ლევან ცაბაძე - ლეგენდარული ქართველი მორაგბის სპორტული და პოლიტიკური თამაშები
24-07-2015, 02:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, საფრანგეთში უმაღლეს საკლუბო დონეზე დიდი ხნის განმავლობაში მოთამაშე, ლეგენდარული ქართველი მორაგბე ლევან ცაბაძე დღეს პოლიტიკურ „თამაშებშია“ ჩართული და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ასპინძის მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს. იგი ფიქრობს, რომ სარაგბო სფეროში დარჩენა მისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა ახლა ამ თემაზე საუბარს ერიდება და მთელი ენერგიითაა გადართული მშობლიური კუთხის პრობლემების მოგვარებაზე.


სად უფრო ძნელია ლელოს გატანა და სად უფრო გამტანნი არიან მეგობრები, რაგბიში თუ პოლიტიკაში, როგორ შეეგუა ფრანგულ ცხოვრებას და რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავს ფრანგებსა და ქართველებს შორის, რამ მისცა საქართველო-რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შერკინებისას მძიმე ტრამვა-მიღებულ კაპიტანს სათამაშო მოედანზე დაბრუნების და გადამწყვეტი ლელოს გატანის ძალა, ამას მასთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

 



ბატონო ლევან, თქვენ ცნობილი ქართველი რაგბისტი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების  კაპიტანი იყავით, დიდი ხანი თამაშობდით საფრანგეთში. გვითხარით, რატომ დაბრუნდით საქართველოში, რატომ იყარეთ კენჭი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე 2014 წელს? რამ მიგაღებინათ საჯარო სექტორში წასვლის გადაწყვეტილება?


მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის. დავბრუნდი, რადგანაც ვთვლი, რომ ყველა ქართველი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში შეიძლება წავიდეს უცხოეთში გარკვეული გამოცდილების მისაღებად, მაგრამ მიმაჩნია,  რომ ყველა ქართველი უნდა ცხოვრობდეს თავის ქვეყანაში და ემსახურებოდეს თავის ქვეყანას. ერთი ეს და მეორე ის, რომ მე ჩემი სამშობლო უზომოდ მიყვარს და ამან მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება, რომ დავბრუნებულიყავი საქართველოში.  
რაც შეეხება საჯარო სამსახურს, მოხდა ისე, რომ მომიწია საჯარო სამსახურის დაწყება. ხოლო რაც შეეხება ასპინძას, ყოველთვის ვაცხადებდი ამას, რომ მე ვარ ამაყი, რომ ვარ მესხი. ვთვლი, რომ ეს კუთხე ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი ადგილმდებარეობით. ისტორიას რომ გადავხედოთ, სამცხე-ჯავახეთი, მესხეთი იყო ყოველთვის კულტურული და პოლიტიკიური წინამძღოლი ქვეყნისა. როდესაც ამ კუთხეს პრობლემები შეექმნა, საქართველოს შეექმნა მთლიანად პრობლემები. მაგრამ შინაგანად მწამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, თუ აქაურობა აყვავდება და გაბრწყინდება, ქვეყანაც გაძლიერდება. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა და ძალიან დიდმა სიყვარულმა სამცხე-ჯავახეთისამ განაპირობა ის, რომ მე დღეს ვმოღვაწეობ აქ და ვარ ბედნიერი იმით, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება ვემსახურო ჩემს სამშობლოს.


რამდენად რთულია სფერო, სადაც მოღვაწეობთ - გამომდინარე თუნდაც რეგიონის სპეციფიკიდან? სად უფრო ძნელია „ლელოს გატანა“, რაგბიში თუ პოლიტიკაში?


(იცინის) ლელოს გატანა ისეთი თემა არის ცხოვრებაში, რომ... ჩემთვის ცხოვრება მთლიანად, ლელოს გატანაა. როდესაც სიყვარულით აკეთებ რაღაცას, ეს სირთულეს არ წარმოადგენს. რამდენად რთულია ჩემს პოზიციაზე მუშაობა? მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ეს სფერო ახალი და რთული  იყო, მაგრამ ნელ-ნელა, როდესაც ცდილობ რომ იყო კორექტული, ყურადღებით ხარ რომ არაფერი გამოგეპაროს, ეჩვევი ამ ყველაფერს და სწავლობ. დღესდღეობით, ჩემი გადასახედიდან არც ისე რთული არის. იმისთვის, რომ იყო რაღაცაში წარმატებული, აუცილებელია სიყვარულით აკეთო საქმე, რაც ყოველთვის შედეგს გაძლევს. ერთი სიტყვით, საკეთებელი ძალიან ბევრი დაგვხვდა და ნელ-ნელა ვაკეთებთ კიდეც.


ძირითადად რა სახის პრობლემებს აწყდებით და როგორია თქვენი განცდა, როდესაც ამ პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებთ?


დღესდღეობით თვითმმართველობა ასე ვთქვათ  ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. რაც შეეხება პრობლემებს, ასეთ რეგიონებში უამრავი პრობლემაა დაგროვილი. მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება, რომ აგვეღო კურსი და მოგვეგვარებინა დავუშვათ ერთი ძირითადი პრობლემა, რომ მას აღარასოდეს აღარ დავბრუნებოდით.  მაგალითად ჩემი რაიონის სოფლების 90% -ს არ ჰქონდა მისასვლელი გზა, იყო კატასტროფული მდგომარეობა და გადავწყვიტე რომ ჩემი ოთხწლიან პერიოდში აბსოლუტურად მომეგვარებინა ყველა სოფელში მისასვლელი გზის პრობლემა. ჯერჯერობით წარმატებით მივყვებით ამ გეგმას და ვთვლი რომ თუ ასე გავაგრძელებთ, 2017 წლისთვის აღარ დარჩება ისეთი სოფელი, სადაც იქნება ასფალტიანი გზის პრობლემა.

 


არის უამრავი პრობლემა, რომელსაც  ვერ ვწყვეტთ ჯერჯერობით იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ჩვენი მუნიციპალიტეტი არ არის მდიდარი მუნიციპალიტეტი, ტრანსფერზეა ძირითადად დამოკიდებული. შემოსავალი ცენტრალური ბიუჯეტიდან არის და აქედან გამომდინარე,  ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავრობა სტრატეგიულ გეგმას მიყვება, რომ განვითარდნენ რეგიონები და ერთ მშვენიერ დღეს მივაღწევთ რომ ასპინძაც ერთ-ერთი მდიდარი რაიონი გახდეს და ამის მერე შეიძლება ძალიან ბევრი ისეთი პრობლემის გადაჭრა, რომელიც დღეს შეუძლებლად მიმაჩნია. მაგალითად, ასეთ საკითხად მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მიმაჩნია. ასპინძაში მცხოვრებთა დაახლოებით 85% არის სიღარიბის ზღვარს მიღმა. სამწუხაროდ, ძალიან მწყდება გული რომ ვერ ვეხმარებით მათ ამ ეტაპზე, გარდა იმისა, რომ ასეთი ოჯახები იღებენ სოციალურ შემწეობებს, მაგრამ ასე ხომ არ უნდა გაგრძელდეს სულ?


რა პროექტების განხორციელება შეძელით თქვენი გამგებლის პოსტზე ყოფნის პერიოდში?

 


იცით რაშია საქმე? 2013 წლის მაისიდან ვარ ხალხის მიერ არჩეული  გამგებელი და როგორც უკვე გითხარით, მიმართულება ავიღეთ იქით, რომ მსხვილი პრობლემები გადაგვეჭრა. ეს მიმართულება არის საგზაო ინფრასტრუქტურის  მოწესრიგება. დავიწყეთ და ზოგან უკვე განვახორციელეთ უსერიოზულესი პროექტები. ისეთ ადგილებში მოგვიწია გზების მოასფალტება, სადაც კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა ასფალტი დაგებული. დღესდღეობით  უკვე მოგვარებულია სოფლების ნაწილში ეს პრობლემა. თუ კი უგზოობის გამო ადრე 3 საათი იყო საჭირო რაღაც მონაკვეთის გასავლელად, ახლა ეს დრო 25 წუთამდე შემცირდა. სოფლების დიდ ნაწილში შეყვანილია ბუნებრივი გაზი, სასმელი წყალი. ყველა ოჯახს აქვს სახნავ-სათესი მიწა და აქვთ იმის საშუალება, რომ მისდიონ მესაქონლეობას. აქედან გამომდინარე, ყოველივე ეს ხელს უწყობს აქაურ მცხოვრებლებს, რომ წელგამართულნი იყვნენ.


ასევე აღვადგინეთ სარწყავი სისტემები,  მეხსიერება თუ არ მღალატობს,  დაახლოებით 10-12 წელია დაბაში სარწყავი წყლის სისტემა აღარ არსებობდა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა. ჩავატარეთ მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები და დღესდღეობით თითოეულმა გლეხმა შეიძლება მორწყას თავისი ტერიტორია, რაც ეგრევე აისახა ხვნის შედეგზე.


აგრეთვე, ჩვენს მიერ მოხდა მოზიდვა, მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით მსოფლიო ბანკიდან თანხების, გრანტის სახით მოპოვება, რომლითაც ვარემონტებთ დაბაში არსებულ საბავშვო ბაღებს, სადაც კატასტროფული მდგომარეობა იყო. მე მრცხვენოდა იმ ბავშვების მშობლებისთვის  თვალებში შეხედვა, ისეთი ანტისანიტარია და საშინელი მდგომარეობა იყო. სულ რამდენიმე თვეში მივიღებთ ევროპული სტანდარტის საბავშვო ბაღებს, რაც ჩვენთვის ასევე საამაყოა. რა ვიცი, სერიოზული სამუშაოების გაკეთება მოვასწარით ამ დროში და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ბევრს გავაკეთებთ დარჩენილ  წლებში.


თქვენი ასპინძის გამგებლად არჩევიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. რამდენად შეძელით ამ ხნის განმავლობაში საარჩევნოდ გაცემული დაპირებების და თქვენი პროგრამის შესრულება?

 


ჩემი საარჩევნო დაპირება რაც იყო, ვთვლი, რომ სანამ ჩემი გამგებლობის პერიოდი დამთავრდება, ძირითადი რაც იყო დაპირება, შესრულდება 98% მაინც. ერთ-ერთი ჩემი დაპირება იყო რძის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა, რისი დაფუძნებაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო და ვეცდები მომავალში შევასრულო.


გაქვთ თუ არა უცხოეთის რომელიმე ქვეყნის ქალაქთან ან რაიონთან რაიმე ფორმის ურთიერთობა დამყარებული იქედან გამომდინარე, რომ მათი გამოცდილება გაიზიაროთ?


ამ ეტაპზე ასეთი ურთიერთობა არ გაგვაჩნია, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ მოვახერხებდით კავშირების დამყარებას, რომ მიგვეღო მეტი გამოცდილება ამა თუ იმ დარგში.


თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად არის ცენტრალური ხელისუფლება რეგიონების განვითარებით დაინტერესებული?


იცით რაშია საქმე? უამრავი პროგრამა ამუშავდა. მაგალითად, ხვნა-თესვის ვაუჩერებზე თუ ვილაპარაკებთ, ამან გამოიწვია ის, რომ 100 -დან დაახლოებით 1000 ჰექტარი მიწის დამუშავებამდე ავედით. ეს რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის პროგრამის ამოქმედებამ განაპირობა. გარდა იმისა, რომ ჩვენც ხელს ვუწყობთ და პირობებს ვქმნით, ეს პროცესი მაინც ამ პროგრამის ძალიან დიდი დამსახურებაა. ხელისუფლება ცდილობს რომ ხელი შეუწყოს რეგიონების განვითარებას.  

 


რის გამო გაკრიტიკებენ ხოლმე ოპონენტები და როგორია თქვენი რეაქცია, რამდენადაა სამართლიანი მათი მხრიდან წამოსული კრიტიკა?


ყველასთვის კარგი ნამდვილად ვერ იქნები. სამწუხაროდ, თავიდანვე აღვნიშნე, რომ უამრავი პრობლემა იყო დაგროვებული წლების განმავლობაში, რის გადაწყვეტასაც არ ეყოფა ერთი და ორი წელი. ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ გარკვეული მიმართულებების მოწესრიგება, მაგრამ რაღაც შეიძლება რჩებოდეს მოუგვარებელი და როდესაც ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას ირჩევ, არ არსებობს რაღაც არ დაინახო. ოპონენტები სწორედ ასეთი საკითხები აფიშირებას ეწევიან, ისინი ყოველთვის პოულობენ ისეთ პრობლემებს, რასაც მარტო თვითმმართველობა ვერ მოაგვარებს. ეს ქვეყანაშია მთლიანად ბევრი რამ მოსაწესრიგებელი ზოგადად, და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა.


რაგბის რომ დავუბრუნდეთ. თქვენზე ერთგვარი ლეგენდაა შექმნილი. როგორც ცნობილია, რუმინეთთან გადამწყვეტი მატჩის დროს მძიმე ტრამვა მიიღეთ, მიუხედავად ამისა, თამაშს მაინც არ გამოეთიშეთ და გადამწყვეტი ლელოც გაიტანეთ. როგორ გაიხსენებთ ამ თამაშს, როდის ჩატარდა ის, რა ანგარიშით დასრულდა და რამ მოგცათ თქვენ სათამაშო მოედანზე დაბრუნების ძალა?

 


კი, ნამდვილად მძიმე ტრამვა მივიღე მაგ თამაშზე, რომელიც შემდეგში კარიერის ნაადრევად დასრულების მიზეზიც კი აღმოჩნდა. მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ და არც ერთი წამით არ ვნანობ იმას, რომ ეგ ნაბიჯი გადავდგი და მოედანზე დავბრუნდი, რადგანაც მაშინ რუმინეთი ჩვენზე გაცილებით ძლიერი ნაკრები იყო. 1999 წლის მსოფლიოზე შანსი რუმინეთმა დაგვაკარგვინა, ზუსტად იმიტომ რომ გამოცდილებით გვჯობდა. და მაგ თამაშზე მოხდა ისე, რომ ჩვენ ძალიან ბევრ რგოლში დავჯაბნეთ ისინი და თამაშს სოლიდურადაც ვიგებდით, მაგრამ მოგეხსენებათ იმდროინდელ ნაკრებში ძალიან ბევრი გამოცდილი მოთამაშე არც გვყავდა, სულ რამდენიმე იყო მაღალი დონის მოთამაშე და მათზე იყო მთელი თამაშის სისტემა აწყობილი. ჩემმა ტრამვამ გამოიწვია ის, რომ თამაშის სადავეები გაგვექცა ხელიდან. ამან ალბათ მორალურ მხარეზეც იმოქმედა. ძნელია როდესაც ვიღაცის იმედი გაქვს და უცბად ხელიდან გეცლება. მე ვიგრძენი ის, რომ იმ თამაშას წავაგებდით. სიმართლე რომ გითხრა, ჩემი მოედანზე დაბრუნებით ბევრი აღარაფერი შემიტანია, იმიტომ რომ ისეთი საშინელი ტკივილი მქონდა, განძრევაც მიჭირდა, მაგრამ ალბათ ახალგაზრდებს ჩემი იქ ყოფნით მეტი მოტივაცია და იმედი ჰქონდათ. საბოლოო ჯამში კი მივაღწიეთ იმას, რომ ის სტერეოტიპი, რასაც ერქვა რუმინეთი, დავარღვიეთ და დღესდღეობით თქვენი თვალით ხედავთ, რომ რუმინეთი ისეთ ძალას აღარ წარმოადგენს. ანგარიში მართლა აღარ მახსოვს (იცინის).

 



საფრანგეთში უმაღლეს საკლუბო დონეზე თამაში დიდი ხანი მოგიწიათ (1996-2004). როგორ გაიხსენებთ ამ წლებს? უპირველესად, მაინტერესებს, როგორ შეეგუეთ ფრანგულ ცხოვრებას? რით ვგავართ ან განვსხვავდებით ქართველები ფრანგებისაგან?


მე საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მომიწია წასვლა, აქედან გამომდინარე ადაპტაციაც არ გამჭირვებია, ხანდახან ვხუმრობდი კიდეც, რძიანი ყავის დღეში ვარ მეთქი. რა შუაშიაო რძიანი ყავა. და აბა მითხარით-მეთქი, რძიანი ყავა - უფრო რძეა, თუ ყავა-თქო... (იცინის) ხოდა, ნამდვილად არ გამჭირვებია. მსგავსება რა თქმა უნდა არის. ფრანგები ჩვენსავით ადვილად პოულობენ გამოსავალს, მაგრამ კონცენტრაცია უფრო შეუძლიათ და რაღაც გარკვეული მიზნის გარშემო უფრო დიდ ხანს შეუძლიათ ტრიალი. რევოლუციური სულის მქონე ადამიანები არიან. შეიძლება უცბად გააკეთონ მობილიზება და რაღაც სასწაული ჩაიდინონ. მაგალითად, ავიაციაში კონკორდი აქვთ ბოლო-ბოლო გამოგონილი, თვით სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი იყო, ყველაზე სწრაფი მატარებელიც ფრანგების  შექმნილია. ბოლოს და ბოლოს, ასწლიანი ომი აქვთ ნაწარმოები ინგლისთან, რაც ჩემთვის გასაოცარია. როგორ შეიძლება ასი წელი იომო და მაინც მიაღწიო მიზანს. ბევრ რამეში გვგვანან, მაგრამ ბევრ რამეში შეიძლება მაგალითი ავიღოთ მათგან.


ვინ არიან ლევან ცაბაძის მეგობრები? რა ურთიერთობა გაქვთ ყოფილ თანაგუნდელებთან, როგორც ფრანგებთან, ისე ქართველებთან და დღემდე ვისთან მეგობრობთ?


იცით რა არის? რაგბი მარტო სპორტი არ არის. რაგბი არის ანტიკური ხანის ბრძოლა, ანუ რაგბის წესები იგივეა, რაც ბრძოლის წესები, აქედან გამომდინარე, მე ჩემს თანაგუნდელებს ვერ დავარქმევ მარტო თანაგუნდელებს, ისინი ჩემი თანამებრძოლები არიან და იცით თქვენ, რომ ბრძოლაში მიღებული გამოცდილება და მეგობრობა ცოტა სხვანაირია. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ თითოეულ მათგანთან, ვისთან ერთადაც მითამაშია, საუკეთესო ურთიერთობა მაქვს, ვიღაცასთან უფრო ინტენსიური, ვიღაცასთან უფრო ნაკლები, იქედან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად ვერ ვხვდებით, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. მე 24 საათი მზად ვარ, მათ გვერდით დავუდგე, თითოეულ მათგანს, ქართველი იქნება თუ უცხოელი, ყველანაირ საქმეში, ჭირი იქნება თუ ლხინი.

 


პოლიტიკოსებიდან ვისთან მეგობრობთ? რამდენად სანდო მეგობრებად მიგაჩნიათ პოლიტიკოსები?

 


თუ კაცს მეგობრად თვლი, მე მგონია, რომ ესე იგი სანდოა. სხვა შემთხვევაში მეგობრად არ ჩავთვლი და უბრალოდ კოლეგად მივიჩნევ.


ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ პოლტიკის ნაცვლად რაგბის სფეროში იქნებოდა თქვენი დარჩენა უფრო კარგი? ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენი საფრანგეთში დარჩენა და იქ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება ყოფილიყო მაგალითად უფრო გამართლებული ან თუნდაც იგივეს გაკეთება საქართველოში?


რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ისეთი თემაა, რომ ასე ვთქვათ, შესისხლხორცებული მაქვს და ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, მორაგბეებს ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ საქმეს ვაკეთებთ ყველა, მაგრამ ხელმძღვანელობს ერთი. აქედან გამომდინარე, როდესაც მე დავბრუნდი საქართველოში, მიმართულება მათ დასახული ჰქონდათ და მიდის და ვითარდება იმ კუთხით რაგბი. თუ საჭირო გახდება, მზად ვარ გვერდით დავუდგე.  ძალიან გამიხარდებოდა, რაგბში რომ ვმოღვაწეობდე, მაგრამ არ მოხდა ასე, ცოტა რთული ასახსნელია.


დღევანდელ ქართულ რაგბს როგორ შეაფასებდით? როგორი თაობა მოდის ამ კუთხით? სადღეისოდ რეგიონებში, მათ შორის ასპინძაში, არის თუ არა იმის პოტენციალი, რომ სპორტის ეს სახეობა განვითარდეს?


რა თქმა უნდა, რაგბი ვითარდება და თან ძალიან სწრაფად და დიდი ნაბიჯებით, უფრო სწორედ, ისე სწრაფად არა, როგორც უნდა ვითარდებოდეს, მაგრამ მაინც წინ მიდის. ასპინძაშიც არის ერთ-ერთი საუკეთესო რაგბის ბაზა. მოგახსენებთ, რომ ასპინძა არ არის მდიდარი რაიონი და აქედან გამომდინარე ჭირს პროფესიონალურ დონეზე ამ საქმის განვითარება, მაგრამ ვითარდება ეს სფერო ახალგაზრდულ დონეზე, ანუ გვაქვს  რაგბის სკოლა, სადაც ბავშვები დადიან და ეუფლებიან რაგბის ხელოვნებას. შემდეგ როდესაც აღწევენ შესაბამის ასაკს, აღმოჩნდებიან ნიჭიერები და ნათლად ჩანს რომ კარგი მომავალი აქვს, ეს ბავშვები განაგრძობენ მოღვაწეობას სხვადასხვა ქართულ კლუბში. მაგალითად, მელიქიძემ, რომელიც არის ასპინძის სკოლის აღზრდილი, რუსთავში განაგრძო კარიერა და დღეს ისიც საფრანგეთში წავიდა სათამაშოდ, ერთ-ერთ წამყვან სარაგბო კლუბთან აქვს ხელშეკრულება დადებული, რაც ჩემთვის არის საამაყო. ასევე ვფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ მთელი რეგიონიც მიიღებდა პროფესიულ რაგბში მონაწილეობას.  ამას ერთი მუნიციპალიტეტი ვერ გასწვდება და ვფიქრობთ, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონმა, ანუ ექვსივე მუნიციპალიტეტმა რამე საერთო გზა გამოვნახოთ და დავაფინანსოთ ერთი დიდი გუნდი, სადაც ჩვენს სკოლებში გაზრდილი ახალგაზრდები განაგრძობენ მოღვაწეობას და საქართველოს ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას.

 



როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი ლელო?


უი, (იცინის), ძალიან ღრმა და ფართოა ჩემი ცხოვრების  მიზანი. როგორ გითხრათ, მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეს მოიცავს ეს. არ შემოვიფარგლები ოჯახით მარტო. ოჯახი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის ჩემი ქვეყანა. თუ ჩემი ქვეყანა იქნება საუკეთესო ქვეყნებს შორის, წელგამართული, ამაყი და რაც მთავარია, ერთიანი, ჩაითვლება რომ მეც, ჩემი ოჯახიც და მეგობრებიც ვიქნებით კარგად.



ნათია მელქაძე

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი