„მე ვეღარ ვცნობ ივანიშვილს საერთოდ. იმ პერიოდში ის საკმაოდ საღად აზროვნებდა და ახლა შეცდომა შეცდომაზე, რაღაც სასწაულები ხდება“, განაცხადა ექსპერტმა და ივანიშვილის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში ოთხშაბათ საღამოს სტუმრობისას.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა „ქართულ ოცნებაში“ და მთლიანად საქართველოში ააშენა „დიდი მანკიერება“, ბაბილონის გოდოლი, რომელმაც ახლა ნგრევა დაიწყო, თუმცა მას „ასე არ უნდოდა“, უბრალდ ეგონა, რომ „შესაძლებელი იყო ისეთი კონსტრუქციის აშენება“, სადაც „დანიშნავდა შპს-ს დირექტორებს და პულტით მართავდა“, და მართვის ამგვარი პროცესი კი, ხუხაშვილის აზრით, ბაბილონის გოდოლის ნგრევამდე მივიდა.
„პოლიტიკური ალტერნატივა რომც არ ჩამოყალიბდეს ამ ქვეყანაში, თვითონ ემხობა, თვითონ [ივანიშვილი] იმხობს თავზე ყველაფერს“, აცხადებს ხუხაშვილი და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული წერილის შეფასებისას ამბობს, რომ „ეს იყო ფაქტობრივად, თვითმკვლელობის წინ დაწერილი ანდერძი, რომ სხვას არ დააბრალოთ ჩვენი პოლიტიკური სიკვდილი, ჩვენ თვითონ გამოვიჭერით ყელი“.
„პარლამენტში 80% არის ეკა ბესელია. კობახიძე უმცირესობაშია რეალურად. ბესელიას თემა რომ ამოვწუროთ, ფასეულობათა სისტემა იყო საბაბი იმიტომ, რომ ეს ფასეულობები დღეს ხომ არ დაბადებულა. კოლექტიური მურუსიძე იქ უწყვეტად არის 2012 წლის შემდეგ, დღეს ხომ არ მისულა იქ მურუსიძე. ამ პროცესში შეიძლება ბესელიამაც მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მედროშე ამ თემის არ არის ბესელია. ჩვენ ამ თემებზე ვლაპარაკობთ წლების განმავლობაში. ბესელია შემოუერთდა ამას, მაგრამ მედროშე ამ ბრძოლის ვერ გახდება. მას აქვს თავისი ცოდვები ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის კია არა, რომ ამის მხარე დაიჭირა, იმის მხარე, ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მან იგრძნო, რომ მისი ავტორიტეტი საფრთხის ქვეშ იდგა და შესაბამისად, კონტროლი გაუჭირდა, დადგა დილემის წინაშე. თან ვალები გაუჩნდა. მთელი მისი მართვის ნარატივი ანუ ფილოსოფია რაზე იყო აგებული? იყო აგებული იმაზე, რომ ყველას მისი ვალი აქვს ამ ქვეყანაში და მას არავის ვალი არ აქვს. უცბად აღმოჩნდა, რომ ყველას ვალი გაუჩნდა. იქ ძველი გვარდია, აქეთ კონსერვატული ფრთა, ანტი-მიშა, რომელსაც ბიძინა მაინც და მაინც არ უყვარს, ამ ხალხის ვალში ჩავარდა და დადგა დილემის წინაშე: ან უნდა დაიწყოს ამ ვალების გადახდა, ანუ ქვეყანაში რაღაცა უნდა შეცვალოს, იგივე სასამართლოს მიმართულებით და საერთოდ ამ სისტემური მანკიერების მიმართულებით, ან უნდა ჩაებღაუჭოს ისევს სისტემას, გადააგოროს, რაღაცა დრო მოიგოს, გადააგოროს ეს სიტუაცია და ისევ იმუშაოს სისტემის შენარჩუნებისთვის.
ის თვლის, რომ ჰორიზონტალურად მართვა საფრთხის შემცველია, არც იცის როგორ უნდა მართოს ჰორიზონტალურად. მას უნიტარული, დავალების შესრულების პრინციპით მუშაობა ძალიან მოეწონა, ძალიან კომფორტულად იგრძნო თავი, არ უნდა ამის დაკარგვა. ამაში დაინახა საფრთხე, რომ მერე კონტროლი არ გაექცეს. იმასაც ხვდება, რომ სისტემის შენარჩუნებაზე ზრუნვამ შეიძლება სერიოზული რყევები გამოიწვიოს, მაგრამ მას არ აქვს კარგი არჩევანი. მან ააშენა დიდი მანკიერება, ბაბილონის გოდოლი, ერთგვარი, რომელმაც ახლა დაიწყო ნგრევა - ანუ ამ ბაბილონის გოდოლში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ერთმანეთის ენა არ ესმით დიდი ხანია. დღეს კი არ დაწყებულა ეს. ეკა ბესელიას და ირაკლი კობახიძეს 2016 წლიდან არ ესმოდათ ერთმანეთის. მან მთლიანად ქვეყანაშიც ბაბილონის გოდოლი ააშენა პრაქტიკულად. მითხარით, რა ხდება ეკლესიაში. დაპირისპირება და თავების მარხვა მიდის. ნებისმიერი სფერო აიღეთ, მოჭიდავე ცემეს, რატომ მოიგეო. რაზე ვლაპარაკობთ? რომ ცემეს, ახლა მე არ შემეხოთ, თორემ ქვეყანა ჩამოიქცევაო. ბაბილონის გოდოლი არ არის, აბა რა არის? ყველა მიმართულებით, მარტო კონფლიქტებია, მხოლოდ ნეგატივია.
რა თქმა უნდა ივანიშვილს ასე არ უნდოდა. მას ჰქონდა ასეთი გაგება, რომ შესაძლებელი იყო ისეთი კონსტრუქციის აშენება, როგორიც მან ააშენა, რომ დანიშნავდა შპს-ს დირექტორებს და პულტით მართავდა. ეგონა, რომ ასეთი ინსტიტუციური აღრევა სახელმწიფოს მართვაში შესაძლებელი იყო. დღეს რა არის ამოცანა. ამდენჯერ შეიკრიბა მმართველი პარტია და ლაპარაკობდნენ, ბესელია, კობახიძე და რაღაც ამ ტერმინებზე. ერთადერთი ამოცანა მათ აქვთ ძალაუფლების შენარჩუნება. არანაირი სახელმწიფოებრივი ამოცანები არ არსებობს. მხოლოდ ძალაუფლება, მეტი ამოცანა აღარ არსებობს... ივანიშვილმა დაინახა, რომ ვითარება არის რთული და მანევრირებდა. დღესაც მანევრირებს.
კობახიძე არ არის მოქმედი პირი. კობახიძე არის მხოლოდ ინსტრუმენტი. ივანიშვილმა ფსონი კობახიძეზე კი არ დადო, ამ ინსტრუმენტზე დადო. მართვის იმ სქემისთვის, რომელიც აირჩია ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძე არის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი. ეს არის დრამატული, ფატალური შეცდომა ჩემი აზრით, მისი მხრიდან, მაგრამ მისი არჩევანია. მან აირჩია, რომ შეინარჩუნოს ეს სისტემა, რასაც ვერ შეინარჩუნებს. ბაბილონის გოდოლი რომ იშლება, ინგრევა, იმის ილუზია, რომ შენ ბოძს შეუყენებ და ამით გააჩერებ ნგრევას, ეს შეუძლებელია. შეიძლება მან ეს იცის ან არ იცის და თუ იცის და მაინც ასე აკეთებს, ე.ი. დროის მოგებას ცდილობს და იმედი აქვს აი რაღაც ახალს მოიფიქრებს და კიდევ ფოკუსებს ჩაატარებს.
მას რა უნდა, უკვე აღარ არის საინტერესო იმიტომ, რომ ის აღარ არის ავტორიტეტი, ჩვენ აღარა ვართ იმ აზრზე, რომ ის რაღაც გათვლებს გააკეთებს. ამ ქვეყანაზე არ არის. გუშინდელი წერილი ხომ ამას ნიშნავდა, რომ აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან რეალობას, ანუ სუიციდალური მიდრეკილების გახდა მისი პოლიტიკა. პოლიტიკური ალტერნატივა რომც არ ჩამოყალიბდეს ამ ქვეყანაში, თვითონ ემხობა, თვითონ იმხობს თავზე ყველაფერს, აი, ეს ხდება დღეს საქართველოში. გუშინდელი წერილი, ეს იყო ფაქტობრივად, თვითმკვლელობის წინ დაწერილი ანდერძი, რომ სხვას არ დააბრალოთ ჩვენი პოლიტიკური სიკვდილი, ჩვენ თვითონ გამოვიჭერით ყელი.
მე ვეღარ ვცნობ ივანიშვილს საერთოდ, ვეღარ ვცნობ. იმ პერიოდში ის საკმაოდ საღად აზროვნებდა და ახლა შეცდომა შეცდომაზე, რაღაც სასწაულები ხდება“, განაცხადა გია ხუხაშვილმა და დაამატა, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი არგუმენტი არჩევნების მოსაგებად არის რესურსები - მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსები.
„აი, ასეთ სტერილურ მდგომარეობაში, მხოლოდ რესურსების ხარჯზე, პოლიტიკური სისტემები არ მუშაობს“, ასკვნის ექსპერტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.