გამომდინარე იქიდან, რომ ფსიქოანალიზი ბიძინა ივანიშვილისთვის უცხო მეცნიერება არ გახლავთ, მისთვის ადვილად მისახვედრი უნდა იყოს ის, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების როლს სახელმწიფოს პირველი პირების თანამდებობებზე, ანუ, თუ როგორ არიან ყოველმხრივ მომზადებულები ეს ადამიანები (პოლიტიკოსები!), ასეთი დიდი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მატარებელი პოსტების დასაკავებლად. მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, რადგანაც ივანიშვილის მიერ 2 წლის წინათ პრეზიდენტის (მარგველაშვილი) და პრემიერის (ღარიბაშვილი) თანამდებობებზე შემოთავაზებული პიროვნებები ვერ პასუხობენ იმ კრიტერიუმებს, რის გარეშეც სახელმწიფოს სრულფასოვანი და განვითარებაზე ორიენტირებული მართვა უნდა ხორციელდებოდეს. ამას ყოველივეს თან ერთვის, ქვეყნის პირველ პირებს შორის არსებული პიროვნული მიუღებლობა, რომელიც დიდწილად განპირობებულია თავად ივანიშვილის ფაქტორით, ანუ პრეზიდენტის და პრემიერის მხრიდან მისდამი განსხვავებული დამოკიდებულებით!
ამჯერად, ჩემი მიზანი არ გახლავთ მათ შორის მტყუან–მართალის ძიება და განსჯა, არამედ, მინდა ქართულ საზოგადოებას დავანახო ამ მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის სიმძიმე, რომელიც ყოველდღიურად იჩენს თავს და რაც უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზე. ამ ფაქტის მიჩქმალვა კიდევ უფრო აღრმავებს ანტაგონიზმს სახელმწიფოს პირველ პირებს შორის, რაც უსათუოდ უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის საგარეო იმიჯზე, ხოლო ქვეყნის შიგნით უცილობლად გაზრდის მოსახლეობის უნდობლობას მთელი ხელისუფლებისადმი და უშუალოდ პირველი პირებისადმი, რომლებიც კრილოვის იგავ–არაკის ცნობილ პერსონაჟებს, – "გედი, კალმახი და კიბო" ("ლებედ, რაკ ი შჩუკა".), მოგვაგონებენ! დიახ, როგორც ამ ცნობილი იგავ–არაკის პერსონაჟების, ასევე საქართველოს სახელმწიფოს პირველი პირების მთავარი პრობლემა – უთანხმოებაა, – რის გამოც მთელი რიგი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები "ადგილიდან არ იძვრის"! ხოლო, როცა მავანი "ქართული ოცნების" ხელისუფლების 3 წლიანი მოღვაწეობის სხვადასხვა პარამეტრის შედარებას ახდენს, "ნაცმოძის" ხელისუფლების დროინდელ მაჩვენებლებთან, ეს გვახსენებს საბჭოთა პერიოდს, როდესაც კომუნისტი ლიდერები აპელირებას ახდენდნენ 1913 წელზე, ანუ რევოლუციამადელი რუსეთის იმპერიის მიღწევებზე!.. მოკლედ, ამ ყოველივეს გამო, არსებული მზარდი ანტაგონიზმი ხელისუფლების უმაღლეს პირებს შორის, უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის, რამაც შეიძლება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდოს ქვეყანა!.. ამიტომ, იგი გადაწყვეტას მოითხოვს და რაც უფრო მალე მით უკეთესი, თორემ, ნათქვამია, – "კაცმა მალაო, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო"!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.