„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. იგი ამბობს, რომ მხოლოდ იმას ითხოვს, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. „რვა თვე რით ვერ გაარკვიეს, ფულის გათეთრება იყო თუ არა, როცა ერთ დღეში „გაარკვიეს“, მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა“.
გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისთვის ანაკლიის პროექტის დატოვებაზე პირდაპირ არავის არაფერი უთქვამს, თუმცა მას შეკითხვები აქვს „რატომ დაინტერესდნენ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციით იმ დროს, როდესაც ანაკლიის თემა ბოლო ფაზაშია? რატომ შემოვარდა ოთხი უწყება ჩვენს ორგანიზაციაში ზუსტად მაშინ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან?“
გაზეთთან ინტერვიუში ხაზარაძე აცხადებს, რომ „უზარმაზარი სახელმწიფო მანქანის შემოტევის მსხვერპლი“ არიან. იგი პირდაპირ აცხადებს: „ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი. ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება“.
ბიძინა ივანიშვილთან მისი, ბადრი ჯაფარიძის და ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შესახებ კომენტირებისას ხაზარაძემ თქვა: „რადგან მან [ივანიშვილმა] დაიწყო საუბარი, აჯობებს თავად მოჰყვეს, რატომ შედგა შეხვედრა და ვინ ესწრებოდა მას... მოვა დრო და თუ არ იტყვიან, მე ვიტყვი. იმდენ საკითხზე ვილაპარაკე და არაფერზე პასუხი არ მიმიღია“.
ხაზარაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მასთან გამართულ იმ შეხვედრასაც იხსენებს, რომელსაც ჯერ კიდევ პრემიერ მინისტრის პოსტზე მყოფი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა და რომელზეც „ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა“.
„გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე სამი კვირით ადრე, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ანაკლიასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. მას ბიძინა ივანიშვილთან ერთად ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მაია ცქიტიშვილი და მეც. შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს აღარავინ შეუშლიდა. სამი კვირის შემდეგ კვირიკაშვილი მოხსნეს...“ - განაცხადა ხაზარაძემ.
GUARDIAN.GE გთავაზობთ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მამუკა ხაზარაძის ვრცელი ინტერვიუს ერთ ნაწილს.
-არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ ჯერ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც თქვენ გაიმარჯვეთ და შემდეგ ჩაიწერა ანაკლიის პორტის შესახებ კონსტიტუციაში. მოკლედ, არის მოსაზრება, რომ თქვენ ანაკლიის პროექტში უკონკურენციოდ ჩაერთეთ...
- კონსტიტუციაში ეწერა ლაზიკა და შემდეგ შეიცვალა ანაკლიით. რაც შეეხება ვითომდა უკონკურენციობას, ეს ტყუილია - 12 საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა კონკურსში. ბოლოს დავრჩით ჩვენ, ამერიკელებთან ერთად, და ჩინური კომპანია. მე ვარ ბიზნესმენი და როცა დავინახე, რომ შეიძლება სინერგია მოხდეს, მივმართე ეკონომიკის სამინისტროს, რომ ჩვენ და ამერიკელები ჩინელებთან გავერთიანებულიყავით. თუმცა ამ შეთავაზებაზე პასუხიც არ გამცა ჩინურმა მხარემ და ბოლოს ჩვენ გამოვცხადდით გამარჯვებულად. ანაკლიაზე ატეხილ ხმაურს ერთი დადებითი შედეგი ის მოჰყვა, რომ მგონი, ყველამ გაითავისა, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის.
სხვათა შორის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე სამი კვირით ადრე, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ანაკლიასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. მას ბიძინა ივანიშვილთან ერთად ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მაია ცქიტიშვილი და მეც. შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს აღარავინ შეუშლიდა. სამი კვირის შემდეგ კვირიკაშვილი მოხსნეს...
- რა მოხდა ამ სამ კვირაში? თუნდაც კულუარებში არ გიცდიათ ამის გარკვევა?
- არა ვარ ის ადამიანი, რომ კულუარებში რაღაცები ვარკვიო.
- ანუ ხელისუფლებასთან არ გქონიათ კულუარული ურთიერთობა სხვადასხვა საკითხზე. სხვათა შორის, როდესაც პროკურატურამ იანვარში გააკეთა განცხადება ზემოხსენებულ ტრანზაქციაზე, ამას მოჰყვა ხანგრძლივი პაუზა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თქვენ კულუარულად ცდილობდით ურთიერთობის დალაგებას.
- ვიმეორებ, კულუარულად არაფერს ვაგვარებთ. ბიზნესი არის ხელშეკრულების დადება, ნაკლები დანაკარგით სიარული და ასე ვმოქმედებთ 29 წლის განმავლობაში... სხვათა შორის, თავის დროზე, ასეთი ბრალდებებით შეუტიეს „ქართუსაც“. მაშინ მისი ადვოკატი შალვა თადუმაძე იყო და როდესაც არქივი ვნახე, მეგონა, ჩემი ადვოკატი ლაპარაკობდა. დღეს ეს ადამიანი მთავარი პროკურორია. რასთან გვაქვს საქმე? არაფერი შეცვლილა?!
- თქვენ პარლამენტში გამოსვლისას ახსენეთ ერთ-ერთი შეხვედრა, რომელზეც დასწრებასაც ნანობთ. ლაპარაკია ბიძინა ივანიშვილთან თქვენი, ბადრი ჯაფარიძისა და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრაზე. თავად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამ შეხვედრის შემდგომ ჩხარტიშვილმა თქვენთან სასამართლო დავა შეწყვიტა. იქნებ გვიამბოთ შეხვედრის დეტალების შესახებ.
- მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა თქვა, ჰკითხეთ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, რა ხდებოდა შეხვედრაზეო, მაინც ვფიქრობ, რადგან მან დაიწყო საუბარი, აჯობებს თავად მოჰყვეს, რატომ შედგა შეხვედრა და ვინ ესწრებოდა მას.
- ივანიშვილის თქმით, თქვენი ინიციატივით შედგა შეხვედრა.
- ასე არ ყოფილა.
- მისივე თქმით, ჩხარტიშვილმა 100:0 მოგიგოთ.
- არ ვიცი, კალათბურთი არ მითამაშია. მოვა დრო და თუ არ იტყვიან, მე ვიტყვი. იმდენ საკითხზე ვილაპარაკე და არაფერზე პასუხი არ მიმიღია. პოლიტიკოსები მაბრალებენ, რომ თურმე რაღაცების გადაფარვას ვცდილობ. რას ნიშნავს გადაფარვა?! მოვყევი ის, რაც გადამხდა და გინდა ენკი-ბენკი დაარქვან, გინდ წერილი თუ სიხარული. ასეთ არასერიოზულ თემებზე სურთ ყურადღების გადატანა. ძალიან ცუდი მიმართულებით მიდიან, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია და ვერაფერს მიაჩუმათებენ. არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ: ან დაადგინონ ჩემი ბრალეულობა, ან შეწყვიტონ საქმე. ამ ყველაფერმა სერიოზულად დააზიანა ქვეყნის იმიჯი. ამაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომელიღაც შეხვედრას ვინ ესწრებოდა.
- თუმცა საზოგადოებას აინტერესებს, ას¬ეთ შეხვედრებზე წყდება, ვინ ვის უნდა უჩივლოს და ვის არა?
- თვითონ ივანიშვილმა არ თქვა, დავსვი ორივე მხარეო?! ანგარიშის ნომერიც ჩაიწერა. უზარმაზარ დავაზე იყო ლაპარაკი. ჩვენ არარსებულ თანხაზე გვიჩიოდნენ და იქიდან დამადლებული გამომიშვეს.
- ივანიშვილმა განაცხადა, ხაზარაძეს წესიერად მადლობაც არ გადაუხდიაო.
- ზრდილობა არ მეშლება. მადლობა გადავუხადე, მეტი რა უნდა მექნა?
- ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ხომ არ გიბიძგათ, რომ პოლიტიკაში მოსვლაზე გეფიქრათ?
- არა და ამას ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით. სიმართლე არის სიმართლე! თუ ამას ვიღაც პოლიტიკას ეძახის, ეს შეფასება საერთოდ არ მაინტერესებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ უაპელაციოდ ატრიალებენ ამ 17 მილიონის თემას და თან არანაირი დეტალური ინფორმაცია არა აქვთ, თუ რა მოხდა რეალურად. აქცენტი იმაზე გადააქვთ, რომ მოსახლეობას უთხრან, აი, წაიღო 17 მილიონი და არ დაუბრუნებიაო. ასე არ არის, ხალხო! ჩვენ არავის ვალი არა გვაქვს, ყველაფერი გასტუმრებულია და კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაგვიკეთებია. თუ ლაპარაკია იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც არასრულყოფილია - ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ ჩვენ დავარღვიეთ ბანკთან დაკავშირებულ პირთა პროცედურა, ამასაც გავასაჩივრებდით, მაგრამ ბანკისთვის პრობლემები რომ აგვერიდებინა, იძულებული გავხდით ეროვნულ ბანკთან დავა შეგვეწყვიტა. ანუ, რასთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, ეროვნულმა ბანკმა დაამთავრა ჩვენთან ამ თემაზე საუბარი და თუ დაამთავრა, მაშინ რაზეა ლაპარაკი?! ამიტომ ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა. ახლა მიდის ინტენსიურად ლაპარაკი იმაზე, რომ მამუკა და ბადრი ცალკე არიან და „თიბისიში“ ყველაფერი კარგადაა. ამბობენ, რომ ანაკლია დიდი პროექტია, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, ხოლო მამუკა და ბადრი დაქირავებული მენეჯერები არიან. დაქირავებული მენეჯერები და ბიუროკრატები თავად არიან. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც ნამყოფი არ არის ანაკლიაში, არც გემი უნახავს, არც ის სამუშაო, რომელიც ჩატარდა და შეფასებებს აკეთებს, რა ჰქვია ამას?! ოთხჯერ რომ ჩავარდა ანაკლიაში გზისა და რკინიგზის დაპროექტების ტენდერი, მილიარდი ლარი რომ ვერ აითვისა ქვეყანამ შარშან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ეს რისი ან ვისი ბრალია?! ჩვენ ახალი სახსრები უნდა მოვიზიდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან და ამათ აგერ ანგარიშზე აქვთ თანხა ბიუჯეტში, ვერ ითვისებენ და ამ ადამიანებისგან გვესმის პრეტენზიები... ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი. ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება.
- ეს შეაფერხებს ანაკლიის პორტის მშენებლობას?
- რა თქმა უნდა. პირდაპირ გეუბნებით: ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ოფისიდან გავალთ და ვიღაც ჩაგვანაცვლებს. ერთი მხრივ, ამხელა სახელმწიფო მანქანა გვიტევს, მეორე მხრივ კი გეუბნებიან, ბანკებთან რატომ არ ხურავთ დროზე მოლაპარაკებასო. ბანკებს კი თავისი მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოსთან.
არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. სამშენებლო გრაფიკისთვის ერთი დღითაც არ გადაგვიცდენია. როცა დავინახე, რომ ბანკებთან მოლაპარაკება არა ჩვენ გამო, არამედ მათივე მოთხოვნების გამო გადაიწია, ავიღეთ და 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვახდინეთ, რომ არ ჩამოვრჩენოდით მშენებლობის გრაფიკს. ღმერთმა დაიფაროს და, ხვალ რომ არ გამოვიდეს რაღაცის გამო მოლაპარაკება ან გაჭიანურდეს, ჩვენთვის ეს ხომ რისკია?! და ამ დროს სახელმწიფო გამოდის და გვეუბნება, შენ ვერ შეასრულე რაღაც, წადი სახლში და აწი მე გავაგრძელებო. სწორია, რომ ახლა მთელი ჩვენი ენერგია ინტერვიუებსა და ინვესტორების დაწყნარებაზე მიდის? ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. რვა თვე რით ვერ გაარკვიეს, ფულის გათეთრება იყო თუ არა, როცა ერთ დღეში „გაარკვიეს“, მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა.
ვიმეორებ: უზარმაზარი სახელმწიფო მანქანის შემოტევის მსხვერპლი ვართ. დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა, თან გირტყას ადამიანმა და თან გითხრას, ფეხზე რატომ არ დგახარო.
- თქვენ „თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან წახვედით და იქნებ მათ, ვისაც თქვენ ორკესტრირებულ შეტევაში ადანაშაულებთ, იმედი აქვთ, რომ ასევე თქვენი ნებით წახვალთ ანაკლიის კონსორციუმიდან?
- რას ნიშნავს წავალ? ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე. ხვალ შეიძლება მითხრან, რომ საქართველოდანაც წადიო.
- სხვათა შორის, ზაფხულიდან ვრცელდება მესიჯები, ხაზარაძეს დაიჭერენო.
- არ არის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა?! ჩემი პარტნიორები ამას რომ მეკითხებიან, არ არის ეს მათზე ზემოქმედების ბერკეტი?!
- ისე, გამორიცხავთ, რომ მართლაც დაგაკავონ?
- ამ სიტუაციაში მე არაფერს გამოვრიცხავ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.