არჩილ ჯაფარიძე: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 2019 წელსაც ვაგრძელებთ უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას
21-03-2019, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ რეგიონში „უპრეცედენტოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა“ და განსაკუთრებით აღსანიშნავი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა. გუბერნატორის თქმით, 2017-18 წლებში საგზაო დეპარტამენტმა რეგიონში 79კმ-ზე დააგო ასფალტის საფარი და ამ მიმართულებით საერთო ჯამში 55 527 286 ლარი დაიხარჯა.

 


როგორც ჯაფარიძე აცხადებს, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება წელსაც აქტიურად მიმდინარეობს და ამ კუთხით რეგიონში, ოთხივე მუნიციპალიტეტში - ონში, ამბროლაურში, ცაგერსა და ლენტეხში - საერთო ჯამში ასეულობით მილიონი ლარის სამუშაოები შესრულდება და ისტორიული მნიშვნელობის საგზაო პროექტები განხორციელდება.

 


არჩილ ჯაფარიძე ინტერვიუში, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს, აღნიშნულ და რეგიონში მიმდინარე, შესრულებულ და დაგეგმილ სხვა საკითხებზე საუბრობს.

 

 

1. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი, ბოლო წლებია, გამოირჩევა მასშტაბური პროექტების მიმდინარეობით. რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და იგეგმება თქვენს რეგიონში ?

 


- ჩვენს რეგიონში მართლაც, უპრეცედენტოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რომლებიც ძალზედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის განვითარებისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელზეც მოდის რეგიონში განხორციელებული პროექტების უმეტესი წილი. ბოლო 2017-18 წლებში საგზაო დეპარტამენტმა რეგიონში დააგო 79კმ.ასფალტირებული გზა, საერთო თანხით 55 527 286ლ.

 

 

 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით რეგიონში მიმდინარეობს საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი 55კმ-იანი გზის მშენებლობა, რომელზეც 100 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება და 2020 წელს დასრულდება. ახალი, 2-ზოლიანი გზა რეგიონებს ერთმანეთთან უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს და თბილისიდან რაჭის მიმართულებით მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

 

ონის მუნიციპალიტეტში, საგზაო დეპარტამენტის დაფინანსებით მიმდინარეობს 11კმ.იანი საავტომობილო გზის მშენებლობა საგლოლო-ჭიორა-ღების მიმართულებით, თანხით 7 171 040ლ. ხოლო, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდით, ონში მიმდინარეობს ბარი-მრავალძლის გზის აფალტირების სამუშაოები. მოეწყო 7.7 კმ ასფალტო ბეტონის გზა. ღირებულებით 2 285 672 ლ. და იგეგმება დამატებით 3კმ-მდე გზის მოწყობა.

 


მიმდინარეობს ლენტეხი-ლასდილის მიმართულებით გზის ასფალტირების სამუშაოები. დაიგება 50,7 კმ.ასფალტირებული გზა, 79 259 560 ლარის ღირებულებით .ამჟამად, დასრულების ფაზაშია 25კმ-იანი მონაკვეთის ასფალტირება.

 


მოგეხსენებათ, ლენტეხსა და მესტიას შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ფაქტობრივად არ არსებობდა, ამ გზის მშენებლობა კი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველა ის ვიზიტორი, რომელიც მოხვდება მესტიაში, მარტივად შეძლებს ჩვენს რეგიონში გადმოსვლას. ასევე იგეგმება,დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობაც.

 


გარდა ამისა, რამოდენიმე დღეში დაიწყება წესი-ურავის საავტომობილო გზის 14.2 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელზეც 23 მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯება.

 


ასევე, მიმდინარეობს ჭრებალო-ნიკორწმინდის 26კმ.იანი საავტომობილო გზის ასფალტირება, რომელზეც 18 მლნ.ლარზე მეტი იხარჯება . აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ჩვენს მიგრირებულ რეგიონში დაცლის პირას მყოფი სოფლების გამოცოცხლებას და სტიმულს მისცემს ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში, განსაკუთრებით ტურისტული ნაკადების ზრდის ფონზე, განავითარონ საოჯახო ბიზნესები.

 


- 2019 წელს რეგიონში ვაგრძელებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას, ამჟამად მხოლოდ რეგ.ფონდიდან დაფინანსებულია 13 საინვესტიციო პროექტი, 9 941 311 ლარის ღირებულებით. გარდა ამისა, 2019 წელს დამატებით იგეგმება: ამბროლაურში 1 590 000 ლარის, ლენტეხში 1 925 000 ლარის, ონში 2 700 000 ლარის და ცაგერში 1 150 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა კანალიზაციის მოწყობა-2018 წელს დაიწყო აღნიშნული პროექტი და პირველ ეტაპზე დაიხარჯა 1 030 000ლარი, ამჟამად მიმდინარეობს 917 884 ლარის სამუშაოები-მეორე ეტაპი; მდ.კრიხულაზე დამცავი კედლის მოწყობა- რომლის შედეგადაც გაჩნდება რეკრეაციული ზონა, სადაც დაგეგმილია ბულვარისა და კაფე-ბარების მშენებლობა, ქუჩების რეაბილიტაცია, ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-სულ დაიგება 5კმ.მდე გზა, სოფელ კრიხის გზის რეაბილიტაცია-2კმ.მდე.

 


ონის მუნიციპალიტეტში - ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საავტომობილო გზების დამცავი ბეტონის კედლების და სანიაღვრე არხების მოწყობა.

 


ცაგერის მუნიციპალიტეტში - ქუჩების მოასფალტება, სოფ.ჩქუმში, წიფერჩში, ტვიშში, ალპანაში, ლასურიაშში, ჩხუტელში, ლაჯანაში ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობა, ქვ.ცაგერი-ლასურიაშის მიმართულებით გზის ასფალტირება . ასევე, ქ. ცაგერში კეჭნარის სკვერისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა- რომელზეც 786 226ლ დაიხარჯება.

 


2. თქვენ აღნიშნეთ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია ტურისტული ნაკადების ზრდასთან, რა კეთდება დამატებით თქვენს რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით?

 

 

-ტურიზმის განვითარება არის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომლის ხელშეწყობის მიზნით რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ყოველწლიურად იზრდება სასტუმროების რიცხვი, სულ რეგიონში არის 159 სასტუმრო- ონის მუნიციპალიტეტში გვაქვს 27 საოჯახო სასტუმრო, ამბროლაურში 75 სასტუმრო ფუნქციონირებს, სულ ახლახანს გაიხსნა შაორის ტბის მიმდებარედ პირველი სასტუმრო. ცაგერის მუნიციპალიტეტში- 27 საოჯახო სასტუმრო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში -30 სასტუმრო, მათ შორის სასტუმრო “სვანეთი“ რომელიც 63 ადამიანზეა გათვლილი.

 


განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით განხორციელდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: შაორის მიმდებარე ტერიტორიის, ნიკორწმინდის, ჭრებალოს, წესის და ონის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: მრავალძლის, შოვის, უწერის და სხვა ტურისტულად მიმზიდველი ადგილების სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის შედგენა,რომლის მიზანია აღნიშნული ტერიტორიების კეთილმოწყობის და მათი განვითარების ხელშეწყობა.

 


მოგეხსენებათ, რომ რაჭაში საკურორტო და ტურისტული ზონები ნაკლებად არის განვითარებული და საშუალება გვაქვს სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, მივიღოთ მაღალი სტანდარტების ელიტარული კურორტები, სადაც დამსვენებელი ბუნების წიაღში მიიღებს მაღალი დონის მომსახურებას.

 


კურორტ შოვის განვითარებასთან დაკავშირებით გვაქვს სიახლეები, კერძო კომპანია „სიმეტრია“ ყაზახურ ბიზნეს ჯგუფთან თანამშრომლობით იზრუნებს აღნიშნული კურორტის წარმოჩენაზე.

 


რაც შეეხება უწერას, გაცემულია ლიცენზია შპს „ბი ჯი ინვესტმენტი“ს სახელზე და ინვესტორმა 5 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს 5 000 000 დოლარის ინვესტიცია, აქ შედის ჩამოსასხმელი ქარხნისა და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა.

 


აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ მიმდინარეობს სოფ. ნიკორწმინდაში ტაძრისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, მოეწყობა სკვერი, სუვენირების მაღაზია, ცენტრში არსებული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია შესრულდება რაჭული ჩუქურთმებით, პროექტი ითვალისწინებს ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას და აღნიშნულ სამუშაოებზე 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

 


ტურისტულ სეზონს მომზადებული შეხვდება ცაგერის მუნიციპალიტეტიც, მიმდინარეობს ხვამლის მთის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი 18 კმ-იანი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დასრულდა ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთილმოწყობა, მათ შორის: მურის ციხეების დამაკავშირებელი ბილიკები, ღვირიშის ჩანჩქერის გადასახედი, ორბელის გადასასვლელზე გადასახედის მოწყობა და სხვა.

 


ლენტეხის მუნიციპალიტეტშიც ელოდებიან ვიზიტორებს, მიმდინარეობს ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკის მოწყობისა და დაბის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელზეც 322 504 ლარი დაიხარჯება.

 


აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმზეც, უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი მუზეუმის მშენებლობა. აქ დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს ქვეყნის ისტორიულ-კულტურული განვითარების სხვადასხვა პერიოდს, ექსპონატთა უმრავლესობა განეკუთვნება ბრინჯაოს ხანას, მათ შორისაა: ბრინჯაოს ცხვრის ქანდაკება, ჭვირული ასტრალური ბალთები, ხარის საბუზარები, ქალის სამკაულები და შრომის სხვადასხვა სახის იარაღები. ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები და მხატვართა ფერწერული ტილოები, სწორედ ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ მუზეუმის განახლება და მშენებლობა.

 

 

3) ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი, საინტერესოა გარდა ზოგადად ტურისტული ადგილების პოპულარიზაციისა, რა ტიპის ტურიზმის განვითარების პოტენციალი გააჩნია რეგიონს?

 


- უკვე ვისაუბრეთ რეგიონში ბუნებრივი ლანდშაფტიდან გამომდინარე ტურიზმის განვითარებაზე, თუმცა ჩვენ გვინდა რომ რეგიონის პოპულარიზაცია მოვახდინოთ სხვა სახის ტურიზმის განვითარებითაც, კერძოდ შევქმნათ ინფრასტრუქტურული ბაზა სპორტული ტურიზმის განვითარებისათვის. ამ პროცესს აქვს მრავალმხრივი დატვირთვა ჩვენი რეგიონისთვის, პირველი ის , რომ ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ ადგილზე დამკვიდრებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, ამბროლაურში დასრულდა საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო ბაზის მშენებლობა,რომელიც მოიცავს ფიფას სტანდარტების სტადიონს,დამხმარე მოედანს, 500 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს. არსებული ბაზა საშუალებას მისცემს რეგიონს უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს.

 

 

 


ასევე, მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს მინის სტადიონების მშენებლობა, რეგიონში გვაქვს 61 მინი სტადიონი და 14 ტრენაჟორი.

 


მინი სტადიონებისა და ტრენაჟორების რეაბილიტაცია და მონტაჟი გაგრძელდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ კომპლექსებს, საცურაო აუზს, დასრულდა საჭიდაო დარბაზის მშენებლობა. ასე რომ ვმუშაობთ აქტიურად იმისთვის,რომ ამბროლაური გახდეს სპორტული ქალაქი.

 


4 )რეზონანსული იყო რაჭაში რთველის მიმდინარეობა. როგორ ემზადება რაჭა-ლეჩხუმი 2019 წლის რთველისთვის. ვიცით,რომ მიმდინარეობს კანონპროქტის განხილვაც სახვანჭკარე მასალის ადგილზე გადამუშავების შესახებ, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ მიმართულებით?

 


-2018 წელს 1497ტ. ალექსანდრეულ-მუჯურეთული ჩაბარდა რაჭაში და 800ტ. ცოლიკაური ცაგერში.

 

 

 

 

ამბროლაურში გვაქვს 6 მოქმედი ღვინის ქარხანა, საოჯახო მარნები, რომელსაც პირადად ვსტუმრობდი, ადგილზე ახდენენ სახელობითი ღვინოების ჩამოსხმას, მიმდინარეობს 2 ახალი ქარხნის მშენებლობა და არსებულის გაფართოვება, ამ მიმართულებით აქტიურად მოხდა კერძო სექტორის დაინტერესება და დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ რაჭა-ლეჩხუმი მომზადებული შეხვდება 2019 წლის რთველს, რაც შეეხება კონონპროექტს, დიახ, მიმდინარეობს მსჯელობა და განხილვა, რომ წელსვე შევიდეს კანონი ძალაში და მხოლოდ ადგილზე მოხდეს სახვანჭკარე მასალის გადამუშავება. ჩემი ინიციატივით, შეიქმნა კომისია, რომელიც მიაწოდებს წინადადებებს და არგუმენტებს ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შესაძლოა კანონის ძალაში შესვლამ გამოიწვიოს გარკვეული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული კანონპროექტის მიღება სამომავლოდ არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 


5) სოფლის მეურნეობის განვითარებაც არის თქვენი რეგიონის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რა ვითარებაა ამ კუთხით და თუ იგეგმება გარკვეული ინვესტიციები ამ მიმართულებით?

 


-სოფლის მეურნების განვითარება მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალურ- ეკონომიკური განვითარებისთვის, ბოლო რამდენიმე წელია კერძო სექტორის დაინტერესება იზრდება. ძირითადად რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რეგიონი ცნობილია მევენახეობით, გარდა ამისა, არის მეცხოველეობის განვითარების დიდი პოტენციალი, ამ მიმართულებით იდება ინვესტიციები, კერძოდ, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სოფ ღარში ღორების ფერმის მშენებლობა, რომელზეც 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, სოფ.სორშიც მიმდინარეობს ღორების ფერმის მშენებლობა, რაშიც მილიონ ნახევარი დაიხარჯება.მეღორეობის ფერმა- არის ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.კრიხში.

 


ასევე,სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობოს თანადაფინანსებებით, რეგიონში მოქმედებს მტკნარი წყლის ჩამოსახმელი, რაჭული ლორისა და რძის გადამამუშავებელი ქარხნები, მესაქონლეობის ფერმა-სოფ.სხვავასა და სოფ.იწაში და სხვადასხვა მცირე წარმოებები.

 


6) როგორც ვიცით, მიმდინარეობს მუშაობა ცხოველთა დაავადების თვალსაზრისით რეგიონის უსაფრთხო ზონად გამოცხადების შესახებ, რას გულისხმობს აღნიშნული ინიციატივა და რა შედეგებს მოუტანს რეგიონს?

 


-დიახ, ჩვენი რეგიონი გამორჩეულია იმითაც, რომ მიმდინარეობს მუშაობა რეგიონის ცხოველთა დაავადების თვალსაზრისით უსაფრთხო ზონად გამოსაცხადებლად. რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთი არის ერთადერთი რეგიონი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ბოლო წლებში საშიში ინფექციური დაავადებები არ დაფიქსირებულა, ამის გათვალისწინებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივით მიმდინარეობს მუშაობა, რათა ჩვენი რეგიონი გამოცხადდეს კეთილსაიმედო ზონად.

 


7) სოფლების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით რას გვეტყვით, რამდენი სოფელი გაზიფიცირდა და რამდენი იგეგმება?

 


- რეგიონში გაზიფიცირებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში - ქ.ამბროლაური და 14 სოფელი ( ჭრებალო, ჭყვიში, 1-ლი ტოლა, მე-2 ტოლის ნაწილი, ხვანჭკარა, ბოსტანა, ღვიარა, სადმელი,ძირაგეული, კვაცხუთი, წესი,გორის ნაწილი, იწა, ხოლო ქვიშარსა და ხვანჭკარაში მოწყობილია ქსელი)

 


ონის მუნიციპალიტეტში- ქ. ონი და 6 სოფელი ( ნიგვზნარა, სორი,ხურუთი, ჭალა, ლაჩთა,ღარი) 2019 წლისთვის მოთხოვნილია გაზიფიცირება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 11 სოფელზე: ჩორჯო, მე-2 ტოლა, ჟოშხა, გენდუში,ქვედა ჭყვიში, ზედა ჭყვიში, გორი, ახალსოფელი, კრიხი და ხიმში და ონის მუნიციპალიტეტის 7 სოფელზე:- წმენდაური, შარდომეთი, ახალი ჩორდი, ზუდალი, სევა, ფარახეთი, კვაშხიეთი.

 


ხოლო, 2020 წლისთვის, იმ სოფლების გაზიფიცირება იგეგმება, რომელთა ტერიტორიაზეც გადის გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი-ნიკორწმინდა, კაჩაეთი, ჭელიაღელე, აგარა, უყეში, ხოტევი, ქვემო თლუღი, ზემო თლუღი და ონის მუნიციპალიტეტის სოფლები-ლაგვანთა, ნაკიეთი და უწერა.

 

 

8) როგორც ვიცით, იგეგმება ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების შენობების მშენებლობაც..

 

 

დიახ, რეგიონში დაგეგმილია 12 ახალი ამბულატორიის მშენებლობა და 46 ამბულატორიის რეაბილიტაცია, მათ შორის:

 


ამბროლაურის მუნიციპალიტეტში - ასაშენებელია ამბულატორიის 5 ახალი შენობა, სარეაბილიტაციოა - 16 ამბულატორია;

 


ლენტეხის მუნიციპალიტეტში - ასაშენებელია 1, სარეაბილიტაციოა - 8 ამბულატორია;

 


ონის მუნიციპალიტეტში - ასაშენებელია 4, სარეაბილიტაციოა - 8 ამბულატორია;

 


ცაგერის მუნიციპალიტეტში - ასაშენებელია 2, სარეაბილიტაციოა - 14 ამბულატორია;

 


(წინასწარი მონაცემებით თითოეული ახალი ამბულატორიის მშენებლობაზე დაიხარჯება 60 000 ლარი, ხოლო თითოეული ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 20 000 ლარი).

 


ონსა და ცაგერში კი სასწრაფო დახმარების ახალი შენობების მშენებლობა იგეგმება.

 

 

9) როგორც ჩანს, საკმაოდ აქტიური პერიოდი გაქვთ რეგიონში, როგორ აპირებთ აღნიშნულის განხორციელებას, რა გეგმები გაქვთ?

 


- მართლაც, აქტიური პერიოდი გვაქვს, გუნდთან ერთად მაქსიმალურად ვეცდებით, ღირსეულად გავართვათ თავი, ჩემი მთავარი გამოწვევა რეგიონის თითოეულ მოსახლემდე მისვლა და მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობაა.

 

 

 

 

დანიშვნის დღიდან, ყველა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი, სკოლის პედაგოგებთან მქონდა აქტიური შეხვედრები, რომელსაც ვაგრძელებთ, ხელოვანებთან, სამედიცინო თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო, „სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში“-თითქმის ყველა სოფელში ადგილზე გავეცანი მოსახლეობის საჭიროებებს, აღნიშნული პროგრამით რეგიონში დაფინანსდა 241 სოფელი, საერთო თანხით-2 506 000ლარი, ძირითადად მოსახლეობამ აირჩია-გარე განათება და თავშეყრის ადგილების მოწყობა.

 

 

ასევე, აქტიურად ვსტუმრობდი და თვალს ვადევნებ კერძო სექტორის განვითარებას რეგიონში, პირადად მოვინახულე როგორ ვითარდება საოჯახო მარნები, საწარმოები.

 


ჩემი ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, პერიოდულად ახორციელებენ მონიტორინგს მუნიციპალიტეტებში არსებულ ბიბლიოთეკებში, საჯარო სკოლებში, კულტურის სახლებსა და საბავშვო ბაღებში, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესებს დეტალურად ვიცნობთ და გვაქვს შესაბამისი რეაგირება. გამოწვევებიც რა თქმა უნდა რჩება, რომელსაც დარწმუნებული ვარ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!

 

კომენტარები: 3
#3   მამუკა მეტრეველი
      
რამდენს იდებენ ჯიბეში ლევადა?
ლამის მთელ ნიგავზებს წყალი არა არვს.
მიწისძვრისგან დაზარალებულებს სახლები ენგრევათ. ადგილოვრივი ფერმები და მეურნეობები განადგურებული. ბრაზილიური საქონლის და ქათმის ხორცი იყიდება ბაზარზე. რაჭაში რომ ვიჩინას და ყველს ვერ იყიდი მაგაზეც რაა იტყვით?
გზებს ჩვენი ფულით აგებთ და ამასაც გვამადლით. შოვი არაბებს და ყაზახებს მიყიდეთ 60 მილიონა როდესა და მარტო1 წყლის ექსპორტით შეიძლება 160 მილიონი ქონდეს რეგიონს.
მოკლედ ჩამოსათვლელი ბევრია.
სირები მართავენ ქვეყანას.

და კიდევ ისიც თქვით გზებს ვინ აგებს და სახელფასო ნუსხა გამოაქვეყნეს. რამდენი ადგილობრივია დასაქმებული? ვის უხდით ფულებს?
22 მარტი 2019 11:42
#2   Nona Tigishvili
      
სხვავას რა ეშველება, არც გზის დაგება იგეგმება და არც გაზის შეყვანა???
22 მარტი 2019 02:27
#1  ნანა ბერაძე
      
ძალიან მოგვწონს თქვენი აქტიურობა და კარგი საქმიანობა.რისთვისაც მადლობას გიხდით და კარგი იქნება გაზსაც თუ გაიყვანთ სოფლებში.
22 მარტი 2019 02:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი