პარლამენტმა მესამე მოსმენით "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე, აფხაზური. სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას და სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე.
კანონი ადგენს, რომ სახელმწიფო ენაზე სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლების მიღება არის საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება; საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა, ხოლო არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან შესაბამის კონტინგენტს შესთავაზონ სახელმწიფო ენის შესწავლის სპეციალური კურსი; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ოფიციალური საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე; სამართალწარმოებისა და საკანონმდებლო საქმიანობის ენაა სახელმწიფო ენა; საქართველოს სამხედრო და გასამხედროებულ ძალებში ოფიციალური საქმიანობა ხორციელდება ქართულ ენაზე; რეფერენდუმის, პლებისციტის და სხვა ოფიციალურ ღონისძიებათა ენა არის სახელმწიფო ენა; კონკურსებისა და ატესტაციების ენა არის სახელმწიფო ენა; აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომის წარდგენა და დაცვა ხდება სახელმწიფო ენაზე.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ შექმნას სათანადო პირობები, სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისთვის; მუდმივად იზრუნოს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე; ხელი შეუწყოს ქართველოლოგიურ და აფხაზოლოგიურ კვლევებს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყოველი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია ფლობდეს სახელმწიფო ენას. კანონის მიხედვით კი, ამ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა დასტურდება: სახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დოკუმენტით; საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დოკუმენტით; სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარების დოკუმენტით (სერტიფიკატით).
გარდა ამისა, კანონი ითვალიწინებს საქართველოს მთავრობასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნას. დეპარტამენტი მოიაზრება როგორც ინსტიტუცია, რომელსაც სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, ენის განვითარებასა და შესწავლაზე ზრუნვა დაეკისრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.