ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილს დიდი ალბათობით სჭირდება თვითონ გუნდში, იქ გარკვეული ბალანსის შენარჩუნებისთვის და მოძლიერებული კობახიძე-კალაძის გუნდის ბალანსისთვის, მიიჩნევს ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ანი მიროტაძე.
როგორც მან „TVპირველის“ ეთერში განაცხადა, ივანიშვილს ღარიბაშვილი გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სჭირდება, მაგრამ მისი აზრით, „ღარიბაშვილი კი არა, ღმერთიც რომ ჩამოვიდეს, „ქართულ ოცნებას“ ახლა უბრალოდ აღარაფერი აღარ უშველის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩამოშლილია“ და მით უფრო მაშინ, როცა „მოსვლის დღიდან „ქართულ ოცნებაში“ მთავარი იყო, არის და დარჩება ბიძინა ივანიშვილი“ და „რასაც გადაწყვეტს ივანიშვილი, ისე იქნება“ ყველაფერი.
„მე მეორედ მოსვლების და დაბრუნებების არ მჯერა პოლიტიკაში და არ ვფიქრობ, რომ ამას რაიმე შედეგი ექნება, თუმცა არა იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პერსონის ირგვლივ მაქვს რაღაც კითხვები. ან რატომ წავიდა, ან რატომ აბრუნებენ? ან თუ დაბრუნდება, რა უნდა გააკეთოს. ფაქტობრვად, ეს არის გადანაცვლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დაფაზე პერსონების. ალბათ, დიდი ალბათობით მას ეს სჭირდება თვითონ გუნდში. მე მაქვს მოსაზრება, რომ იქ გარკვეული ბალანსის შენარჩუნებისთვის სჭირდება და პირდაპირ ვიტყვი, რომ მოძლიერებული კობახიძე-კალაძის გუნდის ბალანსისთვის. და მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ის მთაწმინდის მაჟორიტარობიდან შევიდეს პარლამენტში და მერე გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე. არ ვფიქრობ ამას. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს ის სჭირდება ალბათ უფრო ცოტა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ანუ 2020-ში რას შვება გუნდი, როგორ პოლიტიკურ ფორმაში იქნება. ალბათ ეს დატვირთვა აქვს, თუმცა ეს მცდელობა იქნება ძალზე უშედეგო. ღარიბაშვილი კი არა, ღმერთიც რომ ჩამოვიდეს, „ქართულ ოცნებას“ ახლა უბრალოდ აღარაფერი აღარ უშველის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩამოშლილია, არ არსებობს სულისკვეთება, მოტივაცია არ არსებობს... ეს კომფორტული გადაწყვეტილება არ არის, ეს არის ცაიტნოტში მყოფი ადამიანის გადაწყვეტილება... რით შეიძლება წაეშველოს ღარიბაშვილი? ვერაფრით, იმიტომ, რომ მოსვლის დღიდან „ქართულ ოცნებაში“ მთავარი იყო ბიძინა ივანიშვილი, არის ბიძინა ივანიშვილი, დარჩება ბიძინა ივანიშვილი და რასაც გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, ისე იქნება.
თუ რაიმეს საპირწონედ შეიძლება მოაბრუნოს ღარიბაშვილი, ეს არის ალბათ გაძლიერებული კობახიძე-კალაძის გუნდის საპირწონე. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ეჭვი არ მეპარება. მეორე ამბავი. თუ კობახიძე უნდა წავიდეს პარტიის თავმჯდომარეობიდან, გაამარტივებს ამ პროცესს ღარიბაშვილი, ანუ პოლიტიკურ პროცესს და შიდა პროცესს პარლამენტში... კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ალბათ უფრო გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ჩანაფიქრი ბიძინა ივანიშვილის. რომ არ გამოუვა, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და აქვე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ გამოუვა, რამდენი პერსონაც არ უნდა ჩანაცვლდეს, არა იმიტომ, რომ აქ ირაკლი ღარიბაშვილზეა საუბარი, ვინც გინდა იყოს. როდესაც ბიძინა ივანიშვილი წყვეტს და გადაწყვეტილი აქვს მართოს ქვეყანა იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც უკვე ვხედავთ 7 წელია მართავს, გამორიცხულია ის, რომ შედეგზე ორიენტირებული რაიმე სახელმწიფოებრივად იყოს. დარწმუნებული ვარ უპერსპექტივო გადაწყვეტილებაა და აქვე ვიტყვი, რომ იმედი მაქვს, რომ კახური კლანი არ ბრუნდება ამ მეორედ მოსვლის დროს იმიტომ, რომ თუკი რამე დაანგრევს საბოლოო ჯამში როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილს, იქნება კახური კლანი“, განაცხადა ანი მიროტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.