დღეიდან თბილისში ოლიმპიური შეჯიბრებები იწყება. მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ „თბილისი 2015“ -ში ევროპის 50 ქვეყანის წარმომადგენელი მონაწილეობს.
მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ოფიციალურად გუშინ საღამოს გაიხსნა. "ევროპის ოლიმპიურ ახალგაზრდულ ფესტივალს, "თბილისი 2015"-ს გახსნილად ვაცხადებ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "მიხეილ მესხის სახელობის" სტადიონზე მიმდინარე ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე. ფესტივალის გახსნას მთავრობის წევრები, თბილისის მერი დავით ნარმანია და დედაქალაქის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
სპორტსმენებს მიმართა ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა. მისი თქმით, საორგანიზაციო კომიტეტმა ძალიან ბევრი იშრომა და ამაყები არიან იმით, რომ ეს ყველაფერი შეძლეს.
"ჩვენ ოცნება ვაქციეთ რეალობად. ჩვენ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ. 11 სპორტული არენიდან 7 სპორტული არენა სწორედ ამ ფესტივალისთვის აშენდა. ოლიმპიური სოფელი კი სწორედ თქვენთვის აშენდა, ძვირფასო სპორტსმენებო. თქვენ გამორჩეულები ხართ, თქვენმა სიყვარულმა და თავდადებამ სპორტის მიმართ განაპირობა ის, რომ თქვენ აქ ხართ, ეს თქვენი ზეიმია. თქვენი მონაწილეობა უკვე ისტორიაა მომავალი თაობისთვის, თქვენთვის კი დიდი ნაბიჯია მომავლისკენ", - განაცხადა ახვლედიანმა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდეტს, თბილისის მერს, სპორტის მინისტრს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ორგანიზებაში.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა კი განაცხადა, რომ ამ დღეებში ევროპის ახალგაზრდობა გაანათებს თბილისს და თამაშების შემდეგ თბილისს ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა დარჩება.
"ეს თამაშები საქართველოს სპორტის მდგრადი განვითარების პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია. უფრო მეტიც, სტიქიის შემდეგ, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს თბილისს. სპორტი იმედისმომცემია ნებისმიერ რთულ ვითარებაში და ევროპის მთელი ოლიმპიური ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას", -განაცხადა პატრიკ ჰიკმა.
ოლიმპიური ცეცხლი მეჩირაღდნეებმა თავისუფლების მოედნიდან მიიტანეს. მეჩირაღდნეთა შორის იყვნენ ცნობილი სპორტსმენები, მთავრობისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, რის შემდეგაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უკვე მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი აინთო.
საზეიმო ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ექსპოზიცია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „სუხიშვილები“, ირმა ნიორაძე და სხვა ცნობილი ვარსკვლავები. საქართველოს ჰიმნი ცნობილმა ქართველმა ბანმა, პაატა ბურჭულაძემ შეასრულა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის ბოლოს მცირე ინციდენტი მოხდა. ფოიერვერკის დროს მთავარი სცენის უკან მდებარე ცარიელ ტრიბუნას ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ტრიბუნის ნაწილი დაიწვა. არავინ დაშავებულა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს.
გარდა ამისა, ფოიერვერკის ნაპერწკლების ნაწილი გულშემატკივრით სავსე ერთ-ერთი ტრიბუნაზე დაეცა, რის გამოც გულშემატკივრები იძულებულნი გახდნენ გვერდითა ტრიბუნაზე გადაენაცვლათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.