„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახე, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ გუნდიდან თანამებრძოლების წასვლა „ცუდია“, მაგრამ აღნიშნული პროცესი გარდაუვალი იყო.
როგორც ქუცნაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი „ქართულ ოცნებაში“ არსებული უთანხმოების განეიტრალება იყო, მაგრამ როდესაც ეს ვერ მოხერხდა, ივანიშვილმა გუნდის წევრებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა, მათ სამი ვარიანტი შესთავაზა -„გნებავთ დარჩით, გნებავთ წაბრძანდით, გნებავთ გაგრიცხავთ“ და „კალთები არავისთვის არ ჩამოუხევია“.
ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ მისთვის მთავარი თანამებრძოლი ბიძინა ივანიშვილია და „ეს მოძრაობა არის ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა“ და „დღეს ამ კაცის გვერდში დგომაა საჭირო იმიტომ, რომ ამ კაცს კარგის გარდა ამ ქვეყანაში“ არაფერი უკეთებია და მიუღებელია მცდელობები, რომ ისე წარმოაჩინონ ყველაფერი, რომ „ეს კაცია ქვეყნის პრობლემა“.
„ბატონი ბიძინას დაბრუნების მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ პარტიაში არსებული შეუთანხმებლობა თუ შეუსაბამობა შეერბილებინა ან საერთოდ აღმოეფხვრა, მაგრამ თუ ვთქვათ, დაინახეთ თქვენ, რომ შეუსაბამობა ძალიან ღრმა არის, შეუთავსებლობა საკმაოდ დიდია, ამ შემთხვევაში არჩევანში უკვე შეზღუდული ხარ.
შეინარჩუნო შეუსაბამო სუბიექტები ან შეინარჩუნო შეუსაბამო პირები, ბევრი მიზეზის გამო, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს ვიდრე მოხდეს ის, რაც დღეს ხდება, რომ ერთი ნაწილი აკეთებს თავის არჩევანს... ეს გარდაუვალი პროცესია. თუ გუნდში ეს ხალხი შეუსაბამოა, მიუხედავად მოწოდებისა, მიუხედავად ათჯერადი საუბრებისა მაინც პიროვნულ დაპირისპირებაში გადადის პოლიტიკური საკითხები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში განქორწინება სჯობს და მიდის პროცესი რაც მიდის, რა თქმა უნდა, ცუდი პროცესია ეს ჯამში, ცუდი პროცესია, მაგრამ მიდის.
ბოლო თათბირებზე ბატონმა ბიძინამ მათ მისცა თავისუფალი არჩევანი: თუ გინდათ დარჩით, იმუშავეთ, გნებავთ წაბრძანდით, რა ვარიანტიც გნებავთ, აირჩიეთ. სამივე ვარიანტი შესთავაზა ბატონმა ბიძინამ. მე ბოლო შეხვედრებს ვიხსენებ, რომელსაც მე პირადად ვესწრებოდი - გნებავთ დარჩით, გნებავთ წაბრძანდით, გნებავთ გაგრიცხავთ - აი, აირჩიეთ, რომელი ვარიანტიც თქვენ გნებავთ. თუ ვინმეს გსურთ დაჩაგრულის იმიჯი შეგიქმნათ საზოგადოებაში, თქვით და გაგრიცხავთ ახლა, არც ეგ არ არის პრობლემაო, თუმცა ბატონმა ბიძინამ მათ უთხრა, რომ ჩემთვის ძვირფასი ხართ თითოეული თქვენგანი და მე მირჩევნია დარჩეთ და გააგრძელოთ მუშაობა... კალთები ბატონ ბიძინას არავისთვის არ ჩამოუხევია. ეს შემიძლია თამამად ვთქვა. მან მისცა არჩევანის გაკეთების საშუალება ყველას და ყველა აკეთებს თავის არჩევანს.
მე გამოვრიცხავ ვარიანტს, რომ ბატონ ბიძინას ეთქვას ვინმესთვის ყურში, რომ მოდი, შენ წადი და მე მოგეხმარები. ეგეთი რამე გამორიცხულია. ალალია ძალიან ბატონი ბიძინა, გულწრფელი პიროვნებაა ურთიერთობებში. დღეს ძალიან ადვილია მისი კრიტიკა და ძალიან ცდილობენ, რომ გააფერმკრთალონ მისი მნიშვნელობა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ... აი, ბევრი მეკითხება, რომ აი თანაგუნდელები მიდიანო. მე ვეუბნები, რომ ძალიან ცუდია ეს, მაგრამ მთავარი თანამებრძოლი ჩემთვის ბიძინა ივანიშვილია და ნურავინ ნუ დააყენებს საკითხს ასეთნაირად, რომ ბიძინა ივანიშვილზე მეტი აქვს წვლილი შეტანილი ამ საქმეში. ჩემთვის ეს მოძრაობა არის ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა. თან მე ღალატი არ მჩვევია. ჩემს ნაწილში ვლაპარაკობ, თორემ სხვებმა თვითონ გააკეთონ თავიანთი საკუთარი შეფასებები და მეორეც, დიახაც, ეს მოძრაობა ასოცირდება ამ კაცთან. დღეს ამ კაცის გვერდში დგომაა საჭირო იმიტომ, რომ ამ კაცს კარგის გარდა ამ ქვეყანაში... შეცდომები ჰქონდა, მეც გამიკრიტიკებია შეცდომები, მაგრამ დღეს რაც ხდება, რომ ატეხილია ეს ამბავი და ისე უნდა წარმოაჩინონ, რომ ეს კაცია ქვეყნის პრობლემა... ეს კაცი რომ არ იყოს ხალხო, აი, აქ გეჯდებოდათ დღეს ისევ ის ხალხი, რომელიც ძალადობით და ბოროტებით და შურით თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრებას. ეს კაცი რომ არ იყოს დღეს, ესეთი თავისუფალი არჩევანის გაკეთება... უმრავლესობიდან ვერ გადიოდა ხალხი, ძველი უმრავლესობიდან, იმის გამო რომ ეშინოდათ. ჩვენგან თავისუფლად გადის ხალხი, თავისუფლად მიდის პროცესი. არავინ არავის მტერი არ არის. უფრო მეტიც, მგონია, რომ ჩვენ გვექნება თანამშრომლობა ამ ჯგუფებთან, მათ შორის თემატურ საკითხებში. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.