„ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითი, მისი ლეგენდა დაიმსხვრა და ახლა იგი „მაუგლის“ პერსონაჟ აკელას მდგომარეობაში იმყოფება, ამ სახიფათო ვითარებაში აღმოჩნდა ბიძინა, რომელმაც დაუშვა შეცდომები და წააგო არჩევნები“, განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას და დასძინა, რომ ივანიშვილის უძლეველობის და შეუმცდარობის მითის დამსხვრევამ „ქართულ ოცნებაში“ მისადმი „ეჭვის თვალით ყურება“ წარმოშვა, და ამ ეჭვების აქტიური რეალიზაციის კატალიზატორი მოსამართლეების საკითხი გახდა.
„სახელმწიფოებრივი დრამაა, როდესაც მმართველი პარტია ერთი თვის განმავლობაში ძალიან ხშირად იკრიბება და ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოებრივ გამოწვევებზე და პრობლემებზე ილაპარაკონ, არკვევენ ბესელია მოერევა თუ კობახიძე - ამით იყვნენ დაკავებულები, თუმცა გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღეს საბოლოო ჯამში. ეს საწყალი გედი ფოფხაძეც კი ვერ გაიმეტეს გასარიცხად. ეს ნიშნავს, რომ თუ ადრე იქ რაღაც ვირტუალური ვერტიკალი მაინც არსებობდა და ვერტიკალის მთავარი ავტორიტეტი ბიძინა ივანიშვილი, ნუ ისიც ვეღარ ქაჩავს უკვე, გასაგებია. მისი ავტორიტეტიც დაიმსხვრა. აბსოლუტურად გაუგებარია ახლა რა სისტემა მუშაობს უმრავლესობაში. ანუ ის, რაც იყო, აღარ არის, ახალი არ შექმნილა.
საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუხდა პირადად ბიძინა ივანიშვილს. მე აქ მატერიალური არ მაქვს მხედველობაში იმდენად, თუმცა მატერიალურადაც საკმაოდ ძვირი დაჯდა, როგორც ჩანს. აქ, უფრო მხედველობაში მაქვს ის, რომ დაიმსხვრა მისი უძლეველობის მითი, მისი ლეგენდა. კატალიზატორი ამისა გახდა საპრეზიდენტო არჩევნები იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი საკუთარი რესურსებით პირველი ტური წააგო. ანუ პირველი ტური მიჰყავდა მას საკუთარი ძალებით. იქ ინტერვიუები მისცა, დაგვტუქსა ყველა, აქეთ შემოსცხო, იქით გადასცხო, როგორც ახასიათებდა მანამდე, ძალიან თავდაჯერებულად, და წააგო. მეორე ტურში მოუწია ტელეფონზე რეკვა და ხვეწნა ერთი მხრივ და მეორე მხრივ ულტრა-კონსერვატიული ძალებისთვის დახმარების თხოვნა. ანუ, მოდით ასე ვთქვათ, მეორე ტური მოიგო ირმა ინაშვილმა და არა ბიძინა ივანიშვილმა. მისი მითი დაიმსხვრა არა მხოლოდ საზოგადოებაში - საზოგადოებაში მანამდეც სკეპტიკურად იყვნენ მისდამი განწყობილი, მაგრამ მძლავრ ფიგურად თვლიდნენ, აქაც უკვე ეჭვი შეიტანა ყველამ, რომ ეს არც ისე მაგარი ბიჭი ყოფილა და უმრავლესობის შიგნითაც დაიწყო ეს მოძრაობები.
ბიძინა ივანიშვილის ძალა იყო ორკომპონენტიანი. ერთი გახლდათ ის, რომ ის არის მონოპოლისტი რესურსების, როგორც ადმინისტრაციული რესურსის, ასევე მატერიალური რესურსის და შესაბამისად, ის არის მთავარი მოლარე, სიკეთეების მთავარი გამცემი - სიკეთეები, მე მხედველობაში მაქვს კარიერული სვლა, ფინანსური ინტერესები და ა.შ. ამასთანავე, ის იყო უპირობო ავტორიტეტი. „ქართულ ოცნებაში“ იყო რწმენა, რომ კი, ბატონო, შეიძლება ხალხს მაინცდამაინც აღარ ვუყვარვართ, მაგრამ ბიძინა ხომ ძალიან მაგარია და რაღაც ფოკუსებს ჩაატარებს და რაღაცას იზამს. აღმოჩნდა, რომ ეს ვერ ქნა“, განაცხადა გია ხუხაშვილმა და დაამატა, რომ ახლა ივანიშვილი „მაუგლის“ პერსონაჟ აკელას მდგომარეობაში იმყოფება.
„ქართულ ოცნებაში“, მას შემდეგ რაც დაიმსხვრა ბიძინას ავტორიტეტი, მისი ლეგენდა უძლეველობის, რომ ის შეუმცდარია და რაღაცას ისე მოიფიქრებს და ასე მოიფიქრებს, ჩამოყალიბდა დაახლოებით ისეთი სიტუაცია, რაც მულტფილმ „მაუგლიში“, როდესაც აკელა რომ ააცდენს, ბებერი ბელადი, და ხროვა რომ საქმეს გაურჩევს და რომ გადააყენებენ. დაახლოებით აი ამ სახიფათო ვითარებაში აღმოჩნდა ბიძინა, რომელმაც დაუშვა შეცდომები და წააგო არჩევნები და ამის შემდეგ უკვე, ნუ გასაგებია, რომ მის რესურსებზე უარის თქმა არავის არ უნდა, მაგრამ არც ის კონიუნქტურა აღარავის აღარ აწყობდა, რაც შექმნილი იყო - როდესაც პარლამენტი იმართებოდა დავუშვათ კობახიძის წერილებით. მიჰქონდა წერილი, იტყოდა პულტს დააჭირეთ, დააჭერდნენ. ანუ ძალთა გადანაწილების მოთხოვნილება გაჩნდა შიგნით და ტრიგერად აქაც წამოეწია მთელ აი ამ ბიძინასადამი ეჭვის თვალით ყურებას მოსამართლეების საკითხი, რაც გახდა ჩემი აზრით კატალიზატორი აი ამ ეჭვების აქტიური რეალიზაციის და დაიწყო ეს პროცესი და ამ ტალღაზე აღმოჩნდა ეკა ბესელია, რომელმაც პოლიტტექნოლოგიურად სწორი ნაბიჯი გადადგა“, აღნიშნა ხუხაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.