კახა კალაძის განცხადება, რომ თბილისში მშენებლობებზე ნებართვის გაცემისას აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა, მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის შეფასებით სულაც არ არის დედაქალაქში ქაოტური მშენებლობების შეჩერების სურვილით გამოწვეული.
როგორც ბიძინაშვილმა გაზეთ „ახალ თაობას“ უთხრა, თბილისის მერს ამის გაკეთება ბიძინა ივანიშვილმა აიძულა და „აწი თბილისში ისე იქნება, რა სურს ბიძინას და არა ისე, რა სურს კალაძეს“.
„კომედიური ჟანრის ფილმს ჰგავდა, როცა კალაძე გამოვიდა და გვითხრა, რომ უარს ამბობს სამშენებლო კოეფიციენტების გაყიდვაზე. მან საკუთარ თავს საკუთარი ხელით აუკრძალა კოეფიციენტების გაყიდვა. ერთის მხრივ, რაღაც მომენტში თბილისელების გული მოიგო. მეორეს მხრივ ბიძინა ივანიშვილს დაანახა, რომ ის თავისი ხელით იზღუდავს იმ უფლებას, რისი გამოყენებაც მას, როგორც მერს, შეუძლია.
კალაძე აქტიურად არის ჩართული სამშენებლო ბიზნესში და ამით ძალიან დიდ ფულს შოულობს. როგორც ჩანს, აქედან ივანიშვილამდე წილი არ მიდის. ამის გამო ოლიგარქი თბილისის მერს გაუბრაზდა და მოსთხოვა, სამშენებლო კოეფიციენტების გაცემა შეეწყვიტა. ივანიშვილმა კალაძეს ასევე მოსთხოვა, რომ მის გარეშე ბიზნესის კეთებას შეშვებოდა. ეს მოთხოვნა კალაძემ დაუყოვნებლივ შეასრულა. თბილისის მერმა „ოცნების“ ლიდერის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედა. რატომ ვერ გაბედა? მის წინააღმდეგ ივანიშვილს უამრავი მტკიცებულებები აქვს და ფაქტობრივად მუჭაში ჰყავს მოქცეული“, უთხრა გაზეთს ბიძინაშვილმა (დაბლა ფოტოზე - დიმიტრი ბიძინაშვილი).

მისი თქმით, „რუს ოლიგარქს თბილისის მერი ყურებით ჰყავს დაჭერილი და რასაც უნდა, იმას აკეთებინებს. სამშენებლო კოეფიციენტების ნებართვების გაცემის აკრძალვა გამოწვეულია იმით, რომ ივანიშვილმა კალაძეს დამოუკიდებელი თამაში და თბილისში საკუთარი ბიზნესინტერესების გატარება არ აპატია“.
„ივანიშვილმა გაიგო, რომ სამშენებლო კოეფიციენტებს კალაძე იმ სამშენებლო კომპანიებს უზრდიდა, რომლებთანაც თავად იყო დაკავშირებული. ამით თბილისის მერი ძალიან დიდ ფულს შოულობს და ამ ფულიდან ოლიგარქთან არ მიჰქონდა წილი. ამან ყველაფრის მოურავი ძალიან გაანაწყენა. არავისთვის ახალი არ არის, რომ ის საქართველოს, როგორც შპს-ს, ისე უყურებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც თბილისია. მას თბილისიდან წილი შემოაკლდა და კალაძეს აღარ მისცა უფლება, რომ მას ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილებები სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდაზე.
„მე ისიც მომისმენია რომ ბიძინას იმდენი ფული აქვს, რომ ქართველების არაფერი არ ჭირდება. მათი არგუმენტების გასაცამტვერებლად შემიძლია რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო.
რუს ოლიგარქს ძალიან ბევრი ფული აქვს, მაგრამ 1 ლარად გადაეცა პუშკინის სკვერი. აღარაფერს ვამბობ თაბორის მთაზე.
საინტერესო ამბავია კრიპტოვალუტის გადამამუშავებელი ქარხნები. სანამ ქარხნები ამუშავდებოდნენ, ივანიშვილმა ის ადგილი თავისუფალ სავაჭრო სივრცედ გამოაცხადა.
ადამიანს ამდენი მილიარდი აქვს და მისთვის დენის ტარიფია იმაზე ბევრად დაბალი, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობის. მას დენი ფაქტობრივად უფასოდ მიეწოდება.
მეტსაც გეტყვით, თბილისის მერიამ ბიუჯეტის თანხები დახარჯა იმისთვის, რომ მისთვის ცალკე გენერატორები დაედგათ.
თუ ასეთი ქველმოქმედია და ჩვენგან არაფერი უნდა, რატომ არ ხარჯავს „ოცნების“ ლიდერი თავის ფულს? აგვიხსნას, რატომ აკეთებს ჩვენი ფულით თავის ბიზნესს.
არაერთი მასალა გასულა მედიაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპატრონებიან მისი ოჯახის წევრები ქვეყნის ქონებას და სტრატეგიულ ობიექტებს. ყველამ იცის, რომ რკინიგზაში ბიძინას დეიდაშვილს აქვს სერიოზული ინტერესები“, ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი და დაჟინებით ირწმუნება, რომ კალაძის მტკიცება, რომ სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდით, თბილისში ქაოტური მშენებლობები შეწყდება – გამორიცხულია, რადგან „უთახმოების მიზეზი არის ის, რომ კალაძეს ივანიშვილთან წილი არ მიჰქონდა“.
„რაც შეეხება ქაოტური მშენებლობების შეჩერებას, მერი გვეუბნება რომ ამ ქაოსის აღმოფხვრა უნდათ და ამ დროს სამგორის მეტროსთან თვრამეტი 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე გასცა ნებართვა.
არც ის დაგვავიწყდეს ისიც, რომ მერმა „ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მისცა. ოპოზიციის აქტიურობის შედეგად, ეს მშენებლობა ახლა შეჩერებულია. სასაცილოა, როცა კალაძე ამბობს, რომ ქაოსი უნდა შეჩერდეს, ამ ქაოსს ის თავის ხელით ქმნიდა. ამით დიდ ფულს შოულობდა, მერე ამ ფულის ივანიშვილთან წაღება აღარ მოინდომა და ამის გამო დაისაჯა“, აცხადებს ბიძინაშვილი და ირწმუნება, რომ წილის მიტანის შემთხვევაში კალაძე დაიბრუნებს სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდის უფლებას.
„რა თქმა უნდა. მანამდე, სანამ ივანიშვილთან დალაგდება, ის შავ ხვრელებს მაინც დატოვებს, რომ თბილისში თავისი ბიზნესი აწარმოოს. ამ ყველაფერს ის „ოცნების“ ლიდერისგან მალულად გააკეთებს“.
რესპონდენტი გაზეთს ეუბნება, რომ თბილისის მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს და „ყველა მის გადაწყვეტილებაში ოლიგარქის მარჯვენა და მარცხენა ხელები იქნებიან ჩართული. აწი თბილისში ისე იქნება, რა სურს ბიძინას და არა ისე, რა სურს კალაძეს. ქაოსური მშენებლობები არ გაჩერდება, უბრალოდ, თბილისის მერი თავის უფროსს ამ საქმიდან ფულს ვეღარ მოუტეხავს“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე - თუ ეს ყველაფერი მართლა ფულის გამო მოხდა, ივანიშვილს იმისაც ხომ არ შეეშინდა, რომ კალაძე მასზე ბევრ ფულს იშოვიდა. მილიარდების შოვნა საქართველოში ასე ადვილი არაა, მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს - დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს:
„კალაძემ უკვე იშოვა ფული, მაგრამ ივანიშვილზე მეტ ფულს ვერ იშოვის. ეს ივანიშვილმაც კარგად იცის, მაგრამ არ უნდა, რომ თბილისის მერმა სერიოზული კაპიტალი დააგროვოს. დიდი ფულის პატრონი კალაძე მას შეიძლება ძალაუფლებაში შეეცილოს. ეს ოლიგარქს არაფერში სჭირდება.
მთავარი მიზეზი მათი დაპირისპირებისა ფულის მოტეხვაა, რასაც „ოცნების“ ლიდერი მტკივნეულად განიცდის. ის ფულზედამოკიდებულია და ყველაფრისგან ფულის მიღება უნდა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.