის დიდ დეფიციტსაც წარმოაჩენს.

 


დღეს, როდესაც დიდი განსაცდელებისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორც თითოეული ჩვენგანი, ისე ჩვენი დედა ეკლესია და სახელმწიფო, ასეთი მოძალებული არაეკლესიური თვისებები, ძალიან დიდ საფრთხეებს გვიქადის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დღევანდელობის ფონს უკიდურესად ამძაფრებს დაძაბული ურთიერთობები სასულიერო პირთა შორის, რაც მრევლში ურთიერთდაპირისპირების გამოწვევის საფუძველი შეიძლება გახდეს. ეს მდგომარეობა ძალიან მძაფრად იგრძნობა და სულ უფრო ხშირად გვაფიქრებინებს, რომ ამ ტენდენციამ შესაძლოა განვითარება ჰპოვოს და დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს ეკლესიურ ერთობას. სასულიერო პირთაგან ასეთი ქმედებები მრავალგზის უფრო გაზრდილი მუხტით გადადის ადამიანებში და როდესაც სასულიერო პირი თავს უფლებას აძლევს, რომ ამბიონიდან ძალიან მძიმედ (ამას უკვე კრიტიკა აღარ ჰქვია!), პირდაპირ გალანძღოს მეორე სასულიერო პირი, რა უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ ერისკაცთაგან, ან თუნდაც იმ ადამიანთაგან ვინც საერთოდ არ არის ეკლესიის შვილი, ვინც მონათლულიც კი არ არის?!

 


ვისმენთ რა ზოგჯერ ქადაგებებს მაღალი ამბიონებიდან, მიმართვის სხვადასხვა ფორმებს მრევლისადმი, აშკარად იგრძნობა დეფიციტი აღნიშნული ქრისტიანული სათნოებებისა, თავისუფალი აზროვნებისა და შემწყნარებლობისა.

 


ასევე კიდევ ერთი რამ, საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ განკითხვა არ არის არც ვინმეს პრივილეგირებული უფლება და, საერთოდაც, არ არის კარგი საქმე, ეს არის ცოდვა. განკითხვა არის ადამიანის გასამართლება!

 


წმიდა სახარებისეული შეგონებებს შეგახსენებთ:

 


რაისა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა თვისსა არა განიცდი? ანუ ვითარ ხელ-გეწიფების რქუმად ძმასა შენსა: ძმაო, მიტევე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და შენ დვირესა თუალსა შინა შენსა არა ჰხედავ? (ლკ.6,41-42)

 


და ასევე:

 


„ვინ უცოდველ არს თქვენთაგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაი მაგას ზედა!“ (ინ.8,7)

 


როდესაც ვსაუბრობთ მთელი ერისა და ეკლესიის საჭირბოროტო პრობლემებზე, არავითარ შემთხვევაში უსამართლოდ არ უნდა განვსაჯოთ პიროვნებები; ჩვენ პრობლემის არსზე უნდა ვისაუბროთ, იმ საზოგადო ნაკლზე, რომელიც ჩვენს სულიერ ცხოვრებას ამძიმებს და არავითარ შემთხვევაში ისე არ უნდა დავწვრილმანდეთ და დავემცროთ, რომ ერთი დედა ეკლესიის წიაღში მყოფმა ადამიანებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა დავიწყოთ. თუ ეს არ იქნა კარგად გააზრებული, მაშინ ერსა და ბერშიც კვლავაც ტოტალიტარული და დიქტატორული აზროვნების მსხვერპლნი აღმოვჩნდებით. და თუკი ტოტალიტარული და დიქტატორული აზროვნება ეკლესიაში შემოვიდა, მაშინ ის კიდევ უფრო გაუკუღმართებულ სახეს მიიღებს.

 


ბოლო პერიოდში ტელევიზიითა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით ძალიან ხშირად შეინიშნება დედა ეკლესიის ზოგიერთი წევრის, მათ შორის სასულიეროთა, უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამოსვლები; რაც განსაკუთრებით საწყენი და სამწუხარო ფაქტია, ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირთაგან (სამღვდელოთაგან) მაღალი იერარქიის სასულიერო პირების (მღვდელმთავრების) პირდაპირ შეურაცხყოფას და ლანძღვას. ამან თითქოს ერთგვარი, შეუქცევადი ტენდენციის სახე მიიღო. ცალსახად და გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ამგვარი ქმედება და ცნობიერება ანგრევს მართლმადიდებელი ეკლესიის ღერძს, რომელიც მას ამაგრებს და ამტკიცებს, აუკუღმართებს მის ჭეშმარიტ არსს და ეკლესიის წიაღში სპობს ეკლესიური აზროვნების მთავარ პრინციპებს, რადგან ეჭვქვეშ აყენებს ეკლესიაში არსებული იერარქიულობის პრინციპს; არადა, ეკლესია იერარქიული ორგანიზმია.

 


საეკლესიო იერარქიის იდეა, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ეკლესიის დიდი მამების თვალსაჩინო აზროვნებისა და მოწამეობრივი ცხოვრების გზით მოვიდა დღემდე, განმსჭვალავს მართლმადიდებელი ეკლესიის არსს, საეკლესიო სამყაროს, როგორც ღმერთკაცობრივ დაწესებულებას, ერთი რწმენით გაერთიანებული ადამიანების ერთობას (სოციალურ ინსტიტუტს). ეკლესიური აზროვნება ასევე საფუძვლად უდევს საეკლესიო ცოდნის საფუძვლიან გააზრებას. აქედან გამომდინარე, გადაჭრით უნდა ითქვას, რომ დღეს, როგორც უკვე გითხარით, ჩვენს წინაშე ერთ-ერთი მთავარი სატკივარი და გამოწვევაც სწორედ ის არის, რომ შევძლოთ ეკლესიაში ეკლესიური აზროვნების პრინციპების დამკვიდრება (დაბრუნება). ამის გარეშე ჩვენ მივიღებთ ეკლესიას ეკლესიურობის გარეშე, და მაშინ რა შეიძლება ეწოდოს ამ ერთობას?!

 


დღეს დღესასწაულია! ყოველი დღესასწაული არის როგორც სიხარულის, ასევე დაფიქრების დღეც; სწორედ დაფიქრება, ანალიზი საკუთარი გზისა და ცხოვრებისა, თვითშეფასებისა და თვითორგანიზების უნარი, საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს კიდევ უფრო უკეთესი და კეთილი მიზნები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული, რეალურად გახდეს განხორციელებადი. სხვა შემთხვევაში მთელი ჩვენი ინტელექტუალური, სულიერი თუ აღმშენებლობითი ენერგია უგზო-უკვლოდ დაიკარგება და ერთ ადგილზე ვიტრიალებთ; ასეთ ვითარებაში კი ძნელია დიდი მომავლის იმედი გვქონდეს.

 


და მაინც, ვითარცა ქრისტეს ერთგულ მიმდევრებს, ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ღმერთი არასდროს გვტოვებს, რომ ჩვენი მომავალი ღმერთთანაა დაკავშირებული; მაგრამ ჩვენ არ გვწამს და არ გვჯერა, რომ ღმერთი ჩვენს ნაცვლად გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს.

 


მიუტევე ზრუნვაი შენი უფალსა და მან გამოგზარდოს შენ (ფს. 54,23).

 


ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ!

 


გილოცავთ დღესასწაულს! კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ამინ!“ - ნათქვამია ქადაგებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი