გვჯერა, რომ სიკეთე, რომელსაც სხვა სახელმწიფოებთან ერთად ვქმნით გლობალური უსაფრთხოების სახით, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუბრუნდება ჩვენს სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში განთავსებული საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტი წარუდგინა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო ავითარებს ქვეყანას, როგორც გლობალური უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მოთამაშე.
"ბატონო პრეზიდენტო, თქვენს წინაშეა ქართული ჯარი. ჯარი, რომელთა წინაპრებიც ათეულობით საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ და აძლიერებდნენ იმ პატარა ქვეყანას, სადაც თქვენ ახლა იმყოფებით. ჯარი, რომელსაც ისტორიის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ უდიდესი იმპერიები, უდიდესი არმიები, მაგრამ ჯარი, რომელმაც შეძლო, საუკუნეების განმავლობაში გაიტანა და თანამედროვე კაცობრიობის სრულფასოვან წევრად შექმნა ჩვენი სამშობლო – საქართველო. მათ და მათ წინაპრებს ზურგს უძლიერებს ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული იარაღი – ეს არის ქართული საზოგადოება. ქართველი ხალხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და არც ერთ მომენტში არ დაუყრია ფარ-ხმალი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დაამატა, რომ სულ რამდენიმე ათეული წლის წინათ ხელახლა შედგა ქართული სახელმწიფო.
"პირველი, რაც ჩვენ შევქმენით ეს არის თანამედროვე არმია, თანამედროვე შეიარაღებული ძალები, ადამიანები, რომლებიც პირნათლად ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს. თავიდანვე ჩვენი შეიარაღებული ძალები შეიქმნა ყველაზე სწორი და ადეკვატური კრიტერიუმებით – ეს იყო გაძლიერება ჩვენი უნარების, გაძლიერება ჩვენი მხედრული ღირსების. ამავე დროს, ისევე როგორც ნებისმიერ თანამედროვე ქვეყანას, ჩვენი შეიარაღებული ძალების ამოცანაა არა მარტო საქართველოს და ჩვენი სამშობლოს დაცულობა, არამედ ის გლობალური პასუხისმგებლობა, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ, თანამედროვე და მომავალში მომზირალ ერს ხდის ცივილიზებული სამყაროს ნაწილად. ესაა ბატონო პრეზიდენტო - ის ხალხი, ვისაც თქვენ ხედავთ და მათი კოლეგები თავიდანვე ბალკანეთში, სპარსეთის ყურეში, ავღანეთში და უკვე ევროკავშირის თანამებროძლებთან ერთად აფრიკაში იცავენ გლობალურ სტაბილურობას და თავის სამშობლოს აძლიერებენ ამ თავდადებული შრომით. არა ერთი ჩვენი თანამემამულე და გმირი დაიღუპა ამ მნიშვნელოვან მისიებში. მე ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე და მადლობას ვეუბნები ჩვენს ჯარისკაცებს იმ პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან გლობალური მშვიდობის დაცვისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ თქვენს წინაშე მდგარი ადამიანებისა და მათი კოლეგების ძალიან სერიოზული მუშაობის, პროფესიონალიზმის, ვაჟკაცობის შედეგად საქართველო მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად და ნატო-ს ჯარებთან ყველაზე თანხვედრ სახელმწიფოდ შარშან ნატო-ს სამიტზე. ასევე შარშან, როდესაც ჩვენი ევროკავშირელი კოლეგები და პარტნიორები გეგმავდნენ სამშვიდობო ოპერაციას ცენტრალურ აფრიკაში, ბუნებრივად საქართველოს სახელმწიფო და ქართული შეიარაღებული ძალები დადგნენ ჩვენი კოლეგების გვერდით, მაშინ თებერვალში ჩემი გადაწყვეტილებით, რომელსაც მხარი პარლამენტმა დაუჭირა, ის ადამიანები, რომლებსაც დღეს თქვენ ხედავთ, დადგნენ გლობალური მშვიდობის სადარაჯოზე. მათ განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი თავიანთი პროფესიონალიზმით, ჰუმანური დამოკიდებულებით, რეგიონის სპეციფიკის ცოდნით და ერთგულებით თავისი სამსახურისა და სამშობლოს მიმართ. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ჩვენ ქვეყანას ვავითარებთ როგორც თანამედროვე დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს. ეს განვითარება ხორციელდება ყველა მიმართულებით, როგორც საზგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებაში, ასევე ეკონომიკის მიმართულებით და იმ დემოკრატიული სტანდარტების მიმართულებითაც, რომელიც არის დღეს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მთავარი ორიენტირი. ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას როგორც გლობალური უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მოთამაშე. ჩვენ გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ სხვა სახელმწიფოებთან ერთად ვქმნით გლობალური უსაფრთხოების სახით, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუბრუნდება ჩვენს სახელმწიფოს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.