რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
გუბერნატორი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან ერთად, დღეს სოფლის კრებებს ლიხეთში, აბარსა და ურავში დაესწრო.
არჩილ ჯაფარიძემ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე სოფლის კრებებში. აღნიშნული პროცესი საშუალებას გვაძლევს თითოეულ მცხოვრებს მოვუსმინოთ და გავიზიაროთ მათთვის საჭირბოროტო საკითხები, რაც, თავის მხრივ, გვეხმარება, თვითმმართველობებთან ერთად, სწორად დავსახოთ პრიორიტეტები. გასულ წელს ჩვენს რეგიონში არაერთი მასშტაბური პროექტი დავიწყეთ და განვახორციელეთ. მიმდინარე წელსაც მრავალ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ და მინდა გითხრათ, რომ წლევანდელი წელი ლუხუნის ხეობისთვის განსაკუთრებული იქნება, სადაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი წესი-ურავის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, ეს არის კიდევ ერთი საშუალება, სახელმწიფოს დაფინანსებით და ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობით, სოფლად არაერთი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. საბიუჯეტო სახსრების განკარგვის მსგავსი მეთოდი ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობის საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია და მე იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება“, განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ ადგილობრივებთან შეხვედრისას.
მოსახლეობამ აღნიშნულ სოფლებში უპირატესობა გარე განათების მოწყობას მიანიჭა.
სოფლის კრებები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის მხარეში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 50 სოფელში ჩატარდა. რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში კრებები და კონსულტაციები ეტაპობრივად 20 თებერვლამდე გაიმართება, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან განახლებული სახით აღდგა. პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და ა.შ.
ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.